მოღალატე ჩინოვნიკები “ქართული ოცნებიდან” გაირიცხებიან

0

295150_257818310988210_1583095639_nდღეს “ქართული ოცნების” აბაშის რაიონულმა ორგანიზაციამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი გვილავას გადაყენების საკითხი განიხილეს. როგორც smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა გიორგი გვილავა აღნიშნულ თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს, მეტიც, ის “ქართული ოცნების” რიგებიდანაც გაირიცხება. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ შიდაპარტიული წესების დარღვევის გამო მიიღო.

გიორგი გვილავა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სიის პირველი ნომერი იყო, პრეტენზია ჰქონდა აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გამხდარიყო. “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდიომარეობის კანდიდატად პაატა ქურდოვანიძე წამოაყენა, რამაც გვილავა გაანაწყენა და გადაწყვიტა საკუთარ რვა მხარდამჭერთან ერთად სხდომების ბოიკოტირება, რაც პარტიაში შიდაარეულობის მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზეზით “ქართული ოცნების” აბაშის ორგანიზაციის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაქწყვეტილება მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რასაც პარტიიდან გარიცხვაც დაემატა.

ანალოგიური სიტუაციაა ფოთსა და სენაკშიც. როგორც smo.ge-ს წყარო აცხადებს, “ქართული ოცნების” წევრებმა საკუთარი თანამდებობრივი წინსვლის სანაცვლოდ გარკვეული გარიგებები დადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან. “ქართული ოცნების” ფოთის ორგანიზაციის წევრმა, ამჟამად კი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ფაჩულიამ გარიგების სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული თანამდებობა. ფაჩულიას “ქართული ოცნება” პარტიის წესდების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

“პარტიის წევრი ზურაბ ფაჩულია ითხოვდა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას. “ქართული ოცნება” ასახელებდა ლევან ჩოჩიას კანდიდატურას. ამის გამო ფაჩულია განაწყენდა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მონაწილეობდა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაში. ბუნებრივია, ეს არღვევს პარტიის წესდებას და ასეთ შემთხვევაში დადგება პარტიიდან მისი გარიცხვის საკითხი. ჩემი და მთელი ხელისუფლების ამოცანაა, ფოთში იყოს რეალური თვითმმართველობა, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება”, – აცხადებს ეკა ბესელია.

პარტიული წესების დარღვევაშია დადანაშაულებული კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი “მრეწველებიდან” კახაბერ რუსიაც. ისევე როგორცფაჩულიასა და გვილავას, მასაც კოალიციის რიგებიდან გარიცხვა ემუქრება. სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს უკვე მოქმედი თავმჯდომარე საკრებულოს წევრების მოსყიდვასა და ამ გზით თანამდებობის ხელში ჩაგდებაშია შემჩნეული. smo.ge-ს წყარო აცხადებს, რომ ამ გზით მან საკრებულოს წევრებს შორის შიდაარეულობა გამოიწვია და უხეშად დაარღვია კოალიციაში მიღებული წესები. კახა რუსიას სენაკის საკრებულოს წევრთა ნაწილი საკრებულოს თავმჯდომარედ არ აღიარებს და სხდომებზე დასწრებას იმ დრომდე არ აპირებს, სანამ საკრებულოს თავმჯდომარის ხელახალი არჩევა არ იქნება შესაძლებელი.

პარტიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება, თუმცა პირად საუბრებში ცნობილი ხდება “ქართული ოცნებიდან” ყველა მოღალატე ჩინოვნიკის დაუყონებლივ გარიცხვის შესახებ.