მეკობრეობა თუ?…-“სიყვარული და სასჯელი” ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერში

0

sasjeli2ბოლო დღეებში ქართულმა ვებ გვერდებმა და რეგიონალურმა ტელევიზიებმა ტელეკომპანია “მაესტროს” მიერ ექსკლუზიურად ნაყიდი თურქული სერიალის “სიყვარული და სასჯელის” პირატულად გავრცელება დაიწყეს. ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ჯერჯერობით გაურკვეველია უჩივლებს თუ არა სასამართლოში ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ზუგდიდის დამოუკიდებელ ტელეკომპანია “ოდიშს” იმის გამო, რომ მსგავსად ქართული ვებ გვერდებისა აღნიშნულმა ტელეკომპანიამაც პოპულარული თურქული სერიალის “სიყვარული და სასჯელის” საკუთარ ეთერში  გაშვება პირატულად დაიწყო. როგორც ტელეკომპანია “ოდიშის” პროგრამებისა და სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა დებუაძემ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა მათ არანაირი საავტორო უფლებები არ დაურღვევიათ, რადგანაც ტელეკომპანიის ეთერში მხოლოდ მესამე სერია გაუშვა.

ტელეკომპანია “ოდიშის” მთავარი რეჟისორის გოჩა მინჯორაიას განცხადებით მან ზუსტად არ იცის ჰქონდათ თუ არა ულიცენზიო სერიალის ტელეკომპანიის ეთერში გაშვების უფლება, თუმცა ამ საკითხს ის მოგვიანებით გაარკვევს. ტელეკომპანია “ოდიშის” ეთერში სერიალი “სიყვარული და სასჯელი” რუსულ ენაზე გადის, თუმცა თუ საიდან მოიპოვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული სერიალის რუსული ვარიანტი, არ სახელდება. ერთი რამ კი დღესავით ნათელია. ტელეკომპანია “ოდიშის” მიერ საკუთარ ეთერში ნაჩვენები თურქული სერიალი აშკარად პირატულია.

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე მოუწოდებს სერიალის პირატულად გამავრცელებლებს დაანებონ მეკობრეობას თავი რადგანაც მსგავსი ქმედება ტელეკომპანია “მაესტროს” ფინანსურ ზიანს აყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეკომპანია “მაესტრო” შეადგენს საჩივარს, დაითვლის ზიანს ფინანსური თვალსაზრისით და მეკობრეებს სასამართლოში უჩივლებს.

ჯერჯერობით უცნობია მოხსნის თუ არა საკუთარი ეთერიდან ტელეკომპანია “ოდიში” პოპულარული თურქული სერიალის ჩვენებას.

სხვა ახალი ამბები: