„მე არსად გავრბივარ, წავალ მაშინ, როდესაც ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ რომ ამით არაფერი დაზიანდება“

0
Bidzinaსაქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „იგი პოლიტიკიდან წავა მაშინ, როდესაც მისი გუნდის წევრებს განუმარტავს, რომ ამით არაფერი დაშავდება  და მის მიერ ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში  მხოლოდ პლიუსები იქნება”.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  „იგი პოლიტიკიდან წავა მაშინ, როდესაც მისი  გადმოსახედიდან ეს შესაძლებელი იქნება და ქვეყანაში სიტუაცია დალაგდება”.
“ჩემი პოლიტიკიდან წასვლა ქვეყნიდან წასვლას არ ნიშნავს და არც იმას ნიშნავს, რომ მე სირთულეებს, პასუხისმგებლობას, ან ჩემს დაპირებებს გავურბივარ. ჩემი პოლიტიკიდან წასვლა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ იქნება საჭიროება ყოფნის და უფრო რთულ და უფრო საჭირო პროცესებში ჩავერთვები – რასაც საზოგადოების განვითარება ჰქვია. ყველაფრის მთავარი განმსაზღველი საზოგადოებაა. მე არსად არ გავრბივარ. მე წავალ მაშინ, როდესაც პირველ რიგში ჩემი გუნდის წევრებს განვუმარტავ კარგად და კარგად გაიგებენ, რომ ამით არაფერი დაზიანდება და მხოლოდ პლიუსები იქნება იმაში, რომ მე პოლიტიკიდან გავალ და ასევე, გაიგებს საზოგადოებაც,”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა  ესტონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას ძალიან მალე აპირებს.
,,მე ძალიან მალე ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას. როგორც კი წავა სააკაშვილი და ჩატარდება 2013 წლის ოქტომბრის ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, მე დავრჩები ხელისუფლებაში არაუმეტეს რამდენიმე დღისა. ჩვენ გვყავს კარგი გუნდი, ჩვენგან იქნება არჩეული ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს ძალიან კარგი პარლამენტის სპიკერი და მე მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შიეძლება დაიკავოს საკუთრივ ჩემი ადგილი. მე არ მსურს, და ეს იქნებოდა ძალიან ცუდი ქართული პოლიტიკისთვის, რომ მუდმივად ფსონი იდებოდეს ერთ ადამიანაზე. უმნიშვნელოვანესია სამი ზემოხსენებული თანამდებობა. მე მწამს, რომ ის შეხვდება სუფთა ადამიანებს, დემოკრატებს. აუცილებელია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არსებული მოსამართლეები დანიშნულია სააკაშვილის მიერ და აგრეთვე თავისუფალი მედია, სჭიროა ახალი სისხლი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: