მესტიის გამგებელმა საკუთარი ნათესავები დაასაქმა

0

DSC_0598საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მესტიის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტზე საუბრობს. დეპუტატის განცხადებით მესტიის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ ოჯახის 10 წევრი მაღალ თანამდებობებზე დანიშნა.

„მესტიის გამგეობის აპარატში სულ 48 საშტატო ერთეულია. ახალი გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის დანიშნვის მერე 16 ადამიანი გამგეობის აპარატიდან გაათავისუფლეს. აგრეთვე გათავისუფლდა 13 სოფლის რწმუნებული (სულ 16 რწმუნებული იყო) და რწმუნებულის 28 თანაშემწე (სულ 32 თანაშემწე იყო). გამოთავისუფლებულ ადგილებზე კი დანიშნვა ერთადერთი კრიტერიუმით – დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავობისა და მეგობრობის პრინციპით ხდება. კერძოდ, გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია; გამგებლის მოადგილედ ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი მაიზერ ჯაფარიძე დაინიშნა;
მეორე გამგებლის მოადგილედ – ვიქტორ ჯაფარიძის რძალი ნელი ნავერიანი-; გამგეობის აპარატის უფროსად – ვიქტორ ჯაფარიძის დის შვილი ლევან კიკვიძე; საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ – კაპიტონ ჟორჟოლიანის ბიძა (დედის ძმა) და მაიზერ ჯაფარიძის ცოლის ძმა ვახტანგ ნაკანი; სოციალური სამსახურის უფროსად –ვიქტორ ჯაფარიძის რძალი (ბიძაშვილის ცოლი) სოფო ჩხვიმიანი; კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსად – ვიქტორ ჯაფარიძის მეგობრის, ბადრი ფირცხელანის რძალი თინათინ ფრუიძე; მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად –ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი) გეგი ქოჩქიანი; საკრებულოს თავმჯდომარის მდივნად –ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი) გვანცა ფალიანი; მესტიის პოლიციის უფროსად – ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი ილო გერლიანი,”- აცხადებს გოგა ხაჩიძე.
“როგორ არ სცხვენია ნაძირალა გოგა ხაჩიძეს ჩემს ნათესავებზე ლაპარაკი”-  ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ მისი კოლეგის, გოგა ხაჩიძის ინფორმაცია თითქოს მესტიაში ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე მისი ახლობლები ინიშნებიან.
“ნაძირალა გოგა ხაჩიძეს გადაეცით, რომ მესტიაში ჯაფარიძეების 200 ოჯახი ცხოვრობს. მამაჩემს  ძმა საერთოდ არ ჰყავდა. დედაჩემს კი მხოლოდ ერთი მკვიდრი ბიძაშვილი ჰყავს. სხვათა შორის, ეს პირი  მესტიის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და სწორდ გოგა ხაჩიძის მთავრობამ მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა სამსახურიდან, რომ ჩემი ახლობელი იყო. ეს ნაძირალა გოგა ხაჩიძე იმ ნაძირალა მთავრობის წევრია, რომელმაც ჩემი რძალი ნელი ნავარიანი  იმიტომ დააკავა, რომ ჩემი მხარდამჭერი და ახლობელი იყო.  გოგა ხაჩიძე იმ ნაძირალა მთავრობის წევრია, რომელმაც მესტიაში “ბართლომეს ღამე” მოაწყო, რომელმაც ჩემი ალალი მამიდაშვილი, 69 წლის კაცი უმიზეზოდ დააპატიმრა. მას არ აქვს უფლება ილაპარაკოს. მისგან განსხვავებით მე ჩემი ნათესავების ფასი ვიცი”,-აცხადებს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე.

სხვა ახალი ამბები: