კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა მუშავდება

0

cms-image-000006508დაახლოებით სამი წელია საქართველოში სხვადასხვა ადგილზე კოლხური ბზა დაავადდა. ბზის კორომებმა ხმობა დაიწყო. დაავადება თანდათან მეტ ფართობს ედება. ლაბორატორიული კვლევებით გამომწვევი მიზეზი, ევროპაში გავრცელებული ბზის სოკოა, ე. წ. Cylindrocladium Buxicola, რომლის შეჩერებაც საკმაოდ რთული ამოცანაა. კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და მის დაცვაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვის სამინისტროა.

სამეგრელოში მედიატური სწორედ აღნიშნულ თემატიკაზე მოეწყო. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მოინახულეს ის ადგილები სადაც კოლზური ბზა უკვე გადაშენების პირასაა.

სოკოვანი დაავადება, რომელიც ბზის კორომებს ახმობს, საქართველოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უკვე დღეისთვის თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დაავადება სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული, თუმცა რა ღონისძიებები შეიძლება მას დავუპირისპიროთ, ჯერჯერობით გარკვეული არ არის. სპეციალიეტების განცხადებით ჩხოროწყუს რაიონში ბზა 450 ჰექტარზეა გავრცელებული, მარტვილის რაიონში კი – 1500 ჰექტარზე, თუმცა დიდი ნაწილის შენარჩუნება უკვე ვეღარ მოხერხდება.

„ფაქტობრივად, განადგურებულია! მხოლოდ ერთეულ ადგილებშია შემორჩენილი – იქ, სადაც სოკო ფოთლებზე ვერ გაჩერდა, ანუ იქ, სადაც მუდმივად ნიავი ქრის. დანარჩენ ადგილებში როგორც ახალი ნარგავები, ასევე 500-600 წლოვანი ხეებიც განადგურებულია. წინნასწარი მონაცემებით, სადღაც 3-5 პროცენტი თუ იქნება გადარჩენილი… ქიმიური მეთოდით ბრძოლის საშუალებაც არსებობს, მაგრამ ქიმიური მეთოდით მათი დამუშავება შეუძლებელია, რადგან კლდე-ქარაფებზეა ეს ხეები. ბიოლოგიური მეთოდი ჯერჯერობით არ არის შემუშავებული. ყველაზე კარგი იქნება, თუ ბიოლოგიური მეთოდი შემუშავდება“-აცხადებენ სპეციალისტები.

ჯერ კიდევ ჩვ.აღ.-მდე და შემდგომ პერიოდშიც კოლხურ ბზას ძალიან დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავდა. ბზის მასალა აქტიურად გადიოდა საქართველოს საზღვრებს მიღმა. არსებობს ცნობები, რომ დასავლეთში ჭრიდნენ ბზის ხეებს და საბერძნეთში გაჰქონდათ. საგულისხმოა, რომ ეს მცენარე წყალგამძლეა და ქართულ ბზას ბერძნები გემთმშენებლობისთვისაც იყენებდნენ. ამავდროულად, ძველი დროის სამხედრო აღჭურვილობაში შედიოდა ბზისგან დამზადებული იარაღები: მშვილდი, ისრები, შუბები…

ცნობილია, რომ ბზის ხეები გამოიყენებოდა სახლების მშენებლობაში. არაერთი ძვირფასი ხატი ბზისგანაა დამზადებული და თვისებებიც კარგად აქვს შენარჩუნებული.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბზობის დღესასწაულის პერიოდში საქართველოში დიდი რაოდენობის ბზა ნადგურდება. როგორც ჩანს, ბზის ხეებს მასობრივად ჭრიან ძირში და ტოტების სახით რეალიზაციას ახდენენ. დღეს ბზის კორომების დიდი ნაწილი ბუნებრივი დაავადებებისგან ნადგურდება. იქ კი, სადაც ბზა ჯერ კიდევ მწვანედაა შემორჩენილი, ადამიანები უკანონოდ ჭრიან.

კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა ზუგდიდში. „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა მომზადდა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციის მიზნით დაგეგმილია მონიტორინგის გაძლიერება ბზის ტოტების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის აღსაკვეთად.შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს კოლხური ბზის მდგომარეობა გააცნეს, ასევე წარმოდგენილი იყო კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი საქმიანობები.

კოლხური ბზა მასობრივად ხმება ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე, რაც უდიდესი დანაკლისია როგორც ეკოლოგიური, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.სამეცნიერო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შექმნილი სიტუაცია შეფასდა, როგორც ეკოლოგიური კატასტროფა.

 

სხვა ახალი ამბები: