მოსკოვი ლაკაევს 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატის, დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ადანაშაულებს

0

8ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი საქართველოს ბოდიშს უხდის.

„თავად ლაკაევი ჩვენთან კონტაქტზე არ გამოდის. ვკითხეთ ახლობლების ნომრები,  რათა მათთვის მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია თაობაზე მიგვეწოდებინა, თუმცა განაცხადა, რომ არავისგან სჭირდებოდა დახმარება, მათ შორის – არც ადვოკატისგან. ამასთან, ლაკაევმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ბოდიშს უხდის მომხდარის  გამო. იგი ადასტურებს, რომ საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, რადგან  რუსეთი ეძებს და თურქეთში გეგმავდა გადასვლას. იმასაც ამბობს, რომ დაკავების დროს არავის მოკვლა სურდა,  უბრალოდ ყურადღების გასაფანტად ისროლა, რათა გაქცეულიყო. ამბობს ასევე, რომ პოლიციელი მისგან ნახევარი მეტრის მანძილზე იდგა და მოკვლა რომ ნდომებოდა, არ ააცილებდა“,– აცხადებენ  პანკისელები.

ცნობისთვის: რუსეთი საქართველოს ბათუმში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის დროს დაკავებული იუსუფ ლაკაევის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელ ვლადიმერ მარკინზე დაყრდნობით იუწყება.

მოსკოვი ლაკაევს 9 სექტემბერს სოხუმში რუსი დიპლომატის – დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში ადანაშაულებს. რუსულ ტელეარხ НТВ-ს ინფორმაციით, ეროვნებით ჩეჩენი ლაკაევი საქართველოში აფხაზეთიდან შემოვიდა და ბათუმიდან მეგობრების – ფირუზ წულუკიძისა და თემურ ბახუნდარიძის დახმარებით თურქეთში გეგმავდა გადასვლას, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ლაკაევი და მისი მეგობრები პოლიციამ დააკავა.

დაკავებისას ლაკაევმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ ერთი პოლიციელი, ერთი შემთხვევითი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი.

ბათუმის სასამართლომ იუსუფ ლაკაევს, ფირუზ წულუკიძეს, თემურ ბახუნდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რუსი დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევი 9 სექტემბერს სოხუმში, საკუთარ სახლთან მოკლეს. მიღებული ჭრილობების შედეგად რამდენიმე დღეში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა მისი მეუღლეც.

სხვა ახალი ამბები: