იძულებით გადაადგილებულ პირებს ისრაელის სარწყავი სისტემები გადაეცემათ

0

mashav_logo_01დღეს ისრაელის საელჩო საქართველოში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის, MASHAV–ის მეშვეობით, ისრაელის საირიგაციო კომპანია “ნეტაფიმთან” და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივასთან (NEO/USAID) ერთად განახორციელებს პროექტს “იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ბოსტნეულის წარმოების სფეროში თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით”.

ღონისძიება გაიმართება შიდა ქართლის სოფელი ხურვალეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში და მას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იუვალ ფუქსი, ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, “ნეტაფიმის”, USAID–სა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის ფარგლებში ფერმერებს ისრაელში წარმოებული 45 თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადაეცემათ, რაც მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემთ.

საქართველოში არსებული წარმომადგენლობის, “ბარ–ლევ–ნეთ გრუფის” მეშვეობით, ისრაელის საირიგაციო კომპანია “ნეტაფიმი” ჩაატარებს ტრენინგს და დაამონტაჟებს სარწყავ სისტემებს ოჯახებში, რომლებიც ახალი ეკონომიკური ინიციატივის (USAID/NEO) მიერ იქნა შერჩეული. პროექტში მონაწილეობს კომპანია “ეკო ფარმი”, რომელიც მოსავლის აღების შემდეგ პროდუქციის შესყიდვის ვალდებულებას იღებს.

ზემოხსენებული აქტივობა გაგრძელებაა “მაშავსა” და “ნეოს” თანამშრომლობისა, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის აგვისტოში დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში ტრენინგები ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: