კოდორის ხეობა სამხედრო ქალაქად იქცა, სადაც გადაადგილება მხოლოდ საშვებით შეიძლება

0

KODORIსოფელ აჟარის ყოფილი გამგებელის ნორა კვიციანის ინფორმაციით, ოკუპირებულ ზემო აფხაზეთში, რუსებმა სამხედრო ქალაქი ააშენეს, რომელიც სრულყოფილი ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს. გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას კვიციანი ამბობს, რომ კოდორში კორპუსებია აშენებული და რუსი სამხედროები იქ ოჯახებით ცხოვრობენ. კვიციანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი თვის განმავლობაში, ზაფხულში იმყოფებოდა.

„მე თვითონ ვნახე, ქალაქივით არის. ეს არის სამხედრო დასახლება და მარტო სამხედროები ცხოვრობენ. რამდენიმე ხუთსართულიანი კორპუსია აშენებული, რომლებიც ერთად დგას. მართლმადიდებლური ეკლესიაც აქვთ აშენებული. მე არც მეგონა, რომ ამ დროში ამხელა რაღაცის აშენება შეიძლებოდა. ეს დასახლება ქალაქივითაა. ომის შემდეგ გააკეთეს გზები. იქ ისეთი გზებია, რომ მისი დაკარგვა დანაშულია. აფხაზეთს და კოდორს შორის კარგი გზაა. ზოგან ასფალტიც არის. ორი გვირაბია და მათ შორის არის საგუშაგო და საშვის გარეშე არავის არ უშვებენ. ახლა რომ ვიყავი, ამ გზებს აკეთებდნენ. როგორც მითხრეს ადგილობრივებმა, ამ გზების გაფართოებას აპირებენ. ერთი წუთით არ ტოვებენ ამ ტერიტორიას უყურადღებოდ. ზამთარშიც დგანან და ზაფხულშიც. გზები არ იკეტება. სულ ბულდოზერები მუშაობენ, რომ ზვავებმა არ ჩაკეტოს“ – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ნორა კვიციანი.

მისივე ინფორმაციით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზემო აფხაზეთში დაახლოებით  100 ქართული ოჯახი ისევ რჩება. კვიციანის თქმით რუსი სამხედროები ადგილობრივების მიმართ ძალიან ჰუმანურად იქცევიან და მათ გადაადგილების პრობლემებს არ უქმნიან.

„საშვის გარეშე ვერ შეხვალ და ამის გამო მიმოსვლა ჭირს, მაგრამ საერთოდ ვერ შეხვიდე, იქ თუ ვინმე გყავს, არ არსებობს. ახლა ორი თვე ვიყავი და არ მიგრძვნია, რომ იქ რაიმეს ნაკლებობაა. იმ მხარეს უნდა დაუკავშირდე, რომ დაუშვან საშვი. ოლიმპიადასთან დაკავშირებით შესვლა გაჭირდა. განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. რომ ამბობენ, პასპორტებს არიგებენ, არ არის მართალი და არაფერსაც არ არიგებენ. პასპორტები რომ არ აქვთ, ამიტომ ვერ გამოდიან იქიდან. ახლობლები ენატრებათ, მაგრამ ვერ გამოდიან,“ – აცხადებს კვიციანი.

სხვა ახალი ამბები: