ლელა წიკლაური: “ჩემი კოლეგები მე კარგად მიცნობენ”

0

228590_208418775856635_3062542_n“სამი დღეა ვისმენ და ვკითხულობ ცილისმწამებლურ განცხადებებს ჩემი მისამართით. ჩემი კოლეგები მე კარგად მიცნობენ. 38 წლის ასაკში პირველად გამიჩნდა სურვილი მემუშავა საჯარო სამსახურში. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოცხადებული ჰქონდა რამოდენიმე ვაკანსია, მათ შორის ერთ-ერთი იყო საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა. გავგზავნე განაცხადი, ისევე, როგორც ათობით სხვა მსურველმა.დამიბარეს გასაუბრებაზე, სადაც მიმდინარეობდა სხვადასხვა ვაკანსიებზე შერჩეული აპლიკანტების კონკურსიც. კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს იყო კონკურსი და მე არავითარი გარანტია არ (ვერ) მექნებოდა იმისა, რომ ამ თანამდებობას დავიკავებდი. მას შემდეგ, რაც გახმაურდა, რომ მე მქონდა შეტანილი განაცხადი აღნიშნულ ვაკანსიაზე, სოციალურ ქსელში და მედიაში გაჩნდა უამრავი ცილისმწამებლური და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. თითქოს მე უკვე დავიკავე აღნიშნული პოსტი. ამას გარდა, გავრცელდა ინფორმაცია და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში, რომ თურმე მე ვიყავი ე.წ. მოდელირებული ქრონიკის ” მთავარი შემოქმედი და პროდიუსერი”, რის გამოც თითოეულ თქმულ და დაწერილ ცრუ ინფორმაციაზე დეზინფორმატორებს კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება.
მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არა თუ მიმიღია მონაწილეობა, არამედ არც კი ვიცოდი, რომ ეს გადაცემა მზადდებოდა და მეც, როგორც ჩვენი საზოგადოების დანარჩენი წევრები შოკირებული დავრჩი.
მეორე ტყუილი, რომელსაც ამ დღეებში ვისმენ, თითქოს მე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ვიყავი, მე ვარ ჟურნალისტი, ძირითადად ვაშუქებდი ეკონომიკის სფეროს და იმ მოვლენებს, რომელიც მაშინ ამ სფეროში ვითარდებოდა. ახლაც ასე ვაგრძელებ.
და მესამე, ბევრ კითხვას აჩენს გარკვეულ ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ წარმოებული და კარგად ორგანიზებული აგრესიული და ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებზე საუბრობენ, თუმცა ელემენტარული ბალანსის პრიციპს არ იცავენ და ცალმხრივად, მხოლოდ საკუთარ სუბიექტურ აზრებს ახვევენ საზოგადოებას. ჟურენალისტურ წრეებში ჩემი კოორდინატები ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ჩემთვის არაფერი უკითხვათ. და სწორედ აქ სჩანს მათი პროფესიონალიზმი.
რაც შეეხება საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩემს შესაძლო მუშაობის საკითხს, მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, თუმცა მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მივიღე. არ ვაპირებ ამ პოზიციაზე მუშაობას, მანამ სანამ იმ ადამიანებს, ვინც ეს დღეები ცილს მწამებენ და მორალური ზიანი მომაყენეს არ ვაგებინებ კანონის წინაშე პასუხს! ამავდროულად, არ მინდა ჩემი მისამართით წარმოებული ნეგატიური კამპანიის გამო ზიანი მიადგეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრუქტურას.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ჩემს ამჟამინდელ სამსახურს TV 3-ს უკავშირდება, რომ თითქოს მე იქ თანამშრომლებს ვაყენებდი შეურაცხყოფას და რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გავათავისუფლე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის სიცრუე. ორმა პროდიუსერმა ნინო ჯაფარიძემ და ვახტანგ ხუზმიაშვილმა საკუთარი ნებით დატოვეს სამსახური, ხოლო ოთხი ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მე არ მიმიღია.ეს ინფორმაცია შეგიძლიათ თავისუფლად გადაამოწმოთ TV 3-ში.
კოლეგებო და მეგობრებო, ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ჟურნალისტების მიმართ ტალახის სროლა, ამ აგრესიული ტალღის ერთ-ერთი მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი. ყველას თავისი ჟურნალისტური წარსული აქვს და ამ პატარა ქვეყანაში არაფერი იმალება…
სულ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა.”

სხვა ახალი ამბები: