“ლოთი ქობალია მკვლელია!”- სკანდალური აღიარება 20 წლის შემდეგ

0

preview.php1993 წელს ლოთი ქობალიას მიერ ხობის ცენტრში მოკლული ქართველი ჟურნალისტის დათო ბოლქვაძის მკვლელობიდან 20 წლის თავზე ქობალიას მეგობარი ქალი, ყოფილი ჟურნალისტი თამილა ლომიშვილი “პრაიმტაიმთან” დუმილს არღვევს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

ქალი, რომელიც აქტიურად ედგა გვერდში ყოფილ გენერალს და აქტიურად მონაწილეობდა მისი დაცვის საქმეში, დღეს მის ცოდვებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. თამილა ლომიშვილს რომ ბევრი რამ აქვს ლოთი ქობალიასთვის გაკეთებული, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს. განსაკუთრებით კი 1996 წელს დათო ბოლქვაძისა და მოკლული ბიჭების სასამართლო პროცესი, სადაც ამ ქალბატონმა ლოთი ქობალიას საიუბილეო ტორტი მიართვა და მოკლული ბიჭების მშობლების თვალწინ მისი მისამართით სითბო და ალერსი არ დაიშურა. ბოლქვაძის ოჯახი აქტიურად საუბრობდა ლომიშვილის საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ ახორციელებდა ის ზეწოლას ჟურნალისტის მკვლელობის საქმეში არსებულ ყველა მოწმეზე. მაშინაც კი, როდესაც ერთ-ერთმა მოწმემ მას სახლის კარი არ გაუღო, თამილა ლომიშვილმა სარკმლიდან გადაუგდო მუქარის წერილი და ჩვენების შეცვლისკენ მოუწოდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება ხმები დათო ბოლქვაძის ვითომ მოროდიორობის შესახებ, რომლის გასავრცელებლად თამილა ლომიშვილი ძალისხმევას არ იშურებდა. სწორედ ლომიშვილი მივიდა ხობში ჟურნალისტის მკვლელობის მეორე დღეს დაყაჩაღებულ ვინმე სვეტლანა ბუსკანძესთან და შეუთანხმდა, რომ ის ამ ყაჩაღობის ერთ-ერთ მონაწილედ დათო ბოლქვაძეს დაასახელებდა. ცრუ ინფორმაციის გავრცელება კი ლომიშვილმა სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც მოასწრო. მოგვიანებით თავად ამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა აღიარეს, რომ ისინი შეცდომაში ლომიშვილმა შეიყვანა. სასამართლო პროცესზე ხობის პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალებით კი დამტკიცდა, რომ დათო ბოლქვაძე ყაჩაღობის წინა დღეს – 28 ოქტომბერს მოკლეს. დათოს დაღუპვის შემდეგ ოჯახს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხობში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ჟურნალისტი მოკლეს, ერთ-ერთი ოჯახის სარდაფში სამხედრო მოსამსახურე იმალებოდა, რომელიც ზუსტად აღწერდა ეზოში შემოსული ორი ქალბატონის შესახებ, რომლებიც სისხლიან კამუფლაჟს ისუფთავებდნენ. მასპინძელმა ჰკითხა მათ, დაჭრილები ხომ არ ხართ, დახმარება ხომ არ გჭირდებათო? ერთ-ერთმა ქალბატონმა კი მიუგო: “სარდალმა თბილისელი ღორები დახოცა და მათი სისხლი შეგვესხაო”. როგორც შემდეგ ოჯახმა გაარკვია, ამ ქალბატონებიდან ერთ-ერთი თამილა ლომაშვილი იყო.

ამერიკის ახალი ამბების პროდიუსერთან ერთად პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ხობში ჩასული ქართველი ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე იმ რეალობას ემსხვერპლა, რომელიც მან ადგილზე ნახა და გადაიღო. აფხაზების, ჩეჩნებისა და კაზაკების ტყვიას გადარჩენილი ქართველი ჟურნალისტი 1993 წელს სამეგრელოში, ხობის ცენტრში წამებით მოკლეს. მისი სიკვდილის შემდეგ კი ლოთი ქობალიამ დათოს ცხედრის დაკრძალვაზე უარი თქვა და მის გარემოცვას მოუწოდა, ცხედარი ღორებისთვის მიეცათ საჯიჯგნად. მოგვიანებით გარდაცვლილის ნეშტი ხობელმა მედდამ და კბილის ექიმმა მოიპარეს და ხობის საავადმყოფოს ეზოში ჩუმად დაკრძალეს. ცხედარს ოჯახმა დათოს სიკვდილიდან ცხრა დღის შემდეგ მიაგნო და თბილისში ჩამოასვენა. ამ საზარელი ფაქტიდან 20 წლის შემდეგ თამილა ლომიშვილი ხმამაღლა ამბობს, რომ ლოთი ქობალია მკვლელია, საზოგადოებასა და სამართალდამცველ ორგანოებს კი მისი სიცოცხლის დაცვას სთხოვს. რა ხდება ბოლქვაძის მკვლელობიდან 20 წლის თავზე და რა ვითარებაში უწევს თამილა ლომიშვილს დღეს ცხოვრება? “პრაიმტაიმს” თამილა ლომიშვილი თავად ესაუბრება.

თამილა ლომიშვილი: “დათო ბოლქვაძის საქმეზე აქტიურად ვიცავდი ლოთი ქობალიას, დღეს კი ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. არ მინდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, რადგანაც ძალიან მრცხვენია. მინდა საზოგადოებს და ყველას ხმამაღლა მოვუხადო ბოდიში და უფალს შევთხოვ, მაპატიოს. მაპატიოს, რომ ყველა შევიყვანე შეცდომაში და ეს ურჩხული, მკვლელი კაცი ადამიანად ვაქციე. ყველას ვუხდი ამისთვის ბოდიშს და სახალხოდ ვამბობ, რომ მაპატიონ. მეტი როგორ უნდა მოვიქცე, რა უნდა ვქნა, აღარ ვიცი.

 მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ამტკიცებდა, როგორ მოკლა ლოთი ქობალიამ დათო ბოლქვაძე, თქვენ მას გვერდში ედექით და ყველაფერს აკეთებდით, რომ მისთვის ეს დანაშაული არ დაემტკიცებინათ. დღეს ხმამაღლა ამბობთ, რომ ის მკვლელია. რა გაქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის 20 წლის შემდეგ?

– მე უშუალოდ დათოს მოკვლის მომენტი არ მინახავს და ვერ დავამტკიცებ, მან მოკლა თუ არ ეს ბიჭი. ჩემი გადმოსახედიდან კი ვიტყვი: ამხელა ამაგის შემდეგ მისი ქცევა ბევრს რამეზე მეტყველებს და არაფერი გამიკვირდება, რადგანაც მე მის მიმართ ყველანაირი რწმენა დავკარგე. მარტო ბოლქვაძეს კი არა, ეს ეხება პოლიტიკას, გამსახურდიას და ნებისმიერ სხვა საქმეს. დღეს ვუყურებ მის განსაკუთრებულ სისასტიკეს და ყველაფერი ეს საკუთარ თავზე რომ არ გამომეცადა, კიდევ არ დავიჯერებდი. ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა იმ პერიოდში თავზე მეხვია და აქტიურად ვუმკლავდებოდი ამას. როდესაც ის ციხიდან გამოვიდა, ეს ჩემთვის დიდი სიხარული იყო, რადგანაც ამდენი წელი ველოდი მის განთავისუფლებას და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ახალი ცხოვრება დაგვეწყო. პირველი ორი წელი არაგვიშავდა, მაგრამ მისი და ჩემი უბედურებაც იქიდან დაიწყო, როცა ანაკლიის ახლომდებარე ტერიტორიაზე იჯარით აიღო სასოფლო-სამეურნეო მიწები. მიწის გამოსყიდვა გააკეთა და ასობით ჰექტარი მიწა დაისაკუთრა. მისი ყოველწლიური გადასახადი კი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თვითონ არ მუშაობდა და ფული არ ჰქონდა. გადიოდა დრო, მე გარკვეული დანაზოგი და მცირედი შემოსავალი მქონდა, ახლობლებსა და ნათესავებს ვთხოვდი და ვაძლევდი მას ამ თანხებს. მუხიანის აგარაკებზე მქონდა დიდი სახლი. ერთ დღესაც ლოთი და მისი შვილი ერთად ჩამოვიდნენ, მათ ორივეს საკუთარი მანქანები მოჰყავდათ გასაყიდად, რადგანაც იჯარის ფულს ვერ იხდიდნენ. ერთკვირიანი სიარულის მიუხედავად, ეს მანქანები ვერ გაყიდეს, დამწუხრებული იყვნენ და ძალიან შემეცოდნენ. ვიცოდი, რომ ერთ ჩემს ახლობელს სახლში 3 ათასი დოლარი ჰქონდა, წავედი და იმ პირობით გამოვართვი, რომ მანქანას გავყიდდით და დავუბრუნებდით. შევთანხმდით, რომ მანქანას ჩემს ეზოში დატოვებდნენ და გაიყიდებოდა. ფული რომ მივეცი, მითხრა, საღამოს მოვიყვან მანქანასო და წავიდა მის შვილთან ოჯახში, რომელიც ვარკეთილში ცხოვრობს. მოსაღამოვდა, არავინ არ გამოჩნდა, ჩემს ზარებს კი მხოლოდ მეორე დღეს უპასუხა და მითხრა, რომ სამეგრელოში იყო უკვე. მითხრა, მანქანას ნაწილი გაუფუჭდა და სამეგრელოში წავედიო. ეს ყველაფერი გულზე მომხვდა, მაგრამ დიდი ამაგი მქონდა მასზე და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასე მომექცეოდა. ამასობაში დიდი დრო გავიდა, ყველა ვადა ამოიწურა და თანხა უნდა დამებრუნებინა. ვინაიდან არ მქონდა ფული, სახლი ჩავდე იპოთეკით სამი თვით. ვთხოვდი, ქუჩაში არ დამტოვო-მეთქი. სამი თვე გავიდა და პროცენტებს ვერ ვიხდიდი. იძულებული გავხდი, სახლი იპოთეკარებისთვის დამეთმო. ქუჩაში ვიყავი დარჩენილი და მის ნათესავებსაც ვუკავშირდებოდი. მოგვიანებით ამ ვაჟბატონმაც ინება და სამეგრელოში წამიყვანა. ველოდი, რომ იქ ნორმალური სახლი დამხვდებოდა. მითხრა, სანამ მიწებს გავყიდი და სახლს გიყიდი, აქ იყავიო და მეც დავთანხმდი. ადგილზე ჩასულს კი უღრან ტყეში, სოფელ ნარაზენში დამხვდა ბოსელი და ამ ბოსელში დღემდე მიწევს ცხოვრება. უახლოესი მეზობელი ჩემგან ერთ კილომეტრში ცხოვრობს. ადამიანები აქ სანადიროდ და სათევზაოდ თუ მოხვდებიან. მეც დავსახლდი, ცხოველები ძალიან მიყვარს, ძროხები მყავს და მეცხოველეობა დავიწყე. იცით, რა? მთავარი სახლის დაკარგვა არ არის, აქ მორალურ მდგომარეობაზეა საუბარი. ამხელა ამაგი ჩავდე მასში და როგორ დავუშვებდი, რომ ეს ადამიანი იყო ურჩხული. მართლა ურჩხულია. აქამდე ვინმეს ჩემთვის მასზე ცუდი რომ ეთქვა, თავს შევაკლავდი. მაგრამ დღეს ყოველდღიურად ვუყურებ მის სისასტიკეს. რომ ნახოთ, როგორ მცემს, შეგეშინდებათ. ყველას ეშინია. ამას წინათ რომ მცემდა, ყველა ხედავდა, მეთევზეები და მონადირეები, მაგრამ ვერავინ გაბედა მოსვლა, რადგანაც იციან, რომ ქობალია მკვლელია და იმათაც მოკლავდა. ამიტომაც ვერავინ ეკარება. სულ მამუშავებდა, ამხელა ფერმას ვუვლიდი და იმის საშუალებასაც არ მაძლევდა, რომ ჩემთვის ან საჭმელი მეყიდა ან ჩასაცმელი. მერე ერთმა მეზობელმა მირჩია, ჩუმად გადამალე ეს ყველი, ბაზარში წავიღებთ და გაგიყიდითო. ასე გრძელდებოდა თვეების განმავლობაში და ასე ვაბარებდი მეზობლებს საჭმელს.

– ამდენი ხნის მანძილზე რატომ იყავით მასთან, რატომ არ სცადეთ მისგან წასვლა?

– ერთხელ მისი და მოვიდა ჩემთან, მას ვუყვებოდი ყველაფერს. ამიხირდა და შემომივარდა ნაჯახით, ის ქალი რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მან ატეხა კივილი და გაჩერდა. მართლა მეშინია, რომ ნებისმიერ წამს მომკლავს! ამას წინათ ეზოში რაღაც რკინა ვერ იპოვა, მიმტკიცებდა, ალბათ, შენ მიეცი ვიღაცასო. თურმე ეზოში დიდ ბალახებში იყო ჩავარდნილი. შემომივარდა, ჯერ თმით მითრია, სახეში მუშტი ჩამცხო და ძირს რომ დავეცი, ისე მირტყა მუშტი და წიხლები, მთელი სახე შეშუპებული მქონდა. მივხვდი, რომ თავში ტრავმა მივიღე. ვკიოდი და ვერავინ გაბედა მოსვლა! ცემით რომ გული იჯერა, მიბრძანა, ადექიო! როგორც იქნა, მოვახერხე მისი ბრძანების შესრულება და ავდექი თუ არა, ხელმეორედ დამიშინა მუშტები და წიხლები! დავვარდი, გონება დავკარგე და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვახერხე ფეხზე წამოდგომა. სასწრაფოს გამოძახება მინდოდა, მთლიანად ვცახცახებდი. მიხვდა, რომ გამოვიძახებდი, შემოვიდა, დაჯდა და დამიწყო ყურება! მეუბნებოდა, რას აფერისტობო! იქვე ორლიტრიანი სარძევე იდო, რომელშიც წყალი ესხა და თავზე გადამასხა… მთელი ტანით ვცახცახებდი და ის მაწამებდა. ორი დღე დარჩა, რომ ჩემი წამებისთვის ეყურებინა. ორი დღის მერე წავიდა და მეც გამოვიძახე სასწრაფო. ექიმები რომ მოვიდნენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდში, ჭითაწყარის საავადმყოფოში გადამიყვანა, ტვინის შერყევა მქონდა მიღებული. ექიმი მიხვდა, რომ ნაცემი ვიყავი. საავადმყოფოში თანხა იყო გადასახდელი და ამიტომაც მედიკოსები ლოთის დაუკავშირდნენ. სასწრაფოდ მოვიდა, მესმოდა, როგორ ელაპარაკებოდა ექიმს მეგრულად, მაგრამ მეგრული არ მესმის და რაზე საუბრობდნენ, ვერ გავიგე. ცოტა ხანში ექიმი მოვიდა და მითხრა, ქალბატონო, თქვენ ხომ კიბიდან დავარდითო! ის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატია და სამეგრელოში ჯერ კიდევ აქვს გავლენა, თავისი დანაშაულებრივი ქმედებები დამალოს. ორჯერ ვიყავი თბილისში გამოქცეული და ორივეჯერ გამიყიდა საქონელი. ჩემს საქმეზე ინფორმაცია აქვს ელენე თევდორაძეს და ის არაერთხელ დაუკავშირდა ლოთის. უთხრა, რომ თამილა ამ ყველაფერს საუბრობს და რამე რომ დაემართოს, პასუხი მოგეთხოვებაო. ეს ადამიანი არის მხეცი, რომელიც ყველაფერზე მიდის. გამწარებულია იმისგან, რომ ფული არ გააჩნია. ორგანიზაცია “მეომართა კავშირი” აქვს, ახლა თბილისშია, ვიღაც ნაცნობები გამოძებნა და “ქართულ ოცნებაში” აქტიურად ცდილობს შესვლას. მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში ერთვება და იმაზე უარესს იზამს, რაც გაუკეთებია. უკვე მივმართე სახალხო დამცველს, პოლიციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომ დამეხმარონ და მიიღონ ზომები, სანამ არ მოვუკლივარ. როგორც კი გაიგებს, რომ მე ეს ყველაფერი გავაკეთე, არ ვიცი, რა მოხდება. ამიტომაც მეშინია. ხმამაღლა ვამბობ – დაუცველი ვარ”!

გაზეთი “პრაიმ ტაიმი”

 

სხვა ახალი ამბები: