ლალი ანთია presa.ge-ს და itv.ge-ს სასამართლოში უჩივლებს

0

031არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ ლიდერი ლალი ანთია საინფორმაციო სააგენტო presa.ge-სა და itv.ge-ში გამოქვეყნებულ  იმ მასალებს ეხმაურება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ლალი ანთიას განცხადებით ორივე სააგენტო ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაფინანსებულ სააგენტოებს წარმოადგენს და აქიდან გამომდინარე აღნიშნულ სააგენტოებზე გამოქვეყნებულ მასალებს სერიოზულად არ აღიქვამს.

„ეს არის სააკაშვილისა და მერაბიშვილის მიერ დაფინანსებული სააგენტოები. მე ამას სერიოზულად არ აღვიქვამ იმდენად, რამდენადაც სააგენტოებმა საკუთარი დამფინანსებლები დაიცვეს ჩემი შემოტევებისგან.  სასაცილოა, რადგან ჩვენს ძვირფას პრეზიდენტს და მის ლაქია მერაბიშვილს მართლა აეწვათ ერთი ადგილი. მინდა სწორედ მათ მივმართო და ვაცნობო, რომ რაც ჩემგან გაიგეს პრესის საშუალებით, მალე სამართალდამცავებთანაც ფაქტებით დავადასტურებ. რაც შეეხება ჩემს მომავალ გეგმებს, ჩემო მიშიკო და ვანიკო, მალე უფრო მეტი სიურპრიზები გელით ჩემგან. ყველამ უნდა გაიგოს თქვენი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. დიახ, თქვენ მოკალით ზურაბ ჟვანია! ეს რომ არ დავმალე ამიტომაც შეთითხნეთ ბინძური „მტკიცებულებები“ და ჩამსვით ციხეში. ასეთი მეთოდებით შეთითხნეთ თქვენ ზურაბ ჟვანიას მკვლელობაც. თქვენ ხომ ამის დიდოსტატები ხართ. ახლა კი თქვენს მიერ დაფინანსებული სააგენტოების საშუალებით მელაპარაკებით? კიდევ გიმეორებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მთავარი კი წინ გელით!“

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ კი სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ის აცხადებს, რომ ცილისწამების სანაცვლოდ ერთ მილიონ ლარს მოითხოვს.

„თითოეული ფაქტი, რომელიც სააგენტოების მიერ არის მოყვანილი „სანდო წყაროს“ ჩანაწერებიანად სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. იმედია იქ დაამტკიცებენ „ექსკლუზიურ მასალაში“ მოყვანილ „ფაქტებს“. ცილისწამების სანაცვლოს პრესა.გე-ს და აიტივი.გე-ს სიმბოლური თანხის, ერთი მილიონი ლარის გადახდა მოუწევთ.ამ თანხას კი გაჭირვებულებს და სოციალურად დაუცველებს გადავცემ“-აცხადებს  ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: