ილია მეორე: “ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის”

0

patriarqiiiამ ომში ქართველები და აფხაზები იყვნენ მსხვერპლი და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისი მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესის თქმით, ვერავითარი ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომლებიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავითარი ადამიანი ვერ გაიგებს სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი.

,,სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით ერთად არიან. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი, ეს უფლის ნებაა. და აი, დღეს ორი თარიღია, ჯვართამაღლება – დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული, და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ დღეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს ვლოცულობთ ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასთვის ვინც დაეცა აფხაზეთის ომში”, – ბრძანა უწმინდესმა.

მან აფხაზეთში მოღვაწეობის 11 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად გაჭირვებული დღეს ისევ აფხაზეთია.

,,ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზეთიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ვლოცულობთ ორივესთვის. მე დარწმუნებული ვარ, დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის”, – ბრძანა უწმინდესმა.

სხვა ახალი ამბები: