ლალი ანთია: “გელა ხვედელიძე განაგებდა სამეგრელოში კადრების დანიშნვას”

0

laliარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია შს მინისტრის პირველი მოადგილის გელა ხვედელიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხვედელიძეზე მას ბევრი ინფორმაცია ჰქონდა, რის გამოც შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა. ლალი ანთიას განცხადებით სწორედ გელა ხვედელიძე განაგებდა სამეგრელოს რეგიონში კადრებს როგორც ძალოვან სტრუქტურებში ასევე თვითმმართველ ორგანოებშიც.

“მე ხვედელიძესთან დაკავშირებით მქონდა სერიოზული ინფორმაციები, რომ ის განაგებდა კადრებს სამეგრელოს რეგიონში და მისი მითითებისა და ბრძანების გარეშე არ ინიშნებოდა არცერთი კადრი, როგორც ძალოვან სტრუქტურებში, ასევე თვითმმართველ ორგანოებში. ამიტომაც ვითხოვდი და ვითხოვ დღესაც შს მინისტრთან და პრემიერთან შეხვედრას. სამეგრელოს გელა ხვედელიძის მიერ დანიშნული კადრები მართავენ და კიდევ განვმეორდება, რომ ეს ეხება, როგორც ძალოვან სტრუქტურებს, ასევე თვითმმართველ ორგანოებს. ხვედელიძე ნიშნავდა ძველ კადრებს, რომლებიც მიშა სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში და ჩადენილი აქვთ არაერთი დანაშაული. ხვედელიძე ნიშნავდა ყველა ისეთ კადრებს, რომლებიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არიან ზონდერები.”-აცხადებს ლალი ანთია.

ლალი ანთიას განცხადებით გელა ხვედელიძის მიერ დანიშნული კადრები სამეგრელოში ირწმუნებოდნენ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობა საქართველოში მალე დაბრუნდებოდნენ. ანთია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში ხვედელიძის მიერ დანიშნულ კადრებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათ კონკრეტულ ვინაობას მხოლოდ შს მინისტრსა და პრემიერს პირადი შეხვედრისას გაუმხელს.

“მე ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი გელა ხვედელიძის მიერ შემოთავაზებულ კადრებს სამეგრელოში სხვადასხვა თანამდებობებზე, თუმცა მარწმუნებდნენ, რომ ამას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან გელა ხვედელიძის მიერ ლობირებულ პირებს წინაღობა არ უნდა ჰქონოდა. მარწმუნებდნენ, რომ ხვედელიძე იყო შს მინისტრთან და პრემიერთან დაახლოებული სანდო პიროვნება და რასაც ის აკეთებდა საჭიროც იყო. ბევრი დაინიშნა სამეგრელოში ხვედელიძის პატრონაჟით და მათ კონკრეტულ ვინაობას მხოლოდ პრემიერთან და შს მინისტრთან დავასახელებ,”-აცხადებს ლალი ანთია.

ლალი ანთია აცხადებს, რომ სანამ თვითონ დაასახელებდეს ხვედელიძის მიერ დანიშნულ ბობოლებს თავად დაწერონ განცხადება და გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც ხვედელიძის მმართველობა სამეგრელოში დასრულდა.

“დროა სამეგრელომ ამოისუნთქოს კლანური მმართველობისგან და თანამდებობის პირები დანიშნოს არა რომელიმე მინისტრის მოადგილემ, არამედ იმან ვისაც ეს ევალება. ირაკლი ღარიბაშვილი საუკეთესო მინისტრია და მის მიერ გადადგმულმა სამართლიანმა ნაბიჯმა ყველას იმედი ჩაუსახა გულში. სამეგრელოს ჯერა პრემიერის და შს მინისტრის და ჩვენც ვალდებული ვართ მათ წინაშე, რომ არაფერი დავუმალოთ. ხვედელიძის კადრებს კი მივმართავ სამეგრელოში! დაწერეთ განცხადებები და დატოვეთ თანამდებობები, თქვენი ლობისტი არ არსებობს!”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: