მოპარული სათვალთვალო ვიდეოკამერები და ჰაუპვახტში ჩასმული ათეულობით რუსი ოკუპანტი

0

2010-IE30T-70გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, ე.წ  სასაზღვრო ზოლთან რუსი ოკუპანტების მიერ 2009 წლიდან დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები დილიდან გაქრა. როგორც ოკუპანტები აცხადებენ, ვიდეოკამერები, რომელსაც “ქართული მხარის” სათვალთვალოდ იყენებდნენ, გვიან ღამით დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ერთდროულად ჩამოხსნეს. დილიდან სათვალთვალო პუნქტებზე განგაში გამოცხადდა. რუსი ჯარისკაცები, რომლებიც წუხელ “გამშვებ პუნქტებზე” მორიგეობდნენ ხელმძღვანელობამ ჰაუპვახტში ჩასვა.

“დილიდან ოტობაიის ცენტრში რუსი ჯარისკაცების სიმრავლე შეინიშნებოდა. აჩერებდნენ ყველა გამვლელ-გამომვლელს. დილით პირველად მათი აქ ყოფნის მანძილზე ხელჩანთაც კი შემიმოწმეს. მიკვირდა რა ხდებათქო. მოგვიანებით გავიგეთ მერე, რომ ე.წ საზღვარზე ყველა სათვალთვალო კამერა ჩამოხსნესო. ისინი დილით სკოლის ეზოშიც შემოვიდნენ და ჩხრიკავდნენ ირგვლივ მთელ ტერიტორიას. სწორედ ამის გამო სასწავლო პროცესი ქართულ სკოლებში თითქმის ჩაიშალა. ამ წუთებშიც არიან ოტობაიაში და ეძებენ, თუმცა არ ამბობენ რას”-აცხადებს smo.ge-თან სატელეფონო საუბარში გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი ნ.რ

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ოფიციალურ წყაროებს დაუკავშირდა აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად. ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ ფაქტი მართლაც მოხდა გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში.

“ეს იყო ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომლითაც რუსი ოკუპანტები მართლაც აკონტროლებდნენ საზღვრისპირა პერიმეტრს. სწორედ ოკუპანტების საკონტროლო ტერიტორიიდან მოხდა აღნიშნული კამერების მოპარვა”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

სხვა ახალი ამბები: