მუნიციპალიტეტებს სტიქიების სალიკვიდაციოდ 34 მილიონ ლარზე მეტი გამოეყოფათ

0

senakiსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიის შედეგად რეგიონებისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

4-5 სექტემბერის სტიქიის შედეგად, ზიანი მიადგა ქალაქ ბათუმს, ქედასა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს. ზიანი გამოიწვია უხვმა ნალექმა (დაიტბორა გზები; გაივსო სანიაღვრე არხები; ადიდდა მდინარეები, რის შედეგადაც რამდენიმე თვითმმართველობაში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაეტბორა).

ძირითადი ზიანი მიადგა ქალაქ ბათუმს – დაიტბორა რამდენიმე ქუჩა; ათეულობით ოჯახს დაეტბორა საკარმიდამო ნაკვეთები; საჭირო გახდა რამდენიმე ოჯახის სხვა სახლებში გადაყვანა, რაც ოპერატიულად განახორციელა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და აჭარის ავტონომიურმა ხელისუფლებამ.

ზიანი მიადგა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს _დაზიანებულია რამდენიმე ხიდ-ბოგირი; გასაწმენდია მცირე ზომის მდინარეების კალაპოტები.

ქალაქ ფოთში მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში სანიაღვრე არხმა ვერ შეძლო უხვი ნალექის გატარება, რის შედეგადაც რამდენიმე ოჯახში შევიდა წყალი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად წვიმდა, თუმცა, მნიშვნელოვანი ზიანი მუნიციპალიტეტს არ მიდგომია.

მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება ზიანი, რაც, ასევე, უხვი ნალექისა და მეწყერსაშიში ზონების გააქტიურებით არის გამოწვეული.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შექმნილია ზიანის დამთვლელი კომისიები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აწვდიან. ჩვენი მხრიდან ოპერატიულად მოხდება ფინანსთა სამინისტროში ინფორმაციის გადაგზავნა და მთავრობის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ შუამდგომლობა.

`2013 წელი სტიქიებთან დაკავშირებით განსაკუთრებულია, რადგან თითქმის ყოველკვირეულად ფიქსირდება მცირე თუ საშუალო ზომის სტიქია, რაც ზაფხულის პერიოდში უხვი ნალექით არის გამოწვეული. ასევე, ძირითად მიზეზს წარმოადგენს წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტებში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ძირითადად, გაუწმინდავი სანიაღვრე არხები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ უხვი ნალექის გატარებას). სამინისტროს ინიციატივით, ყველა მუნიციპალიტეტს ეთხოვა სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა, რათა ერთიანი ძალებით მოხდეს ამ პრობლემის ძირითადი ნაწილის მომდევნო წლებში მოგვარება.

2013 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებს სტიქიების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად გამოეყო 34 მილიონ ლარზე მეტი. გრძელდება მიმდინარე კვირის ზიანის დათვლა.

ჯამში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყო 31 მუნიციპალიტეტს. აქედან, ძირთადად, დახმარება დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებზე მოდის”, _ აცხადებს სამინისტრო..

სხვა ახალი ამბები: