ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქართული არმიის დღე მიულოცა

0
551432_590940057596407_1892293193_nსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ქართული არმიის 22 წლის იუბილე პირადად მიულოცა.
მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე  სამხედროების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22-ე წლისთავს. ამ წლების  განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებით საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება – ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია. ქართული არმიისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. თქვენ და თქვენმა თანამებრძოლებმა დაამტკიცეთ, რომ საქართველოს ღირსეული შვილები ხართ, რომლებიც აგრძელებთ ჩვენი წინაპრების გზას. არ არის ტყვია, რომელიც  თქვენ შეგაჩერებთ, რადგან თქვენი ფესვები  საქართველოშია, იმ ქვეყანაში, რომელსაც  ბევრჯერ  კლავდნენ და არ კვდებოდა. მე ამაყი ვარ, რომ მერგო პატივი, გემსახუროთ თქვენ, ვინც ჩვენს სამშობლოს იცავს. მიგულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად”,– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სამხედრო ბაზაზე საზეიმო მოწყობა გაიმართა და სამხედროებს მინისტრის მიმართვა გააცნეს, აგრეთვე, წუთიერი დუმილით პატივი მიეგო ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ და მისმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების 36   წარმატებულ ოფიცერს უწყებრივი ჯილდო გადასცეს.
ქართველი სამხედროების პროფესიულ დღეს, შეიარაღებული ძალების მასშტაბით 152 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

სხვა ახალი ამბები: