მალხაზ არქანიას საქმეზე გამოძიება განახლდა

0

DSC06252დღეს მთავარმა პროკურატურამ ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ოლეგ ფაცაცია, ხოლო შსს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას წარედგინა ბრალი დაუსწრებლად, ვინაიდან იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე მოთავსებულ პატიმარ მალხაზ არქანიას მეგის ქარდავამ მოსთხოვა გაურკვეველი ტერორისტული აქტების მომზადებაში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ ტერორისტულ აქტებში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა გაუპატიურებით. მალხაზ არქანიასგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ, მეგის ქარდავას მითითებით სად-ის N8 დაწესებულების თანამშრომელმა ვიქტორ ყაჭეიშვილმა გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, იგი ჩაიყვანა ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს დაუდგენელი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი, რის შემდეგაც მეგის ქარდავა მალხაზ არქანიას დაემუქრა, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მიცემდა, მასაც იგივე ბედი ეწეოდა. უარის მიღების შემდეგ მეგის ქარდავამ, ვიქტორ ყაჭეიშვილთან, ოლეგ ფაცაციასთან და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად მალხაზ არქანია სასტიკად აწამა.

მისი ცემა-წამება რამდენიმე საათი გრძელდებოდა. მალხაზ არქანიას საბოლოოდ ფსიქოლოგიურად გასატეხად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება, რისი დაფიქსირებაც მოახდინეს ფოტოკამერაზე, სურათი კი მეგის ქარდავას გადასცეს. ცემის, წამების, ფოტოსურათების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, მალხაზ არქანია იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი ე.წ. აღიარებითი ჩვენებისთვის.

2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლამდე პერიოდში ე.წ. „ტერაქტების“ საქმის ფარგლებში მალხაზ არქანიას დაკითხვა არაერთხელ მოხდა, რა დროსაც ხდებოდა ცემა-წამებით მისი დაპირისპირება იმავე საქმეში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ მალხაზ არქანიას თავზე იარაღი მიადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ასევე ზეწოლის შედეგად მალხაზ არქანია აიძულეს უარი ეთქვა მისი უფლებების დამცველ ადვოკატებზე. მასზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მალხაზ არქანიამ თვითმკვლელობაც სცადა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

სხვა ახალი ამბები: