ნანი მოსიძე: “ნამოქალაქარ”, “ნამემარჯვენალ”, “ნაციონალებს” გენდნენ ზუგდიდელები და ჩვენ რა შეგვეშალა?”

0

995120_539385512789742_1759882772_n“ნამოქალაქარ”, “ნამემარჯვენალ”, “ნააციონალებს” გენდნენ ზუგდიდელები და ჩვენ რა შეგვეშალა? ამ სახის კითხვას სვამს ზუგდიდის ადგილობრივი გაზეთ “ზუგდიდის” მთავარი რედაქტორი ნანი მოსიძე. ამ კითხვას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იმ წევრებს უსვამს, რომლებმაც “ზუგდიდის” დაფინანსებაზე მტკიცე უარი წინა კვირის მორიგ სხდომაზე განაცხადეს.

ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი გაზეთის დაფინანსებაზე საკუთარი მოსაზრება „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წევრმა თენგიზ ხარჩილავამ გამოთქვა. ხაჩილავას შემოთავაზება “ნაციონალებმა” ბათლომე შელიამ, ანა წითლიძემ და წინა მოწვევის საკრებულოს ყოფილმა თაცმჯდომარემ ლევან კონჯარიამ არ მოიწონეს. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გაზეთი “ზუგდიდი” გააკრიტიკეს და გამოცემას კომუნისტების გადმონაშთი უწოდეს.

აღნიშნული კრიტიკის პასუხად ინტერნეტგამოცემა zugdidelebi.ge-მ გაზეთ “ზუგდიდის” მთავარი რედაქტორის ნანი მოსიძის საპასუხო წერილი გამოაქვეყნა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან.

,,იგი ,,მებრძოლი» იყო და ,,მებრძოლად» დარჩა». — ეს ფრაზა, ბატონო დეპუტატო ბათუკა შელია, რბილად რომ ვთქვათ, ზეწოლაა მედიაზე, მაგრამ ამჯერად, ამ კუთხით ნუ განვიხილავთ. უბრალოდ, ეს ფრაზა უპატივისცემლობაა ჩვენი ქალაქის წარსულის,  რომლის განუყოფელი ნაწილია გაზეთი ,,მებრძოლი» თავისი ტრადიციებით, ურთიერთობებით, კრიტიკული და თუნდაც ,,მაამებლური» წერილების კლასიკური ნიმუშებით და ხაზგასმით აღვნიშნავ, იმ კვალიფიციური ჟურნალისტებით, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეში დღესაც ითვლებიან  რეგიონული მედიის კორიფეებად. სწორედ ,,მებრძოლის» გვერდებზე ისწავლა, ასე ვთქვათ, ,,წერა-კითხვა» ჩვენმა უფროსმა თაობამ არა მარტო ზუგდიდში,  და დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნებოდნენ თქვენი ღრმად პატივცემული მშობლები და სავარაუდოდ, თქვენი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ თქვენც. მაგრამ, თქვენი და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილის ბეჭდვითი მედიისადმი ასეთი ,,აგდებული» დამოკიდებულება, ,,გაზეთს არავინ არ კითხულობს,»    სათავეს  იღებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ფრაზიდან ,,მე არ ვკითხულობ გაზეთს»  და თქვენ, უბრალოდ, ბევრი თქვენი კოლეგის მსგავსად, ძალიან მახინჯი, გაურანდავი ფორმით ბაძავთ მას და ასე მიამიტად იმიტომ შემოგელანძღათ ჩვენი ქალაქის ისტორია და მისი აწმყო. თუმცა რატომ მიამიტურად, იქნებ შეგნებულადაც, რადგან საკრებულოს ამ  სხდომაზევე, თქვენმა კოლეგამ, თქვენივე პარტიიდან, ქალბატონმა ანა წითლიძემ ,,სახამუშო» ფრაზა წარმოთქვა ,,საზოგადოება ,,ზუგდიდელისადმი», როცა საკითხი მათი ნაშრომის წილობრივ დაფინანსებას ეხებოდა,- „ზუგდიდელების“ წევრების ობიექტურობა ყველამ იცის და „საინტერესოა, როგორ იქნება ასახული ამ წიგნში ზუგდიდის წარსული და აწმყო“-ო. ბრავო! ეს უკვე თაობათა ბრძოლაა, ბრავო! ისევ ,,ჩარეცხილები?!»

მიუხედავად ყველაფრისა,  ბატონო ბათუკა, იმედიანად ვარ,-ზუგდიდელების  5 პროცენტში მეგულებით… დრო და დრო თვალი გადაავლეთ ,,მებრძოლად» დარჩენილ ,,ზუგდიდს», რომელსაც ძველი ,,მებრძოლისაგან» სულ ცოტა 4-5 თაობა აშორებს, აქვს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტური ეთიკა. რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირს, პატარა მედიაჰოლდინგადაა ჩამოყალიბებული, საკმაოდ პოპულარულ ჟურნალ ,,ზუგდიდელებსაც» გამოსცემს (მერე რაა, რომ დროდადრო სტამბის ვალები აქვს?) ინტერნეტსივრცეშიც  www.zugdidelebi.ge სახელით  მიიწევს წინ და  საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიაკოლეგები შეხვედრებზე, კონფერეციებზე, არაკივით  ყვებიან, როგორ იბრძვის მისი უქონელი კოლექტივი, იყოს მიუკერძოებელი მედიაჯგუფი, რომელიც რევოლუციისა თუ არჩევნების წინ, არცერთი ფონდისგან არ დაფინანსებულა, მიუხედავად პრობლემებისა, არც „მხარე“ გამხდარა, პერიოდულად, თქვენდაგასაკვირად, უფასოდაც  აშუქებს ზუგდიდის ორივე საკრებულოსა და ორივე ხელისუფლის საქმიანობას,  გამოირჩევა თავისუფლების ხარისხით და სანდოობით. …და მაინც გგონიათ,  არ გვენდობიან და არ გვკითხულობენ? გასაკვირია, ,,ნაკომკავშირალ», ,,ნამოქალაქარ», ,,ნამემარჯვენალ» ,,ნაციონალებს» გენდნენ ზუგდიდელები და ჩვენ რა შეგვეშალა, ,,ნამებრძოლარები» რომ ვართ? თუ ,,ზუგდიდს» სხდომაზე, მხოლოდ იმიტომ ,,გაუტყლაშუნეთ», რომ ოპოზიციონერები ხართ და თქვენი როლი ასე უნდა შეასრულოთ?  იმდენი თქვენ  “გიცხონდათ მამა“,  ის გაწუხებდეთ, ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად არ გაიხარჯოს, ან საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ზუგდიდელებს არ გამოეპაროთ. თქვენ მხოლოდ ის გაინტერესებთ, თქვენი ყაყანი საკრებულოში თბილისმა გაიგოს და რამენაირად პოლიტიკაში სავარძლები მყარად მოირგოთ. და კიდევ ბევრი რამ, რომლის უთქმელობაც ამ ეტაპზე უკეთესია…”-ნათქვამია ნანი მოსიძის სამასუხო წერილში.

სხვა ახალი ამბები: