ლადო ბურდული: თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ

0

1004711_1391598597772276_1767545799_nთურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა “სიონმა” ორი დღე დაისვენა და აი, 16 თებერვალს სეზონის განახლებისათვის დაიწყო მზადება.
მოგეხსენებათ, “სიონს” ამ კვირაში პირველი სათასო მეოთხედფინალური მატჩი ელოდება “ჩიხურასთან”, შემდეგ კი არანაკლებ რთული შეხვედრები ჩემპიონატშიც – პირველი ეტაპის დარჩენილ ოთხ ტურში ბოლნისელებს “დინამოსთან”, “მეტალურგთან”, “ტორპედოსთან” და “ზესტაფონთან” მოუწევთ პაექრობა.
“სიონის” მთავარ მწვრთნელ ლადო ბურდულთან ინტერვიუ წინა კვირაშიც შემოგთავაზეთ, როცა თურქულ შეკრებაზე მყოფმა დებიუტანტმა (და, ამასთან, ჯერჯერობით წარმატებულმა) სპეციალისტმა თავისი გუნდის პირველი სამი საკონტროლო მატჩი შეაფასა.
სამშობლოში დაბრუნებულ ლადო ბურდულს ამჯერადაც შევეხმიანეთ და “სიონის” ბოლო სპარინგ-მატჩის გარდა, გუნდის სხვა სიახლეებზეც ვთხოვეთ შთაბეჭდილების გაზიარება.

– მოდიჯერ “დიორი ეტოსთან” მატჩით დავიწყოთრომელიც “სიონის” გამარჯვებითდამთავრდა
– მტკ-სგან განსხვავებით, “დიორი ეტო” წარმატებით ასპარეზობს ამ სეზონში და უნგრეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ მესამე ადგილზე შემთხვევით არ იმყოფება. ისიც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ წინააღმდეგ “დიორი ეტო”, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდა: ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი, პლუს 3 ახალგაზრდა ჰყავდა. ძალიან სოლიდური გუნდია, საკმაოდ ნორმალური ლეგიონერებიც თამაშობენ და, აქედან გამომდინარე, ასეთ სოლიდურ მეტოქესთან გამარჯვებით კმაყოფილი დავრჩი.

– სასურველი შედეგის გარდა, “სიონის” თამაშის ხარისხით რამდენად კმაყოფილი დარჩით?
– ამ შემთხვევაში შედეგი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა კმაყოფილი იმითაც დავრჩი, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა ყველა დავალება ზედმიწევნით შეასრულეს და ასეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩს სასურველ კონდიციებში შეხვდნენ. თანაც, ახალი ტაქტიკური სქემა, 4-4-2 მოვსინჯეთ. ფეხბურთელებმა ადვილად აუღეს ალღო სიახლეს. მომენტები ჩვენც გვქონდა და იმათაც, თუმცა გოლი მხოლოდ ერთი გავიდა და ისიც ერთობ ლამაზი გამოდგა: მატჩის დასაწყისში ჯაბა უგულავამ ეფექტური გოლი შეაგდო.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მეტოქე უხეშობაზე გადავიდა, მსაჯმაც უნგრელთა გუნდის ერთი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა.

– შეკრების ბოლო მატჩზე რას გვეტყოდით?
– უკრაინულ “სევასტოპოლთანაც” 4-4-2 ტაქტიკით ვითამაშეთ, თუმცა ამ შემთხვევაში სერიოზული საკადრო პრობლემები გვქონდა: უნგრულ გუნდებთან შეხვედრებში ჩვენმა ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ბოლო საკონტროლო მატჩში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ოთხი მოთამაშე გვყავდა.

სამწუხაროდ, უკრაინელებმა ორივე გოლი ჩვენი შეცდომების შედეგად გაიტანეს, სამაგიეროდ, ჩვენი ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა: პირველი ბურთი ვარჯიშებზე დამუშავებული სტანდარტულის შედეგი იყო. აი, მეორე გოლი კი ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრას დაამშვენებდა: “სევასტოპოლის” მეკარემ ბურთი მოიგერია და გიორგი განუგრავამ, ფაქტობრივად, მოედნის ცენტრიდან ერთი შეხებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა უკრაინელთა კარში!

– ანუმთლიანობაშიამ თურქული შეკრებით კმაყოფილი ხართ?
– მთლიანობაში, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მით უფრო, რომ ბოლო ორ საკონტროლო მატჩში გუნდმა თამაშის ხარისხიც გამოასწორა და, რაც მთავარია, ფეხბურთელებმაც ადვილად აუღეს ალღო ახალ ტაქტიკურ სქემას. ერთადერთი, რაც უარყოფითი ჰქონდა ამ შეკრებას, ფეხბურთელების ტრავმებია – ლადო ახალაიამ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ილია კანდელაკმა ბოლო საკონტროლო მატჩები სწორედ ამის გამო ვერ ითამაშეს; ისე, როგორც “სევასტოპოლთან” ვერ შეძლო მოედანზე გამოსვლა ჯაბა უგულავამ, რომელსაც “დიორი ეტოს” ფეხბურთელები ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ.

– წინა ინტერვიუს დროს ბრძანეთდიდი შანსია, “სიონში” ლიტვის ნაკრების მეკარეგრიბაუსკასი ჩაირიცხოსო
– სამწუხაროდ, ჩვენს მთავარ დამფინანსებელ “მადნეულს” დღესდღეობით თავისი პრობლემები აქვს და ამ კომპანიის წარმომადგენლებთან ახალი მეკარის დამატებაზე არ მისაუბრია. თვითონ გრიბაუსკასი თანახმაა, საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა და ეს თემა კვლავაც აქტუალურია ჩვენთვის.

– სეზონის განახლებამდე სხვა სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ?
– ერთ მეკარეს აუცილებლად დავიმატებთ: გრიბაუსკასის ვარიანტი თუ არ გამოვიდა, ვინმე ქართველ ახალგაზრდას შევარჩევთ; ამას გარდა, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ახალწვეული გვეყოლება, ოღონდ გარკვეულ მიზეზთა გამო მისი ვინაობის გამხელისგან თავს შევიკავებ.

– “სიონი” სეზონს ურთულესი სათასო მატჩით განაახლებსრის შემდეგაც არანაკლებრთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები გელოდებათ ჩემპიონატშიც
– კარგად მახსოვს, როგორ “ჩამოგვწერეს” სეზონის მსვლელობისას, “სიონში” ძალიან ბევრი ასაკოვანი ფეხბურთელია და გადატვირთულ გრაფიკს ვერ გაუძლებენო! არადა, სწორედ გამოცდილება მიმაჩნია ჩემი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პლუსად: “ჩიხურას”, “დინამოსა” თუ სხვა ძლიერი გუნდის წინაღმდეგ “სიონის” ერთიმეორეზე გამოცდილ ფეხბურთელებს რა შიში ან რა ფსიქოლოგიური წნეხი უნდა ჰქონდეთ? თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ამ გამოცდილი ფეხბურთელებით გრძელდება კიდეც “სიონის” ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია.

– ჩვენი აზრითდღესდღეობით უმაღლეს ლიგაში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობასწორედ “სიონს” ჰყავს
– ეს, მართლაც, ფუფუნებაა ნებისმიერი მწვრთნელისათვის, როცა, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე ორი (ზოგან – სამიც) სრულფასოვანი ფეხბურთელი ჰყავს. აი, თუნდაც გამთამაშებლის ამპლუა ავიღოთ – ამ პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ თამაში აფციაურსაც, სამხარაძესაც, მიკუჩაძესაც; იგივე სიტუაციაა ფლანგის ნახევამცველებისა თუ თავდამსხმელების შემთხვევაში; აღარაფერს ვამბობ დაცვის ხაზზე, სადაც ერთმანეთზე გამოცდილი ფეხბურთელები ასპარეზობენ. თანაც, იმის გარდა, რომ როგორც მთავარ მწვრთნელს, უმტკივნეულო როტაციის საშუალება ხშირად მეძლევა, თვითონ ფეხბურთელებიც ვეღარ იგრძნობენ თავს შეუცვლელ პერსონებად.

წყარო: გაზეთი „ლელო“

სხვა ახალი ამბები: