ირაკლი ღარიბაშვილი: “ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნება ჩვენი ხალხი”

0

10457758_666371960120550_6130801550991650923_oჩემი და ჩვენი გუნდის თითოეული ქმედება და განცხადება მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და გაძლიერებისკენ,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს BBC-ის ეთერში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუმარტა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა არის ასჯერ გაზომილი და მიმართულია მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ.

“ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებს ოპოზიცია. ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნება ჩვენი ხალხი. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა და პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლის წინაშე. ერთი რეალობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის”,-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე.

პრემიერის შეფასებით, დღეს საქართველოში არის რეალური დემოკრატია.

“სულ რაღაც 18 თვეში შევძელით ის, რომ დღეს საქართველში რეალური დემოკრატიაა. ის, რა ბრალდებებიც მოდის ოპოზიციისგან, სრული სიცრუეა. დაგვისახლონ ერთი ფაქტი,რომელზეც არ არის საქმე აღძრული. ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. დასახელებული 80 ფაქტიდან 76 საერთოდ არ დადასტურდა. “ნაციონალურ მოძრაობას” წინასწარ წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე პასუხს აგებს. მივმართავ ყველას, საერთაშორისო თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლონ ეს ფაქტები, რომ ერთი კითხვაც არ დარჩეს. ამომრჩეველს მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნებისკენ”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: