მთავარი პროკურატურა ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

0

prokuraturaსაქართველოოს მთავარი პროკურატურა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

“უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს პროკურატურა აწარმოებდა კომპლექსურ ღონისძიებებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიერ უმაღლეს სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ადამიანისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი დანაშაულებრივი ქმედების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების მიზნით.

დანაშაულების ჩადენის ადგილის, სიმძიმისა და საქმეების სირთულის მიხედვით, გამოძიების წარმართვაში ჩართული იყვნენ როგორც პროკურატურის ტერიტორიული ორგანოები, ასევე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი.

ამ ეტაპზე შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ ივანე მერაბიშვილის კორუფციული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელთაგან პირველი საყურადღებო და პრიორიტეტულია იმ თვალსაზრისიდაც, რომ იგი ჩადენილია ამ უკანასკნელის საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.

გამოძიების პროცესში უკვე მოპოვებულია დაახლოებით ასეულობით ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

ეპიზოდი პირველი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5,2 მლნ ლარი.

ეპიზოდი მეორე:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს დასვენებისთვის მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და, 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა იგი და, ოჯახთან ერთად, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. მანვე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ივანე მერაბიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც, კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან  იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც. შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 158 ათასი ლარის ზიანი. ივანე მერაბიშვილი დაკავებულია.

მისთვის ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, რადგან არსებობს უტყუარი მასალები, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად.

ფაქტობრივად, დასრულებულია გამოძიება კიდევ ორ ეპიზოდზე, კერძოდ, პირველი შეეხება 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს, ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით, საპოლიციო ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალის განზრახ გამოყენებას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადსხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო მრავალმა ადამიანმა.

მეორე ეპიზოდი უკავშირდება უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის მკვლელობის საქმეს, რომლის დეტალური და ეფექტური გამოძიებით პროკურატურის მიერ, პრაქტიკულად, სრული სიზუსტით აღდგენილია შემთხვევის ვითარება, დადგენილია მასში მონაწილე ყველა პირი, გარკვეულია დანაშაულის რეალური მოტივი, მისი ორგანიზატორები და ამსრულებლები.

შეგროვებული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულია, რომ სწორედ ივანე მერაბიშვილმა, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

უახლოეს პერიოდში ივანე მერაბიშვილს ზემოაღნიშნულ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინება დამატებითი ბრალდება, ხოლო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სრულყოფილი ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე.

ივანე მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: