კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბაც მიიღებს მონაწილეობას

0
img_intro_news_big31 მაისს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელ მატჩში  ცნობილი აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბაც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც შესაძლოა, კეთილი ნების ერთგვარ ელჩად იქცეს. ამის შესახებ რუსული ‘იზვესტია” იუწყება, რომელიც ამ თემაზე მთავრობის, ფეხბურთის ფედერაციისა და პარლამენტის რიგ წარმომადგენლებს ესაუბრა.
„ახლა სტრატეგიული მოლოდინის პერიოდი გვაქვს. შემდეგ იქნება თვალშისაცემი პოზიტიური დინამიკა. არც აფხაზებს, არც ოსებს და არც რუსებს შეეძლებათ ჩვენზე ცუდის თქმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არგუმენტები აღარ ექნებათ საამისოდ. თუ ჩვენს შორის რაიმე ცუდი უნდა მომხდარიყო, ის უკვე მომხდარია”, – განუცხადა რუსულ გამოცემას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.
„გასაგებია, რომ ჩვენს ურთერთობებს აფხაზებთან ერთ დღეში ვერ გამოვასწორებთ, მაგრამ ადამიანური კონტაქტების განვითარება აუცილებელია. სპორტსაც შეუძლია ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, ამიტომაც ცვეიბას მონაწილეობა ასეთ მატჩში საკმაოდ ნიშანდობლივია. კავკასიაში ქართველებს აფხაზებზე უკეთესი მეგობრები არასოდეს ჰყოლიათ” – აღნიშნა „იზვესტიასთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.
მის მოსაზრებას იზიარებს კონფლიქტების მოგვარების საკითხთა ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავაც.
„ისეთი ადამიანები, როგორიც ამჟამად დაკავებული ივანე მერაბიშვილი და თავად პრეზიდენტი სააკაშვილია, – ეს  არის პროვოკატორები, რომლებიც ხელს უშლიდნენ კონფლიქტების დარეგულირებას. გასული წლის ოქტომბრის არჩევნებშოი „ქართული იოცნების” გამარჯვების შემდეგ ჰუმნანიტარული კავშირებისთვის ბევრად მეტი შესაძლებლობა იშლება, ხოლო თბილისში ცვეიბასნაირი პერსონის ჩამოსვლა, რომელსაც აქ ყოველთვის პატივს სცემდნენ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.იგი ნამდვილი აფხაზია, რომელიც აფასებს ძმობასა და მეგობრობას” – აღნიშნა ხაინდრავამ.
ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძესაც.
„ცვეიბას ჩამოსვლას უდიდესი ჰუმანიტარული მნიშვნელობა ექნება. ეს მხოლოდ სპორტული მოვლენა არ არის. ახრიკი აქ ჩვენიანია, იგი ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთადაც გვითამაშია, იგი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანია. ჩვენი დავა აფხაზებთან დროებითი მოვლენაა, ჩვენ ხომ ერთი სისხლი და ხორცი ვართ!” – განაცხადა ჩივაძემ.
თავად „იზვესტია” აღნიშნავს, რომ აფხაზებთან შერიგების გზაზე ერთ–ერთ პირველ ნაბიჯად შესაძლოა, საფეხბურთო ჩემპიონატების გაერთიანება იქცეს.
„ჩვენ ვთავაზობთ აფხაზურ და ოსურ კლუბებს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას” – განუცხადა რუსულ გამოცემას ალექსანდრე ჩივაძემ.
თავად „იზვესტია” აღნიშნავს, რომ „სოხუმი და ცხინვალი ამ წინადადებაზე ჯერ–ჯერობით უარს აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი შიდა ჩემპიონატები FIFA-ს მიერ აღარებული არ არის, თუმცა თბილისი იმედს არ კარგავს”.

სხვა ახალი ამბები: