კეზერაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს

0

davit-kezerashviliსაქართველოში საფრანგეთის ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე ვარაუდობს, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს.

როგორც ,,მედიანიუსთან” საუბარში საქართველოს ელჩმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს საელჩო კეზერაშვილის დაკავების დეტალების და ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობს.

,,მისი ადგილსამყოფელის შესახებ ორი ვარიანტი არსებობს: ეს არის ან პარიზი, ან სამხრეთ საფრანგეთი, თუმცა სამხრეთ საფრანგეთი ძალიან დიდია. ჩვენ ვცდილობთ, დავადგინოთ მისი ადგილმდებარეობა, რათა მივიდეთ და გავეცნოთ, რა პირობებშია და როგორ არის დაკავებული, ასევე მივიღოთ ინფორმაცია, რა პროცედურები მიმდინარეობს,”- განაცხადა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

ელჩის თქმით, საელჩო ამ ეტაპზე არ ფლობს იმისგან განსხვავებულ ინფორმაციას, რაც საქართველოში ვრცელდება.

ეკატერინე სირაძე-დელონე აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩო საფრანგეთში აღნიშნულ საკითხში აქტიურად არის ჩართული.

დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

კეზერაშვილი საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლითაა ბრალდებული. მას პროკურატურა ედავება ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საქმეებზე, რომელშიც ყოფილი თავდაცვის მინისტრი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

სხვა ახალი ამბები: