ირაკლი ალასანია: “ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია”

0

alasania“პრემიერის წასვლის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნება”

“ორწლიანი გეგმა მაქვს და თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო”

“სირიის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვა არ განიხილება”

“შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ”

“კოალიცია “ქართული ოცნება” შეიქმნა ავტორიტარული რეჟიმის, ერთი ძალის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკაში ნელ-ნელა უნდა დაიწყოს კოალიციების ჩამოყალიბება ღირებულებების მიხედვით”, – განაცხადა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რითაც ფაქტობრივად დააანონსა, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ოქტომბრის შემდეგ. ირაკლი ალასანიას უწყება რამდენიმე დღის წინ გამჭვირვალობის გამო დააჯილდოეს (IDFI-მ) და სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი თავდაცვის მინისტრთან:


– თავდაცვის უწყება წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება იყო, ალბათ, წინა ხელისუფლება გაგაკრიტიკებთ გახსნილობის გამო.

– ჩვენ არ გავცემთ ისეთ ინფორმაციას, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. წინა ხელისუფლებების დროს ინფორმაციის დახურვა კორუფციის რისკს ამაღლებდა, რადგან საიდუმლო გრიფით იყვნენ დაცული. ჩვენ საშუალება მივეცით საზოგადოებას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ყველა ფინანსური მოქმედება გააკონტროლოს, შეამოწმოს. Aჩვენი ინიციატივით პარლამენტში გავიდა კანონი, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ყველა ხარჯი 2 მილიონ ლარზე ზემოთ. ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ 2017 წელს პროფესიულ არმიაზე გადავიდეთ. ცოტა ხნის წინ პირველი საჰაერო შოუ ჩავატარეთ, რამაც გამოავლინა ჩვენი სამხედრო პილოტების ოსტატობა და უმაღლესი კლასი. მომავალ წელს საჰაერო შოუ საერთაშორისო გახდება, რაც საქართველოს მისცემს საშუალებას, უკეთ წარმოჩნდეს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს რეგიონში.

– პრეზიდენტს არ სურს ორი ფრანგული შვეულმფრენის გასხვისება. სააკაშვილმა საყვედური გამოთქვა, სამაშველო და ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსადეგი საჰაერო ხომალდები აღარ გვეყოლება და ბარემ რუსეთის მითითებების შესრულება დაიწყოს ახალმა ხელისუფლებამო.

–  პრეზიდენტის განცხადება არასწორი და არაკორექტულია. ბოლო 5 წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუდვიათ, რომ საჰაერო-სამხედრო ავიაცია განვითარებულიყო, ერთი თეთრიც არ დაუხარჯავთ სამხედრო-საჰაერო ფლოტის შესაკეთებლად და პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა, თავისთვის შვეულმფრენი შეეძინა. არავითარი სამაშველო ფუნქცია იმ შვეულმფრენს არა აქვს. მარტო სალონის ნახვა დაგარწმუნებთ, როგორ უყვარდა წინა ხელისუფლებას ფუფუნებაში ცხოვრება ჯარისა და მოქალაქეების ხარჯზე. მთავრობისა და პრემიერის ერთობლივი გადაწყვეტილებით შვეულმფრენები გასხვისდება და იქიდან აღებული თანხა სამხედრო და სამოქალაქო ავიაციას მოხმარდება, საგანგებო სიტუაციაში კი სამხედრო შვეულმფრენებს გამოვიყენებთ. ჩვენ დავიწყეთ შეკეთება და მალე მწყობრში ჩადგება ის შვეულმფრენები, რომლებიც წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. შემიძლია დავამშვიდო ყველა და მათ შორის პრეზიდენტიც, თუ ის მყინვარწვერზე ჩარჩება, აუცილებლად ჩამოვიყვანთ.

– სააკაშვილმა გააკრიტიკა პრემიერი, იმ თვითმფრინავში კარგად ჩასკუპდა, რომლის გამოც მსაყვედურობდაო.

– პრემიერმა საკუთარი ხარჯით იქირავა თვითმფრინავი კერძო ქართული კომპანიისგან. უნდა დასრულდეს არასწორი ინფორმაციის გავრცელება მთავრობის მიერ ვერტმფრენებითა და თვითმფრინავებით სარგებლობაზე.   უახლოეს წლებში ჩვენი პრიორიტეტი განათლებული და განახლებული არმია იქნება. თუ მეტი არ დავხარჯეთ წვრთნაზე, ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა ვერ ამაღლდება. ვმუშაობთ, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ეროვნული, პატრიოტული თვითშეგნება. საზოგადოებაში არასათანადო დონეზეა წინააღმდეგობის გაწევის ნება. ხალხს არ აქვს გააზრებული, რომ სამშობლოს დაცვა მისი საქმეც არის. საზოგადოებაში ეს პრობლემა რომ არსებობდა, 2008 წელს გამოჩნდა. სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან უნდა დავიწყოთ ამაზე ლაპარაკი.

ნატოსთან ურთიერთობამ ის მოგვცა, რომ 11 ათასზე მეტმა ჯარისკაცმა გაიარა სრულყოფილი წვრთნა უმაღლესი სამხედრო სტანდარტებით. ეს არის ძალა, რომელიც ნებისმიერ მტერს პროფესიულად დაუპირისპირდება. ეს არის ქართული ჯარის გამორჩეულობა რეგიონის ყველა სხვა ჯარისგან. ჩვენ აქცენტი გვაქვს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ამიტომაც გვეყოლება მობილური, სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალები, რაც რიცხოვნობის გაზრდას კი არა, პირიქით, ოპტიმიზაციას გულისხმობს. სამი კვირის წინ ნატომ მიიღო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გადაწყვეტილება: საქართველო 2015 წლიდან გახდება ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი. ეს ჩვენი სამხედრო ძალების უდიდესი აღიარებაა.

– ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ეგიდით რა ამოცანების შესრულებაში მოუწევთ მონაწილეობა ჩვენს ჯარისკაცებს?

– ეს არის მუდმივი მზადყოფნის შეიარაღებული ნაწილები, რომლებსაც კრიზისულ სიტუაციაში საერთო გადაწყვეტილებით სწრაფი რეაგირებისთვის გამოიყენებენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს უდიდეს გამოცდილებას შესძენს ქართულ არმიას. ჩვენი ჯარი პრაქტიკულად ნატოს სტანდარტებით მომზადებული ჯარია, მეტიც, ჩვენი ჯარი უკვე ნატოშია და ახლა პოლიტიკოსები უნდა დავეწიოთ ჯარს და მის სტანდარტებზე ავიდეთ.

ევროკავშირთან შევთანხმდით, რომ ჩვენ ვიქნებით ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილი. მათ შევთავაზეთ ჩვენი ინჟინრები, რომელთაც გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში მიიღეს. არა მარტო ნატომ, ევროკავშირმაც უნდა იხეიროს ჩვენი ძლიერი კომპეტენციით და ეს მეტად წაადგება ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარებას ევროკავშირში. სასიხარულო ამბავი ჩამოიტანა ჩვენმა დელეგაციამ პოლონეთიდან. პრემიერის იქ ვიზიტისას გამჟღავნდა, რომ მომავალი წლის სექტემბრამდე გაფორმდება ევროკავშირთან ჩვენი ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება.

– თუ სირიაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ეს სახიფათო საქართველოსთვის?

– ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი კონვენციაზე და გაეროს რეზოლუციებზე ქიმიური იარაღის გამოუყენებლობისა და გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ იმ ღირებულებების მხარდამჭერი ვართ, რომელთაც იზიარებენ აშშ, ევროკავშირი და საზოგადოდ, ცივილიზებული სამყარო. ჩვენ დავგმეთ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და დავდექით იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. სირიის სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვა არ განიხილება. საერთაშორისო თანამეგობრობას ეს არც უთხოვია.

– თუმცა ვარაუდობენ, რომ თუ სირიის ოპერაციებში ჩაერთვება დასავლეთი, რუსეთი საქართველოს ინტერვენციას მოახდენს.

– იმ შემთხვევაშიც, თუ დაიწყება იძულებითი ოპერაცია ასადის წინააღმდეგ, რათა დათმოს ქიმიური იარაღი, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ესკალაციის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, სირია პრობლემაა რეგიონისთვის. თავდაცვისა და
შს სამინისტროების სადაზვერვო და კონტრტერორისტული სამსახურები ფხიზლად არიან.
რეგიონში კონფლიქტების დროს ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაციები ჩრდილოეთ კავკასიაში არეულობას ქმნიან ხოლმე და აქედან გამომდინარე, მეტ სიფხიზლეს ვიჩენთ.

– მომავალ არჩევნებზეც გკითხავთ, – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თომას მელიამ საარჩევნო გარემოზე ხაზგასმით ილაპარაკა. უახლოეს დღეებში სამეგრელოში ჩავა აშშ-ის ელჩი, რადგან თუ გუბერნატორ გუნავას დავუჯერებთ, წინასაარჩევნოდ იქ პროვოკაციებს ელიან.

– სამეგრელო ისეთი აღარ არის, როგორიც შარშან იყო. მაშინ მთელ სამეგრელოში უამრავი გასამხედროებული სპეციალური დანიშნულების რაზმი ებრძოდა ოპოზიციას. დღეს იქ სხვა გარემოა, როგორც მთელ საქართველოში. ეს ჩემთან შეხვედრისას აღნიშნეს თომას მელიამაც და აშშ-ის ელჩმაც. საარჩევნო გარემოს ამგვარი ოპტიმისტური შეფასება დიდი ხანია არ მომისმენია ასეთი მაღალი დონის ამერიკელი საჯარო მოხელეებისგან.

– მაგრამ აქამდე ჯარი იყო სახელისუფლებო საარჩევნო ყულაბაში ხმების მოგროვების საუკეთესო რესურსი.
– ამ მხრივ მართლაც ცუდი და მწარე გამოცდილებაა ჩვენს სისტემაში დაგროვილი. საჯარისო ფორმირებებს იმ უბნებში გადაისროდნენ ხოლმე, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭირდა და ცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა. ბრიგადისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს სთხოვდნენ, ბიულეტენების 95%-ში ხუთიანი შემოხაზულიყო, თორემ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ. მე ვარ გარანტი, რომ ყველა ჯარისკაცს, თავდაცვის სამინისტროში მომუშავე სამხედრო თუ სამოქალაქო პირს ექნება არჩევანის თავისუფლება. ვფიქრობთ, ჩვენი მოსამსახურეების უმეტესობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მივცეთ ხმის მიცემის უფლება. ცხადია, იმათ გარდა, ვინც ნაწილში არ იქნება.

– ივანიშვილის წასვლასთან ერთად ლაპარაკია მის შემცვლელზეც, რამდენჯერმე თქვენც მოგიხსენიეს მის მემკვიდრედ.

– პრემიერის წასვლის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნება. არ დაგიმალავთ, რომ როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, მისი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ რადგან მან ასე გადაწყვიტა, მაქსიმალურად ვქმნით პირობებს, რომ ეს ცვლილება უმტკივნეულო იყოს ქვეყნისთვის. მთავრობაში რაც მეტს ვფიქრობთ პრემიერის გადაწყვეტილებაზე, ვრწმუნდებით, რომ ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. ბიძინა ივანიშვილმა B ახალი ეტაპი შექმნა პოლიტიკაში მოსვლით და როდესაც წასვლა გადაწყვიტა, კიდევ ახალ ეტაპზე გადაიყვანა ქართული პოლიტიკა.

ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ჩემი სურვილიც და პოზიციაც იცის პრემიერმა. ორწლიანი გეგმა მაქვს და თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. აქედან გამომდინარე, არაფერი მიმაჩნია იმაზე დიდ პატივად, რომ ვემსახურო ჩვენს ჯარს. ეს არის ჩემი გეგმა და არა თანამდებობის შეცვლა.

გაზეთი ”კვირის პალიტრა”

სხვა ახალი ამბები: