მარტვილის განახლებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დღეს გაიხნა

0

Martvilis_mxaretmcodneobis_muzeumiმარტვილის განახლებული მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დღეს გაიხნა. მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განახლების პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მუზეუმში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მემორანდუმი გაფორმდა. 

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა გუნდის მხარდაჭერით, იმ რეგიონული ინსტიტუციის განახლება მოხდა, რომელიც ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში არ შედის. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამონაწილეობით, პროექტის ფარგლებში მოხდა მუზეუმის ზონირება, ფუნქციურად გაიმიჯნა სივრცეები, შესრულდა მუზეუმის საფონდო სამუშაოები (არტეფაქტებისა და კოლექციების დიგიტალიზაცია, საინვენტარო წიგნების და საგამოფენო ნუსხების დიგიტალური ფაილებისა და სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზის შექმნა), სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა ექსპონატებს, კერძოდ, მუზეუმში დაცულ ფრესკებსა (რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში რესტავრაციის მიზნით მოიხსნა მარტვილის მონასტრიდან) და საეკლესიო წიგნებს. მოეწყო ახალი ექსპოზიცია, გამოიცა მუზეუმის ალბომი. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ახლადშექმნილ საგანმანათლებლო ცენტრში, განთავსდა სამეცნიერო ბიბლიოთეკა (რომლის ნაწილიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების მიერაა შეგროვებული) და შემუშავდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა; მოეწყო ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისაგან დაყენებული ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი. 

სამინისტროს განცხადებით, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით, უნიკალური ექსპონატებით და გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს და ითავსებს რეგიონის კულტურული ცენტრის როლს. 

სხვა ახალი ამბები: