მურმან ალფენიძის განცხადებით იუზა ყურუა სოფელ ორსანტიიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს

0

374248_587165281317399_382721645_nზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიიდან ადგილობრივი იუზა ყურუა რუსმა ოკუპანტებმა წაიყვანეს. ამის შესახებ იუზა ყურუასთან ერთად მყოფი მეზობელი მურმან ალფენიძე საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს. მურმან ალფენიძის განცხადებით რუსმა ოკუპანტებმა მისი მეგობარი ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დააკავეს.

“მე და იუზას დღეს არაყი უნდა გამოგვეხადა. ამიტომაც გადავწყვიტეთ ოთხთვალა წაგვეყვანა და შეგროვებული შეშა სახლში წამოგვეღო. ტერიტორია, სადაც ფიჩხებს ვაგრევებდით იუზა ყურუას სახლის უკანაა, სადაც ჩამოედინება მდინარე ენგური. ხშირად შეგვიგროვებია ენგურის ნაპირზე შეშა და ახლაც იგივე გავაკეთეთ. ჩვენთან ახლოს არის ოტობაიას საზღვარი, მაგრამ იქ ვერც გადახვალ რომ მოინდომო და თან ვინ გაბედავს ამას”-ამბობს მურმან ალფენიძე.

იუზა ყურუას მეზობელი, რომელიც შეშის შესაგროვებლად მასთან ერთად იმყოფებოდა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში იხსენებს თუ როგორ მოვიდა მათთან ორი რუსი ჯარისკაცი.

“როცა შეშა შევაგროვეთ და უკვე სახლში ვაპირებდით დაბრუნებას შევამჩნიეთ, რომ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცები პირდაპირ ჩვენსკენ მოიწევდნენ. მე შემეშინდა და იუზას ვუთხარი, წავიდეთ ახლა სანამ რამეს გვეტყოდნენთქო. ის მამშვიდებდა, ნუ გეშინია ჩვენი ტერიტორიაა და რა უნდა გვითხრანო. ამ დროს მოგვიახლოვდნენ და რუსულად გვითხრაე “დავაი შიჩას მი პაკატაემსაო”. ამის თქმა და იუზას ხელი მოკიდეს. სანამ ოთხთვალაზე დასვამდნენ მე თავს გაქცევით ვუშველე. უკან რომ მოვიზედე მოშორებით კიდევ მოდიოდნენ რუსი ჯარისკაცები. იქნებოდნენ დაახლოებით ათამდე. იუზა ოთხთვალათი, რომელიც შეშით იყო დატვირთული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიმართულებით წაიყვანეს”-აცხადებს მურმან ალფენიძე.

იუზა ყურუას ოჯახში არაფერი იციან. მათთვის ჯერ უცნობია ოჯახის წევრები რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულია თუ უბრალოდ დაკავებული. ყოველ შემთხვევაში ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია.

სხვა ახალი ამბები: