მესტიაში საერთაშორისო სემინარს მასპინძლობენ

0

imagesსვანეთის განახლებულ მუზეუმში 24-27 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებთან და პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდთან თანამშრომლობით ატარებს საერთაშორისო სემინარს.

კონფერენციაში ქართველ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობს სამუზეუმო სფეროს 30-მდე სპეციალისტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან. სემინარის განმავლობაში სტუმრები განიხილავენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფუნქციონირებას, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ინოვაციურ მოდელს; გაეცნობიან ახალციხის, ვანის და სვანეთის მუზეუმებს.

როგორც `მედიანიუსს~ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, სემინარი ”სამუზეუმო სფეროს პროფესიონალთა ფორმირების ცენტრის” („Kომპეტენზზენტრუმ Mუსეუმ”) ფარგლებში ტარდება. აღნიშნული ცენტრის შექმნას წინ უძღოდა 2012 წლის სექტემბერში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა”, ამ წარმომადგენლობით ფორუმში მონაწილეობდნენ გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, კლაუს დიტერ ლემანი და მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების ლიდერები. გადაწყდა შექმნილიყო პროგრამა, რომელიც იმუშავებდა მოდელზე თუ როგორ შეიძლება იქცეს პოსტ-საბჭოთა მუზეუმი თანამედროვე, სამეცნიერო, ინოვაციურ, შემოქმედებით და დამთვალიერებლებისათვის საინტერესო ინსტიტუციად, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქალაქის ურბანულ და სოციალურ ცხოვრებაში.

პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც შტეფან ვაკვიცის ხელმძღვანელობით აქტიურად უჭერს მხარს სამუზეუმო საქმიანობას რეგიონში.

სამუზეუმო სფეროს პროფესიონალთა ფორმირების ცენტრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე, ბერლინის მუზეუმების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით ფუნქციონირებს. ამ პროექტს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ხელმღვანელობს. ცენტრის შემდეგი სემინარი თბილისში 2013 წლის ნოემბრის ბოლოს გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: