ირაკლი ღაიბაშვილი: ” მიყვარს პირდაპირ საუბარი და ხშირად შეიძლება, ვთქვა ის, რაც სათქმელია”

0

10688160_748220431935702_8212224793719948296_oპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “მას შესაძლოა, არ უნდა ეთქვა ის, რაც ირაკლი ალასანიასთან მიმართებაში თქვა, თუმცა გულწრფელი იყო”.

„ზოგადად, მიყვარს პირდაპირ საუბარი და ხშირად შეიძლება, ვთქვა ის, რაც სათქმელია, მაგრამ მე ტყუილს არ ვკადრულობ. არასდროს მითქვამს ტყუილი საჯაროდ. მეორე საკითხია, რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა. მეც არ მომეწონა ის სიტყვები, რაც ვთქვი, თუმცა თუ შეფასებებში ვიდავებთ, შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ, არ იყო. გუშინ მოვისმინე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ თურმე, მე უნდა გადავმდგარიყავი… თურმე, რა ჰქონიათ ჩაფიქრებული! ეს მათი მხრიდან ძალიან არასერიოზული შეფასებებია! კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი, სახელმწიფოს ემსახურონ, ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს თავი, თვითლუსტრირება მოახდინეს! კიდევ ერთხელ დიდი სინანულით მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად, სხვა ადამიანებს ვუყურებდი. მინდა, შედარება გავაკეთო: რაც ალასანიამ ორი წლის განმავლობაში ვერ გააკეთა, ლექსო ჭიკაიძემ ერთ წელიწადში გააკეთა – კვება ვერ მოაწესრიგა 2 წლის განმავლობაში და 860 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ… რაზეა საერთოდ საუბარი?! ჩვენ რეალურად, საქმეს და პოლიტიკას ვაკეთებთ, პოლიტიკა კი არაა პოდიუმზე სიარული, კეკლუცობა  და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვიღაცეებს ვასიამოვნოთ. ჩვენ საქმეს ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის ვაკეთებთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას პარტიულ გააქტიურებას, როგორც პრემიერი აცხადებს, “ყველა ადამიანი თავისუფალია საკუთარ ქმედებებში”.

„ჩვენ მივესალმებით ყველა ოპოზიციას. კარგია, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს –  ისინი იქნებიან ლოიალურები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ყველა ოპოზიციის გაქტიურებას მივესალმებით, უფრო საინტერესო გახდება პოლიტიკური ცხოვრება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრების ვაკანტურ პორტფელებს უახლოეს პერიოდში შემცვლელები ჩაიბარებენ.

სხვა ახალი ამბები: