ირაკლი ღარიბაშვილი: “ვინმეს საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს ზუგდიდი, ამ ქალაქს ეს არ ეკადრება”

0

1658266_627852267305853_952661887_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ პრემიერის გამოსვლის სრულ ტექსტს.

“მოგესალმებით ყველას!

ბატონებო,

მინდა დავიწყო იმით, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აქაურობამ. ძნელია, იდგე აქ, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ტერიტორიაზე და არ აღფრთოვანდე იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც ჩვენი ეროვნული საგანძურის ნამდვილი მარგალიტია. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ლილის, – თქვენ საქართველოსთვის ურთულეს ეპოქაში მოგიწიათ ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლისა და მასში დაცული ფასეულობების მოვლა-პატრონობა. თავგანწირვის ფასად, თქვენ გადაარჩინეთ და შთამომავლობას შეუნარჩუნეთ უნიკალური საგანძური. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ფასდაუდებელი ღვაწლისათვის. თქვენნაირი მამულიშვილების თავდადებაზე იდგა ყოველთვის საქართველო. თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ქვეყანას.

თუმცა, სამეგრელოში არავის გაუკვირდება ასეთი თავდადება.

სამეგრელო განთქმულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით.

საქართველოსთვის თავგანწირვისა და ღირსების მაგალითი იყო ცოტნე დადიანის გმირობა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას ცხოვრება.

სამეგრელოს წიაღიდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით სულდგმულობდა.

საბჭოთა იმპერიასთან ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე მერაბ კოსტავამ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ.

ყოველთვის, როცა ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ან დანაწევრებული საქართველოს აღდგენისა და გამთლიანების იდეა იბადებოდა, სამეგრელო თავის სიტყვას ამბობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ასეა ახლაც.

საქართველოს უახლეს ისტორიაშიც ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი პრობლემები სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ. წლების განმავლობაში მოსახლეობა ზარალდებოდა. და ამის მიუხედავად, სწორედ სამეგრელო, მეგრელები გახდნენ მთელი დანარჩენი საქართველოსთვის სიმტკიცის მაგალითი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის.

სწორედ აქ, სამეგრელოში, უნდა ჩაეყაროს საფუძველი აფხაზეთის დაბრუნებას. პირველ რიგში, უნდა დავეყრდნოთ იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული.

ჩვენ, აფხაზებთან ერთად, ვიპოვით ღირსეულ გამოსავალს ამ მდგომარეობიდან. ჩვენი მთავარი მიზანი ერთმანეთის ნდობის მოპოვება იქნება.

საქართველოში აფხაზეთი თავისი ნებით უნდა დაბრუნდეს და, რაც მთავარია, აფხაზები საიმედო, რეალური და სასურველი მომავლის წყურვილმა უნდა მოიყვანოს ჩვენთან.

მხოლოდ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მიმზიდველმა პერსპექტივამ უნდა აღადგინოს დარღვეული კავშირი.

სამეგრელოს აყვავებამ აფხაზები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველოდან განცალკევება მხოლოდ საკუთარი, უკეთესი და უსაფრთხო მომავლისათვის ზურგის შექცევას ნიშნავს.

ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ საქართველო ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ყველა ღირსეულად იცხოვრებს. როდესაც ჩვენ საქართველოს ნამდვილად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოდ გადავაქცევთ, მაშინ ჩვენს აფხაზ ძმებსაც ჩვენკენ გამოუწევთ გული და უცხო ქვეყანას აღარ შეეკედლებიან. მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი, ფეხზე მყარად მდგარი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა გახდება საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის საწინდარი. ეს მიმაჩნია აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად, რადგან ამ ურთიერთობების აღდგენის გარეშე ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.

მეგობრებო,

კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში. სახელმწიფომ თქვენ ვერ დაგიცვათ და უამრავი შეცდომაც დაუშვა. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ, სამეგრელოში.

ეს იყო წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა არ შეეძლო. თქვენ წარმოუდგენელ განსაცდელს გაუძელით.

სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, როცა 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს განსაცდელიც ღირსეულად გადაიტანეთ.

ამ ომმა ახალი დევნილები, ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში, თავის მიწა-წყალზე!

სამწუხაროდ, სახელმწიფომ 20 წელი ვერაფრით მოახერხა, რომ ამ ადამიანებს, თუნდაც დევნილობაში, ღირსეულად ცხოვრება შეძლებოდათ. ჩვენი მთავრობა სრულიად ახლებურად უდგება დევნილი მოსახლეობის პრობლემებს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება, მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან.

იცით, რომ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისათვის. ამდენი წლის შემდეგ, მათ უკვე ექნებათ საკუთარი ჭერი. ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება.

ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. იცით, რომ აქ, ზუგდიდში, შენდება 8 საცხოვრებელი კორპუსი. კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოვდგომოდით მათ მხარში.

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ ვყოფთ დევნილებს კატეგორიებად, ძველ და ახალ დევნილებად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, როდის, რომელი ხელისუფლების დროს ერგოთ მათ ეს უმძიმესი ხვედრი. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც დევნილად იქცა.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8000 ადამიანი, უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართობითა და პირობებით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განსახლების პროგრამას. დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე 2016 წელს ყველა დევნილს საკუთრებაში ექნება ბინა. ასევე ფართომასშტაბიან მშენებლობას ვიწყებთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში.

მეგობრებო,

თქვენ იცით, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. და დღეს ყველას აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

გახსოვთ ალბათ, წინასაარჩევნოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქ, ზუგდიდში, გამოვიდა ინიციატივით და ზუგდიდელებს დაგპირდათ, რომ აშენდებოდა რეგიონალური მნიშვნელობის სამედიცინო ცენტრი. მაშინ მან აღნიშნა, რომ მეგრელებს განსაკუთრებული ნიჭი გაქვთ მედიცინაში, არა ერთი ცნობილი ექიმი გყავთ, რომლებმაც მსოფლიოში გაითქვეს სახელი. ეს დიდი ტრადიცია უნდა გაგრძელდეს და ხელი უნდა შეეწყოთ ამ კუთხის შვილებს, მიიღონ კარგი სამედიცინო განათლება, ამჯერად უკვე აქ, ზუგდიდში.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აშენდება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების კლინიკა, საავადმყოფო, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება.

კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საუნივერსიტეტო კლინიკა და გარდა სამკურნალო ფუნქციებისა, სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს. აქ შესაძლებელი იქნება დიპლომისშემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება.

კლინიკის ტერიტორიაზე ვგეგმავთ ავაშენოთ სპეციალური კომფორტული საერთო საცხოვრებელი სტუდენტების, რეზიდენტების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მსმენელებისათვის და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, -აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისათვის.

კლინიკის მშენებლობაზე დასაქმდებიან დევნილები, ხოლო საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ, მათი დიდი ნაწილი გაივლის გადამზადებას და დასაქმდება კლინიკის ტექნიკური და დამხმარე პერსონალის პოზიციებზე. საბოლოოდ, კლინიკაში დასაქმდება დაახლოებით 600 ადამიანი, სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით.

ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე. ჩვენ უფასო გავხადეთ სკოლის სახელმძღვანელოები და ეს დიდი შეღავათია ოჯახებისთვის; ჩვენ 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, იმისგან დამოუკიდებლად, აქვს თუ არა საამისო ფული მის ოჯახს. ასეთი ოჯახებისთვის შეღავათი იქნება აგრეთვე სტუდენტური საცხოვრებელი, რომლის მშენებლობასაც თბილისში ვიწყებთ. ნიჭიერ და წარჩინებულ ახალგაზრდებს სახელმწიფო დაუფინანსებს უცხოეთში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. და რაც მთავარია, ამ ახალგაზრდა სპეციალისტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილები. ეს არის დიდი სტიმული ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც ნამდვილად უნდა მიიღოს ხარისხიანი განათლება და მეტიც, იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.

ჩვენ სრულიად განსხვავებული მიდგომა გვაქვს სოფლის მეურნეობასთან მიმართებით. ჩვენ მთავრობას მიაჩნია, რომ ეს არის ის დარგი, რომელიც აუცილებლად მისახედია. იცით, შარშან რა მასშტაბის ღონისძიებები განვახორციელეთ ამ მიმართულებით. უფასოდ დაიხნა ასეულობით ჰექტარი მიწა. ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ჩვენს გლეხებს, ფერმერებს.

მხოლოდ რამდენიმე ციფრს შეგახსენებთ: სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რეგიონში განხორციელდა 1186 პროექტი, 7 მილიონ ლარზე მეტი საერთო ღირებულებით. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, სასოფლო – სამეურნეო ბარათი რეგიონში მიიღო 97 569 ბენეფიციარმა.

გარდა ამისა, ბატონი ბიძინას უშუალო დაფინანსებით შეიქმნა 1-მილიარდიანი ფონდი, რომლითაც უკვე ისარგებლა ჩვენმა ხალხმა. აგროკრედიტები გაიცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, უკვე ამუშავდა საწარმოები. აგროკრედიტების პროგრამით, რეგიონის მასშტაბით გაცემულია 6 მილიონ ლარზე მეტი. სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ამით და შედეგებს მალე დავინახავთ.

ახლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.

თქვენ იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს, ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად ვაქციოთ. ალბათ, ხედავთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ უარს იმ პროექტებზე, რომლებიც წინა ხელისუფლებამ წამოიწყო. ჩვენთვის მთავარია ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი და რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, დეტალური კვლევა უტარდება ანაკლიის პროექტს. კვლევას ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები. დაახლოებით სამ თვეში გვეცოდინება დეტალები.

წინა წლებში, სამწუხაროდ, უამრავი ფინანსური რესურსი წყალში გადაიყარა, რის შედეგადაც ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები. გათვლები არასწორად იყო გაკეთებული, რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამოა, რომ ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება, თუ პირველ რიგში არ შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ჩვენ სწორედ ამით ვიწყებთ.

ჩვენი ხედვა ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს, როდესაც თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს ჯერ ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი არ შეიძლება საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის.

უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი. საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა, თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული იგი.

პროექტის დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოზიდვის მიზნით, საპარტნიორო ფონდი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო კომპანიასა და ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან.

წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი.

ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი – „კონტი ჯგუფი”. ამერიკაში ვიზიტის დროს, მე შევხვდი კონტი ჯგუფის პრეზიდენტს კურტ კონტის. მათ შემუშავებული აქვთ ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას.

სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

საქართველო ახორციელებს ახალ პოლიტიკას გამყოფი/სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ეს პოლიტიკა სრულიად განსხვავებულია ძველი პოლიტიკისაგან. ჩვენი პრიორიტეტია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიზრუნოთ ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობაზე.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ხურჩის გზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. დღეს გავხსენით 4-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ენგურს გაღმა მცხოვრებ მოქალაქეებს საგრძნობად გაუადვილდებათ გადაადგილება. გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდა 3000-ზე მეტ ადამიანს.

ინფრასტრუქტურული პროექტები 2013 წელს სამეგრელოს რეგიონში დაფინანსდა 157 464 071 ლარით. ამაში შედის გზების მშენებლობის დაფინანსება, ხიდების მშენებლობა, წყალსადენის, საკანალიზაციო არხებისა და წყალსაწრეტების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, ჯანდაცვის და კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურებისათვის ტექნიკის შეძენა, სკოლების, ბაღებისა და რესურსცენტრების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სპორტული მოედნებისა და სპორტკომპლექსების მოწყობა-მშენებლობა, განათების სამუშაოები, მიმდინარეობს პატარა ფოთის 1 და მე-2 სატუმბი სადგურების აღდგენა-რეაბილიტაცია.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცოდეს ყველა ეს პროექტი, ყველა დეტალი, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე და რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ არ ვტრაბახობთ გაკეთებული საქმეებით, არ ვეწევით რეკლამას, რადგან ჩვენ ხალხს ვემსახურებით და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. ჩვენ გვჭირდება რეალური შედეგები.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღვადგინოთ ამ ქალაქის მშვენება – ბოტანიკური ბაღი და სრული რესტავრაცია ჩავუტაროთ ამ სასახლეს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის საუკუნენახევრიან ისტორიას ითვლის.

დაწყებულია სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი და ამისათვის შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

ამ ქალაქმა უნდა დაიბრუნოს თავისი სახე, თავისი ღირსშესანიშნაობებით და თავისი განსაკუთრებული ხიბლით. ზუგდიდი სამეგრელოს გულია და დიდი შეცდომა იყო, რომ ამ ქალაქს აქამდე არ ჰქონდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს შეცდომა გამოასწორა და დღეს ზუგდიდს სრულიად დამსახურებულად მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. უკვე ამ ზაფხულს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება თავად აირჩიონ ქალაქის მერი, განსაზღვრონ საკუთარი ბედი და თავად გადაწყვიტონ, ვინ უნდა უპატრონოს ქალაქს. ამ არჩევნების შედეგად ქალაქი შეიძენს სულ სხვა ფუნქციას.

მეგობრებო,

ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ხელს მოვაწერთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ევროპასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირის წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ ასოცირების ხელშკრულების ხელმოწერით ჩვენი ხალხი უკვე იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც ევროპასთან დაახლოება მოგვიტანს, – იხსნება ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები, ჩვენს ბიზნესმენებს საშუალება ექნებათ ქართული პროდუქცია შეიტანონ ევროპაში, რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია ევროპის მაღალ სტანდარტებს დააკამყოფილებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ მხარში გვიდგანან ევროპელი მეგობრები და ამერიკის შეერთებული შტატები. გარწმუნებთ, ხელმოწერას წინ ვერაფერი დაუდგება.

გვიახლოვდება არჩევნები. ახლა დადგა დრო, ხაზი გაივლოს ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მე დღეს არ დავიწყებ იმის გარჩევას, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, უბრალოდ ვიტყვი, – ვინმეს საპარპაშოდ აღარ უნდა იქცეს ზუგდიდი, ამ ქალაქს ეს არ ეკადრება.

სულ ცოტა დროა დარჩენილი 15 ივნისამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი გამოუცხადებს ნდობას ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევადს გახდის; ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მოწინავე, პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება!

დიდი მადლობა.”

სხვა ახალი ამბები: