“მალე ავხდი დავით საგანელიძეს ნიღაბს”: დავით საგანელიძეს სასამართლოში უჩივიან

0

news_2066“ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის ყოფილ ლიდერსა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. რადიო პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში დავით საგანელიძე აცხადებს, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველას ყველაფერს დაულაგებს და ამხელს, თუ ვინ ვის უკან იმალებოდა და საერთოდ, ვინ ვინ არის. დავით საგანელიძის განცხადებით, ის რაც საქართველოში მის საწინააღმდეგოდ იწერება, დაკვეთილი და წინასწარგამიზნულია.

დავით საგანელიძე მარტვილის საკითხს ახსენებს და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს განაწყენებულ ადამიანებთან, რომლებიც რაღაც მიზეზების და ბინძური წარსულის გამო ვერ გახდებოდნენ პარტიის ხელმძღვანელები. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზურაბ ბიგვავაზ ძებნილს უწოდება და აქვე აცხადებს, რომ მასზე სპეცსამსახურებს საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებიც გააჩნიათ. დავით საგანელიძე მტკიცედ აცხადებს, რომ ზურაბ ბიგვავა “ქართული ოცნების” წევრიც არ არის.

“ქართულ ოცნებას” ეხმარებოდა ძალიან ბევრი ან მართლას გულით ან სპეციალური დავალებით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რახან ეხმარებოდა, ყველა შტაბის ხელმძღვანელი უნდა იყოს. და აქვე მინდა ვთქვა, ვის ეხმარება, როგორ და რა ამოცანები აქვს, ეს კიდევ სულ სხვა თემაა. მას ყველაფერზე პასუხი მოეთხოვება”-აცხადებს დავით საგანელიძე.

საგანელიძის ინტერვიუს “ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს.

“ბატონი დავით საგანელიძე ისე გაბოროტდა, რომ უკვე ციხეშიც მიშვებს. ის იმუქრება 27 ოქტომბრის შემდეგ ანგარიშსწორებით. თუმცა მან ბრძანება უკვე გასცა ჩემი ფირმის შემოწმების შესახებ. გამომაცხადა ძებნილად და ამბობს, რომ 2010 წელს არაკანონიერი გზით შემომიყვანეს საქართველოში. ცნობისთვის 2005 წლის შემდეგ საერთოდ არ ვყოფილვარ რუსეთში…. ასევე ამბობს, რომ 42 მილიონიანი ტენდერი მოვიგე კობა სუბელიანის დახმარებით. ეს არის ტყუილი და ვინაიდან არსებობს ამის ვიდეო ჩანაწერი, მე შემაქვს სარჩელი ამ მატყუარა ადამიანზე სასამართლოში უკვე დღეს, არჩევნებამდე და მისგან მოვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას”-აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

სხვა ახალი ამბები: