ნაციონალური მოძრაობა თანახმაა საკონსტიტუციო ცვლილებები ახლავე ამოქმედდეს

0

davit_bakradzeნაციონალური მოძრაობა მზად არის, იყოს კონსტრუქციული და ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას, ასევე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უფლებამოსილებასა და დამოკიდებულებას განსაზღვრავს, დღესვე აამოქმედოს. ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

“ჩვენი შეთავაზებაა, რომ ახალი კონსტიტუციის დიდი ნაწილი ამოქმედდეს დღესვე და არ დაველოდოთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უკიდურესად კონსტრუქციული შეთავაზებაა და ამ პროცესში მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის იყო ზრუნვა არა იმაზე, თუ ვის რა უფლებამოსილება ექნება და ვინ რამდენად მყარად იგრძნობს თავს საკუთარ სკამზე, არამედ ზრუნვა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე,“ _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება გახსნის გზას სხვა საკითხების დასარეგულირებლადაც, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოების დასამშვიდებლად, მათ შორის საუბარია დაპატიმრებების ტალღის შეჩერებაზე და მთლიანობაში საზოგადოების სტაბილურობის და სიმშვიდის ახალ ეტაპზე გადასვალზე.

ბაქრაძემ ნაცმოძრაობის შეთავაზებას უაღრესად პოზიტიური და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული უწოდა. იგი ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ამ შეთავაზებას საპარლამენტო უმრავლესობაშიც პოზიტიურად შეხვდნენ.

“ჩვენი პოზიციაა, რომ ყველა იმ თემასთან მიმართებაში, რაც აწუხებს მთავრობას, კერძოდ ეს არის ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, მთავრობას და პარლამენტს შორის და პრეზიდენტს და პარლამენტს შორის, ყველა ამ ნაწილთან ურთიერთობაში ჩვენ მზად ვართ ვიყოთ კონსტრუქციულები და მზად ვართ, რომ ეს ნაწილი მთლიანად ავამოქმედოთ დღესვე. რაც შეეხება სხვა უფლებამოსილებებს, მიდის მოლაპარაკება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიჩქარე არ ღირს და მათი ძალაში შესვლა შესაძლებელია მოხდეს ოქტომბრიდან, როგორც ეს თავიდან იგეგმებოდა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა იმაზე თუ რა საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება დღესვე და რა – ოქტომბრის თვეში.

შეგახსენებთ, რომ არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის და მინისტრთა ახალი კაბინეტის თვითონ ფორმირების უფლება აქვს, თან ისე, რომ პარლამენტის მხარდაჭერა არ სჭირდება. უმცირესობა სწორედ ამ მუხლის შეცვლას მოითხოვს.

სხვა ახალი ამბები: