მოტყუებულები და განაწყენებულები ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციაზე

0

aqciaზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 800-მდე ადამიანი სპეციალურად ამ დღისთვის დაქირავებული მიკროავტობუსებით ჩაიყვანეს. აქციის გამართვას ზღვისპირა სოფელში ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, როლანდ ახალაიას ბიურო ხელმძღვანელობდა. აქცია 18.30 წუთზე დაიწყო, სადაც ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიღწევებზე. რამდენიმე კვირის წინ დაანონსებული  აქცია-კონცერტის ფორმატი ავღანეთში დაღუპული სამხედრო პირების გამო შეიცვალა.

ყველაზე მეტად აქციაზე თბილისიდან ჩამოსული სტუმრები სჭარბობდნენ, ყველაზე ნაკლებად კი ახალაიას თანაქალაქელები იყვნენ წარმოდგენილნი. ძირითადად აქტიურობით ახალაიების მეზობლები გამოირჩეოდნენ, თუმცა როგორც შემთხვევის ადგილზე გავარკვიეთ ბევრმა მათგანმაც ანაკლიაში წასვლაზე თავიც შეიკავა.

როგორც ადგილობრივებიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს შორის განაწყენებული და თანამდებობიდან მოხსნილი ყოფილი სამართალდამცავები სჭარბობდნენ, რომლებსაც რეინკარნაციის შემთხვევაში ისევ ადგილებზე დაბრუნებას დაჰპირდნენ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით აქციამდე რამდენიმე დღით ადრე “ფულადი დახმარებებიც” დარიგდა, ასევე იმ პირთათვის ვისაც ინტერნეტი ჯერ კიდევ აუხდენელი ოცნებაა ხმები გავრცელდა, რომ სწორედ 18 მაიის ანაკლიაში დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართებოდა, რამაც ხელი აშკკარად შეუწყო ხალხის შეკრებას საკურორტო სოფელში.

“არ ვიცი დედა აქ დღეს რა ხდება, მაგრამ ასე მითხრეს მე რომ რაღაც დასაქმების პროგრამიის პრეზენტაცია გაიმართებაო და სწორედ ამიტომაც მოვედი დღეს აქ. გლეხს თავისი გაჭირვება აქვს შვილო თორემ ჩვენ სად გვცალია ვიღაცეების მხარდასაჭერად ქუჩა-ქუჩა ვიაროთ? თუ არ იქნა ის, რაზეც მე აქ მოვედი, ავდგები და წავალ ისევ ისე, როგორც მოვედი”-აცხადებს ანაკლიაში სტუმრად მოსული მარინა ლობჟანიძე.

მარინა ლობჟანიძისგან განსხვავებით ზუსტად იციან თუ რასთან დაკავშირებით მოვიდნენ აქციაზე განაწყენებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, თუმცა მათთვის ისიც გასაგები ხდება, რომ რეინკარნაციის დრო დადგება და ისევ თავიანთ სავარძლებს დაიბრუნებენ და თბილად მოკალათდებიან.

“მალე დადგება ის დრო, როცა სამართლიანობა იზეიმებს და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქმევა”-აცხადებს ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი და თან დასძენს “პრინციპში არც არაფერს ვკარგავ აქ დგომით. არც გზის ფული გადამიხდია და არც ამით შევწუხებულვარ. პირიქით, მომავლისთვის ქულაც ჩამეწერება”

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მხარდამჭერ აქციას სოფელ ანაკლიაში მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ნუგზარ მღებრიშვილი, ასევე საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსები ხელმღვანელობენ. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ აქციას სოფელ ანაკლიაში კურირებას უწევს მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი და ბაჩო ახალაიას ადვოკატები, რომლებიც ამავე დროს ნადარეიშვილის მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებადაც ითვლებიან. ადგილზეა სამეგრელოს ყოფილი საოლქო პროკურორი და ამჟამად ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია.

 

სხვა ახალი ამბები: