ირაკლი ღარიბაშვილი: “პირადად ჩავალ ყველა რეგიონში”

0

gaaaaribaaaaaa“ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა,” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებსა და მერებს, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს ამ წუთებშიც აბარებენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ პრემიერ-მინისტრი რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების გაკონტროლებას პირადად იწყებს და ამ მიზნით ეკონომიკურ გუნდთან ერთად რეგიონებში გასვლებს აპირებს. შეხვედრაზე პრემიერმა ხარჯების ოპტიმიზაციაზეც ილაპარაკა და რეგიონის ხელმძღვანელებს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვისკენ მოუწოდა.

“პირადად ჩავალ ყველა რეგიონში ამ პროგრამის მაქსიმალურად დასაჩქარებლად. ჩვენთვის მთავარია განვითარება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ხარჯები. ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმაც უნდა მიიღოს ზომები, რათა ადმინისტრაციული ხარჯები მაქსიმალურად დაიზოგოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარია ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოს, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის თითოეული თეთრი არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ყოფას არ დაეტყოს დღევანდელი პრობლემები,” – განაცხადა პრემიერმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონების განვითარებას აფერხებს, მათ შორის აქცენტი გააკეთა ბიუჯეტის ათვისებასა და ტენდერებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. პრემიერმა მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კარგად გააცნობიერონ პასუხისმგებლობის საკითხი და მაქსიმალურად გაააქტიურონ მიმდინარე პროექტებზე სამუშაოები.

„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ თითოეული პროექტი და სამუშაოების მიმდინარეობა, დავადგინოთ დროულად ხარვეზები და სრულყოფილად აღმოვფხრათ ისინი…მოგიწოდებთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ, პირადად მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია მიმდინარე პროექტებზე და გაუფრთხილდით იმ ნდობას, რომელიც მათ მოგანიჭათ. ამ ნდობას სჭირდება დაფასება და გაფრთხილება,“–აღნიშნა პრემიერმა.