“კაზანტიპისკენ” მიმავალი გზები ჩაიკეტა: რა პრეტენზიები აქვთ რიგით დამსვენებლებს?

0

anak4ანაკლია-განმუხურის შესასვლელი დილიდან ჩაკეტილია. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ადგილობრივებმა განუცხადეს.

“განმუხურში პატარა ხიდთან გზა უკვე გადაკეტილია. ამ ე.წ დროებით საზღვარზე გადასვლა მხოლოდ სპეციალური საშვების მქონე ადამიანებს შეუძლიათ. მე გახლავართ აკვაპარკის თანამშრომელი და მაქვს საშვი. ზუგდიდისან განმუხურამდე ვიმგზავრე სხვებთან ერთად მიკროავტობუსით. ხიდთან გაგვაჩერეს და ვისაც გვქონდა საშვი გაგვატარეს, ხოლო დანარჩენები ვინც ზღვაზე საბანაოდ მოდიოდა იმავე მარშუტკით უკან გააბრუნეს”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში განმუხურის აკვაპარკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ერთადერთი შესასვლელი, რომელიც ჯერჯერობით ისევ ღიად რჩება ანაკლიის მთავარი მაგისტრალია, თუმცა ეს მონაკვეთიც კვირის ბოლომდე ჩაიკეტება. ის ადამიანები, რომლებიც “კაზანტიპის” ფესტივალს არ ესწრებიან, თუმცა ანაკლიაში ზღვაზე საბანაოდ მოდიან, აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ.

“მილიონი წელი რომ მთხოვო არ წავალ “კაზანტიპზე”, რადგან არ მაინტერესებს, მაგრამ ზღვაზე ვარ ჩამოსული და ნათესავებთან ვართ დარჩელში. რატომ არ უნდა გვეძლეოდეს ზღვაზე ბანაობის საშუალება ან თუნდაც ის რომ აკვაპარკში გაერთონ ბავშვები? ეს არის ყველა ნორმის დარღვევა ჩვენი აზრით. ზღვაზე რომ ვიბანაო ამისთვის “კაზანტიპის” ვიზას 400 ლარად ნამდვილად ვერ ვიყიდი.”-აცხადებენ smo.ge-სთან საუბარში ის დამსვენებლები, ვინც წელს დასვენება ანაკლიის ზღვაზე გადაწყვიტა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ოფიციალურ წყაროებთან გაარკვია, რომ გზები მხოლოდ იმ ნაწილშია ჩაკეტილი, სადაც აღნიშნული ფესტივალი ტარდება.

“იქ ამჟამად მიმდინარეობს სხვა და სხვა სახის სამუშაოები და მათ ხელი რომ არ შეეშალოთ, ის მონაკვეთი გადაკეტილია. რაც შეეხება სხვა შესასვლელ გზებს ზღვისკენ მიმავალს, აქ მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. იმედია მოსახლეობა ამას გაგებით  მოეკიდება. რაც შეეხება განმუხურის აკვაპარკს, ის ზუსტად იმ ტერიტორიაზეა, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარდეს და აკვაპარკი დროებით არ მუშაობს”-აცხადებს smo.ge-ს ოფიციალური წყარო.

სხვა ახალი ამბები: