ლარის გაუფასურებამ შესაძლოა მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდოს

0

wamlebiiiiეროვნული ვალუტის გაუფასურება მედიკამენტების ფასებს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ შეეხოს. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ფასების გაძვირება ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, თუმცა, მაშინ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,01 ლარს შეადგენდა, ევროს მიმართ კი 2, 27 იყო. დღეს კი ერთი დოლარი 2,14 ლარია, ევრო კი 2,44.

მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული კომპანიები წამლებს ძირითადად ევროში ყიდულობენ, კომპანიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება მედიკამენტების ფასები გაიზრდება.

თითქმის ყველა მედიკამენტის ჯგუფზე ფასების მატებას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. თუმცა, მისი თქმით, ფასები ძირითადად გაზრდილია იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც დოლარში ყიდულობენ და რომელსაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზრაზე 20%-25% უჭირავს. კვარაცხელიას განმარტებით საშუალოდ ფასებმა 8%-10%-ით მოიმატა.

კვარაცხელიას თქმით, სამინისტრო იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ წამლების ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეზღუდული იქნება  მოსახლეობისთვის, თუმცა, დადგენილი კრიტიკული ზღვარი, რის შემდეგაც სამინისტრო იმოქმედებს, არ არსებობს. როგორი ტიპის ჩარევა მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს უცნობია, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს წამლების ფასების რეგულირების შესაძლებლობა არ აქვს.

„მე არ მინდა, რომ სირაქლემას პოზიციაში ვიყოთ და ვთქვათ, რომ არ გაძვირებულა მედიკამენტები. დიახ, გაძვირდა, მაგრამ ამას ვაკონტროლებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც არის ჩვენი მიმართულებით გასაკეთებელი“,- აცხადებს ვალერი კვარაცხელია.