კახი კალაძე საპრეზიდენტო ამბიციებს არ ადასტურებს

0

kaxiდააყენებს თუ არა კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნებში კახა კალაძის კანდიდატურას, ენერგეტიკის მინისტრმა “რეზონანსთან” ინტერვიუში ასეთი პასუხი გაგვცა: “ნამდვილად არ შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით რამე გითხრათ, რადგან ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. თანამდებობა, რომელიც დღეს მიკავია, არც ამ პოსტზე გამაჩნდა არანაირი პრეტენზია”.

ვიცე-პრემიერი “რეზონანსთან” ინტერვიუს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრით იწყებს და გაზისა და დენის ტარიფის დაკლებასაც შეეხო.

– რამდენად ხშირად უნდა მოეწყოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრები და ასეთი შეხვედრები კოჰაბიტაციას რამდენად შეუწყობს ხელს?
 პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის შეხვედრა, ერთი ჩვეულებრივი შეხვედრაა. “ნაციონალური მოძრაობა” ისეთ დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელთანაც წარმოუდგენელია რაიმე მოლაპარაკება. რადგან ამ გუნდში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხალხისა და კანონის წინაშე ძალიან დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი და არ შეიძლება ამ ყველაფრის კოჰაბიტაციით გადაფარვა.

რა თქმა უნდა, არიან იქაც ადამიანები, ვისაც დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური ხედვა ჰქონდეთ, მაგრამ მათთან თანამშრომლობაც წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ არ ვიკადრებთ ისეთ რაღაცას, რომ დამნაშავეებთან რაღაც მოლაპარაკებებზე წავიდეთ.

– დანაშაულზე ვსაუბრობთ და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვდა პოლიტიკურ ამინისტიას…
 საკონსტიტუციო ცვლილებებს რაც შეეხება, ამაზე სპეკულირება არ შეიძლება. სააკაშვილმა პარლამენტს წართმეული უფლებები უნდა დაუბრუნოს. მთელი სტრუქტურები ერთ ადამიანზე მორგებული იყო. სახელმწიფო სააკაშვილზე იდგა, მას ემსახურებოდა სასამართლო, პოლიცია, ჯარი – ყველაფერი პოლიტიზებული იყო.

სპეკულირება კონსტიტუციის ცვლილებებზე, ნამდვილად არ არის მისაღები. ადამიანები, რომლებიც ჩინოვნიკები იყვნენ, მათი დანაშაულის დაფარვა არ უნდა მოხდეს.

– უმრავლესობა ხშირად საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს…
 ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. სააკაშვილი ამაყობდა კიდეც, რომ მისი დამსახურებაა სასამართლო რეფორმაც, როგორც ამაყობდა ციხის რეფორმებზე – იძახდა, რომ ისეთი რეფორმები გაატარა, რომ ფრანგებიც კი გავაკვირვეო და ჩამოვიდნენ რათა გადაეღოთ საქართველოს ციხეები. თუმცა ყველამ კარგად დავინახეთ თუ რა ხდებოდა სინამდვილეში ციხეებში და იქ მყოფ ადამიანებს რას უშვებოდნენ.

იგივეა სასამართლოს მხრივაც, 9 წლის განმავლობაში, 90% ადამიანების უდანაშაულო იყო, მაგრამ შეთითხნილი საქმეებით იჭერდნენ და ვერავინ ვერ გიშველიდა.

ხდებოდა ბიზნესის წართმევა, იყო ტერორი, ზეწოლა – იჭერდნენ ყოველგვარი ახსნა განმარტებების გარეშე. ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ, ურთიერთსაპირისპირო რამ ხდება, – ადამიანები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამის ფაქტებიც არსებობს, სასამართლო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებს. ეს ყველაფერი მალე დასრულდება, ამ ყველაფერს დრო სჭირდება და ყველა ის ადამიანი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

– პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ არ დავთანხმდებოდით ცვლილებებს, დაცვას მომიხსნიდნენო. მალევე მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებაში დაცვის გარეშე გამოჩნდა. როგორ შეაფასებდით მის ასეთ საქციელს?
 დიდი ხანია საუბარი მიდის იმაზე, რომ დაცვის სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადმოსულიყო. სააკაშვილს 3500 კაცი ემსახურებოდა – ეს წარმოუდგენელი რიცხვია.

თქვენ წარმოიდგინეთ, თურქეთში პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ სამ ადამიანს იცავს მხოლოდ 350 კაცი. ჩვენთან ერთ ადამიანს იცავდა 3500 კაცი, რაც ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ბიუჯეტიდან უაზროდ იფლანგებოდა ფული. სააკაშვილის ოჯახის ყველა წევრს ჰყავდა დაცვა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 350 კაცი გამოეყოს და სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დაცვის სამსახური იყოს ნორმალური. მაგრამ ისინი ითხოვდნენ 1500 კაცს.


სპეკულირება იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვევაჭრებოდით ეს არის სიცრუე, პირიქით ვაჭრობდნენ ისინი – ამნისტიაზე, რათა არ მიეცნენ პასუხისმგებლობაში.

– ოპოზიცია ამნისტიის შემდეგ აცხადებს, რომ კრიმინალმა იმატა და ყველასთვის არ უნდა მიენიჭებინათ პოლიტპატიმრის სტატუსი…
 ადამიანები, ვინც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდნენ, ყველა პოლიტპატიმრები იყვნენ. ყველამ კარგად ვნახეთ ისინი ციხეში რა პირობებში იყვნენ. რაც შეეხება კრიმინალის მომატებას, ესეც მორიგი სიცრუეა.

– პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თქვენი წინამორბედის საქმეებს, კერძოდ ჰესების მშენებლობას აჩერებთ და რომ თქვენი საქმე ფეხბურთია და არა ენერგეტიკის მინისტრობა. ასევე ოპოზიცია წულუკიანის არაპროფესიონალიზმზეც საუბრობს. რატომ გახდა მინისტრების დიპლომები ასეთი აქტუალური?
 სააკაშვილი აგრძელებს ტყუილების თქმას, მაგრამ ამჯერად არ გამოსდის. ჰესების მშენებლობას რაც შეეხება, ნამდვილად არაფერი არ შეგვიჩერებია. გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით – ადამიანებს აჯარიმებდნენ, რათა ესა თუ ის პროექტი მათ ხელში ყოფილიყო და შემდეგ მათთვის სასურველი პიროვნებისთვის გადაეცათ. ამის გამო ძალიან ბევრი ინვესტორი გაქცეული იყო და პირიქით დავაბრუნეთ. ზოგადად ჰესების მშენებლობას რაც შეეხება, მივესალმებით და მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას გავაგრძელებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი გახდეს.

თეას თემას რაც შეეხება, ესეც არის იმ ბინძური პიარის ნაწილი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ახორციელებს. ფაქტობრივად მათი პიარი აგებულია ტყუილზე. ტყუილზე გამოვიჭირეთ მერაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს “რაბათის” ციხეში მაღაზიები დაიხურა დიდი გადასახადების გამო – ეს არის სიცრუე, ყველამ ნახა რა იყო მაღაზიების რეალური დახურვის მიზეზი.

– გაზის ტარიფი შემცირდა 5 თეთრით, თუ არის მოსალოდნელი, რომ კვლავ დაიკლოს და ელექტროენერგიას რაც შეეხება, სამთვიანი კონტრაქტი მარტში იწურება. საინტერესოა დაიკლებს თუ შენარჩუნდება დენის ეს ტარიფი?
 დენის ტარიფს რაც შეეხება, ხელშეკრულება მარტის ბოლომდეა და ჩვენ გავაგრძელებთ გრძელვადიან კონტრაქტს – ამაზე ვმუშაობთ. შემცირებას რაც შეეხება, ყველანაირად ვცდილობთ, რომ რამე საშუალებები გამოინახოს, რათა ცოტა დავაკლოთ. თუ შევძლებთ, ხომ კარგი, თუ არა და ეს შემცირებული ტარიფი დარჩება. გაზზეც მიდის მუშაუბა – ამ ეტაპზე 5 თეთრით მოხდა შემცირება ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხარჯზე.

– თვითმმართველობის არჩევნები მოახლოვდა. თქვენ სამტრედიაში იყავით მაჟორიტატი დეპუტატი, სადაც ახლაც უნდა აირჩიონ. თუ არის ცნობილი ვინ იყრის კენჭს და თუ ჩაერთვებით საარჩევნო კამპანიაში?
 კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ნამდვილად არ ვიცი. ძალიან მალე ცნობილი გახდება და წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატურას.

– საპრეზიდენტო არჩევნებს რაც შეეხება, ეყოლება თუ არა კოალიციას ერთიანი კანდიდატურა და იქნება თუ არა ეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია?
 ალბათ ეყოლება, ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიციაში ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ამის დროც მალე მოვა და ყველა შეიტყობს თუ ვინ იქნება. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნება.

– ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კოალიციამ თქვენი კანდიდატურა წარადგინოს საპრეზიდენტო არჩევნებში?
 ნამდვილად არ შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით რამე გითხრათ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარიც კი არ ყოფილა.

თანამდებობა, რომელიც დღეს მიკავია, არც ამ პოსტზე გამაჩნდა არანაირი პრეტენზია. უბრალოდ ჩვენი გუნდის ამბიციაა, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს არ იჭერდნენ, ბიზნესებს არ თმევდნენ.

– დღეს მინისტრი ბრძანდებით და ბიზნესაქტივები გაქვთ კიდევ?
 მაქვს ბანკი, სადაც სამეთვალყურეო საბჭოში ვიყავი, თუმცა აღარ ვარ და ალბათ ძალიან მალე ბანკსაც გავასხვისებ.

– ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ “ქართუ ბანკს” შეუერთდეს?
 არა მგონია, რადგან “ქართუ” ძალიან დიდი ბანკია. ალბათ გავყიდი.

– და ბოლოს როდის გამართავთ გამოსამშვიდობებელ მატჩს?
 გაზაფხულზე მინდა გავაკეთო, როდესაც დათბება და კარგი ამინდები იქნება. თან დაპირებული ვარ გულშემატკივარს ამ თამაშთან დაკავშირებით და აუცილებლად ჩავატარებთ. ფედერაციასთან გარკვეული თანამშრომლობა შეიძლება იყოს, თუმცა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ყველაფერი გაკეთდება ჩემი ხარჯებით.

მარი მგალობლიშვილი
გაზეთი ”რეზონანსი”

სხვა ახალი ამბები: