ლალი ანთია ტელეკომპანია “ოდიშს” ტენდენციურობაში ადანაშაულებს

0

laliiარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია ზუგდიდის დამოუკიდებელ ტელეკომპანია ოდიშს ტენდენციურობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ანთიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ლალი ანთიას მტკიცებით აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ერთ-ერთი მოვლენის გაშუქებისას მაყურებელს თავზე მოახვია საკუთარი აზრი, რის გამოც ის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

“ტელეკომპანია “ოდიშმა” 2 აპრილს საინფორმაციო გამოშვებაში ტენდენციურად და მიკერძოებულად გააშუქა სოფელ ანაკლიაში მიმდინარე მოვლენები. ჟურნალიისტ მაკა სამუშიას მიერ მომზადებულ რეპორტაჟში გამოიკვეთა თითქოს ანაკლიის მოსახლეობამ ამავე სოფელში ჩემი გამოჩენა გააპროტესტა, თუმცა ამის შესახებ მას არცერთი ინტერვიუ არ ჰქონდა ჩაწერილი. მე მოსახლეობა იქ ვერ დავინახე, იქ იყო მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც სააკაშვილს შემორჩა ანაკლიაში და მეორეც, ჩემი ანაკლიაში ჩასვლისთანავე ყველა იქ მყოფი ადამიანი და მათი სასურველი სტუმრებიც იმ ადგილიდან გაიქცნენ. მე დღესვე ველაპარაკე ამ ჟურნალისტს ტელეფონით და ვუთხარი ჩემი სათქმელი. რაც შეეხება ჩემს შემდგომ რეაგირებას, მე ამასთან დაკავშირებით მივმართავ სასამართლოს და ვუჩივლებ კონკრეტულ ჟურნალისტს”-აცხადებს ლალი ანთია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს მაკა სამუშიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ცალმხრივად და ტენდენციურად ანაკლიაში მიმდინარე მოვლენები არ გაუშუქებია.

“ეს მე მიმაჩნია აბსურდულ ბრალდებად, რადგანაც მე გადავიღე და გავაშუქე ის რაც იქ რეალურად ხდებოდა. სწორედ ლალი ანთიას გამოჩენისთანავე ისმოდა შეძახილები და სკანირებდნენ “წადი”. ეს ყველა ვიდეოკამერამ დააფიქსირა”-აცხადებს მაკა სამუშია.

თავის მხრივ ლალი ანთია დასძენს, რომ თითქმის ყველა არხზე ნახა ანაკლიაში მიმდინარე მოვლენებზე მომზადებული მასალა, გადახედა თითქმის ყველა სააგენტოს მიერ  მომზადებულ პუბლიკაციას, თუმცა მსგავსი რამ მას სხვა მედიასაშუალებებში არ უნახავს. “ქრ მინახავს, რადგან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს იყო “ოდიშის” მიზანმიმართული მონტაჟი. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე მოხდა”-აცხადებს ანთია.

სხვა ახალი ამბები: