“ნაციონალური” საკრებულოს “მფარველობის” ქვეშ მყოფი საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში აღარ არის

0

klubi zugdidiზუგდიდის “ნაციონალური” საკრებულოს მიერ წინა წელს “ჩაბარებული” საფეხბურთო გუნდი, ზუგდიდის “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ წინა წლის დეკემბრის თვეში აიღო ვალდებულება ზუგდიდის საფეხბურთო გუნდს თავად უპატრონებდა და ევროპის საფეხბურთო ლიგაშიც გაიყვანდა, არ გამართლდა. ზუგდიდის “ზუგდიდი” დღეის მდგომარეობით საქართველოს უმაღლეს ლიგაშიც აღარ არის. ზუგდიდის საკრებულოს მაღალჩინოსნები, რომლებიც აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით წინა წელს აღშფოთებას ვერ მალავდნენ, ამჟამად დუმან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის “ზუგდიდის”  დირექტორად დაინიშნა მალხაზ ჭეჟია. საფეხბურთო კლუბს მაშინ დაფინანსების სახით ბიუჯეტიდან 700.000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, რომელიც უნდა გადანაწილებულიყო ხელფასებზე. ხელფასებში კი იგულისხმებოდა, როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის გასაცემი თანხები. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 700.000 ლარი მხოლოდ ხელფასებზე გადანაწილდებოდა, რომელიც წინასწარ გაცემული კონტრაქტების მიხედვით მხოლოდ ექვსი თვის გასამჯელოს ფარავდა. საფეხბურთო კლუბს სხვა მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიდან არაფერი რჩებოდა. smo.ge-ს წყაროს ცნობით, ახალ ხელმძღვანელობას სწორედ ამ თანხიდან მოუწია წინა წლის ორი თვის, ნოემრისა და დეკემბრის სახელფასო დავალიანების დაფარვაც. გამომდინარე აქედან, საფეხბურთო კლუბს საკუთარ სახსრებში მხოლოდ 450.000 ლარამდე რჩებოდა.

ახალმა ხელმძღვანელობამ საფეხბურთო კლუბის ძველი დავალიანებები დაფარა, თუმცა სავარჯიშო მოედნებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. საამისოდ მათ გამოსავალი იპოვეს და ვარჯიშები დაიწყეს საკუთარი სახსრებით გარემონტებულ რუხის სტადიონზე და ზედაეწერის ბაზაზე, რომელიც ამავე საფეხბურთო კლუბის ბაზას ექვემდებარებოდა. ვარჯიშებისა და კლუბის ამოქმედებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა მწვრთნელის დაქირავების საკითხი. კლუბის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები ამ მიმართულებით ცნობილ ფეხბურთელთან, ოთარ გაბელიასთან აწარმოა, თუმცა თავიდან ფასზე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ კი გაბელიასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ყოველთვიურ ხელფასზე, 5.000 ლარზე. ოთარ გაბელიამ გუნდს სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა.

გაბელიას შემდეგ კი გუნდის მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი გახდა, რომელიც გაბელიასგან განსხვავებით თვეში 2.500 ლარზე დათანხმდა.საფეხბურთო კლუბის მაშინდელი თანამშრომლები smo.ge-სთან იხსენებენ, რომ ქომეთიანის მწვრთნელად ყოფნის პერიოდში  ზუგდიდის “ზუგდიდი” ექვსეულში იმყოფებოდა და მითუმეტეს გუნდი უმაღლესი ლიგიდან არ გავარდნილა. ამასობაში კი, უსახსრობის გამო ზუგდიდის “ზუგდიდი” ე.წ ძვირადღირებულმა ფეხბურთელებმა დატოვეს. მიუხედავად ამისა გუნდში საკუთარი სურვილით დარჩნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც ასევე ითვლებოდნენ “ძვირადღირებულებად”, თუმცა  ისინი ნაკლებ ხელფასზე მაინც დათანხმდნენ. გარკვეული გადახალისების შემდეგ საფეხბურთო გუნდი თურქეთში გაემგზავრა. მეზობელ სახელმწიფოში ზუგდიდის “ზუგდიდმა” ექვსი მატჩი გამართა. ექვსი თამაშიდან გუნდმა სამი მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ კი საფეხბურთო კლუბში პრობლემები დაიწყო. გუნდმა, რომელმაც თურქეთში ბრწყინვალედ ითამაშა, უკუსვლა დაიწყო. პირველი წამგებიანი მატჩი ბოლნისის “სიონთან” აღმოჩნდა, ტოტალური წაგება იწვნია გუნდმა გორშიც. ყოველივე ამის შემდეგ გუნდის მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი თანამდებობიდან გადადგა, თუმცა კლუბის მაშინდელმა დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ ქომეთიანის განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა. მიუხედავად ყველაფრისა საჭირო გახდა გუნდისთვის ახალი მწვრთნელის მოძიება.

საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობამ სწორედ ამის შემდეგ ისევ დაიწყო გუნდის სავარაუდო მწვრთნელებთან მოლაპარაკება. მალხაზ ჭეჟიამ საუკეთესო მწვრთნელთან, მალხაზ ჟვანიასთან გამართა მოლაპარაკებები ამის თაობაზე, მაგრამ ამაოდ. საამისოდ გუნდს თანხები არ აღმოაჩნდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ფეხბურთელი კლიმენტი წიტაიშვილი. smo.ge-ს წყაროს ცნობით, წიტაიშვილმა, რომელიც მაშინ უკრაინის ქალაქ კიევში იმყოფებოდა თავად დაურეკა საფეხბურთო კლუბის დირექტორს და საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა აქვე ცნობილი გახდა რომ წიტაიშვილი არ იყო A ლიცენზიის მფლობელი და მას მხოლოდ B ლიცენზია გააჩნდა. მიუხედავად ამისა მან შეთავაზებულზე დადებითი პასუხი მიიღო და ზუგდიდში ორ დღეში ჩამოვიდა.

წიტაიშვილს საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია თვეში 3.000 ლარის გადახდაზე დათანხმდა. ამ დროს კი სქაფეხბურთო კლუბის ანგარიშზე მხოლოდ 47 ლარი რჩებოდა. ამასთანავე საფეხბურთო კლუბში კვლავ იქმნებოდა სავარჯიშო ბაზის პრობლემები.  მიუხედავად ამისა გუნდმა მაინც შეძლო ფეხზე დადგომა, თუმცა თამაშები მხოლოდ წაგებითა და ფრედ მთავრდებოდა. ზუგდიდის “ზუგდიდს” წიტაიშვილის მწვრთნელობის პერიოდში არცერთი გასვლები არ ჰქონია. სწორედ ეს გახდა უთანხმოების მიზეზი მალხაზ ჭეჟიასა და კლიმენტი წიტაიშვილს შორის.

საფეხბურთო გუნდის მწვრთნელსა და კლუბის დირექტორს შორის უთანხმოებამ უფრო მაშტაბური სახე მიიღო და ამ უთანხმოებებში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარიაც ჩაერთო. მაქაცარია მალხაზ ჭეჟიას ღიად დაუპირისპირდა და ბრალი დასდო საფეხბურთო გუნდის უკუსვლაში. მაქაცარია ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ფეხბურთელები გასკოჩილი ბუცებითა და გახეული მაისურებით თამაშობდნენ. ამაში კი საფეხბურთო კლუბის დირექტორს ადანაშაულებდა.

პარალელურად გუნდის მწვრთნელმა კლიმენტი წიტაიშვილმა ფეხბურთელებთან საიდუმლო შეკრების ჩატარება დაიწყო. სრულიად მოულოდნელად, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას კლუბის დირექტორიც შეესწრო. სარწმუნო წყაროს ინფორმაციით წიტაიშვილი ფეხბურთელებს ჭეჟიას წინააღმდეგ ხელოვნურად ამხედრებდა. მწვრთნელი გუნდის წევრებს არწმუნებდა, რომ მას ჰყავს სპონსორი, რომელიც ფეხბურთელებს ხელფასს გადაუხდის, თუმცა ამას კლუბის დირექტორი ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამის ნიადაგზე მწვრთნელსა და დირექტორს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

ლანჩხუთში გამართული მატჩის მარცხის შემდეგ მალხაზ ჭეჟიამ კრება მოიწვია, სადაც კლიმენტი წიტაიშვილი არ გამოცხადდა. მვრთნელი კრების მსვლელობისას კლუბის დირექტორის ზარებსაც არ პასუხობდა. სწორედ ამის შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კლიმენტი წიტაიშვილი თანამდებობიდან გადაეყენებინათ. წიტაიშვილს მის გადაყენებაზე თავიდან რეაქცია არ ჰქონია, თუმცა შემდეგ მან საფეხბურთო კლუბში “ნაციონალურ” გუნდთან ერთად ფეხბურთელები შეკრიბა. მწვრთნელის დროებით შემსრულებლად იქვე ბადრი თუთბერიძე დაინიშნა, ტუმცა განაწყენებული წიტაიშვილი და მისი “გუნდი” რომელიც მან ფეხბურთელებთან შეხვედრაზე დაპატიჟა, არ ცხრებოდა.

ამის შემდეგ საფეხბურთო კლუბის დირექტორმა გუნდის ახალ მწვრთნელად სერგო გაბელაია შეარჩია, თუმცა “ამბოხებულმა” წიტაიშვილმა ახალ მწვრთნელსა და მის გუნდს ვარჯიშებისას ხელოვნური პრობლემები შეუქმნა. ამასობაში კი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თვითთმართველი რგოლიდან დირექტივებიც წამოვიდა. კლუბის დირექტორს წიტაიშვილის აღდგენას მწვრთნელის თანამდებობაზე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დაჟინებით თხოვდა. მაღალი თანამდებობის პირი პირდაპირ აცხადებდა, რომ მან განკარგულებაც კი გასცა წიტაიშვილის დაბრუნებაზე. (ცნობისათვის, კლიმენტი წიტაიშვილი საკრებულოს ყოფილი თანამშრომლის, ელზა კვარაცხელიას ახლო ნათესავია. აღნიშნული დირექტივები კი სწორედ საკრებულოდან გაიცემოდა, რომელსაც დღემდე “ნაციონალური მოძრაობა” მართავს)

საკრებულოს მაღალი თანამდე3ბობის პირების დირექტივა და საფეხბურთო კლუბის უარი წიტაიშვილის მწვრთნელად დაბრუნებაზე, საფეხბურთო კლუბის დირექტორის თანამდებობიდან წასვლით დამთავრდა. ამის შემდეგ კი საფეხბურთო კლუბის და თავისთავად გუნდიც საკრებულომ “ჩაიბარა”. კლუბის ახალ დირექტორად მათთვის სასურველი კანდიდატურა დაინიშნა, ხოლო არასასურველი პერსონები კლუბიდან “შენ ჩვენიანი არ ყოფილხარ” პრინციპით სამსახურიდან დაითხოვეს.

მას შემდეგ რაც “ნაციონალურმა” საკრებულომ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი გუნდთან ერთად ჩაიბარა, მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა, რომელსაც საკრებულომ ხელფასის სახით თვეში 6.000 ლარი გამოუყო, ხოლო თავად წიტაიშვილი გუნდ დაუბრუნდა როგორც ფეხბურთელი. სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით “ნაციონალურმა” საკრებულომ წიტაიშვილს კვარაცხელიების ნათესაობა დაუფასა და სამმაგი ხელფასი დაუნიშნა. კლიმენტ წიტაიშვილის ხელფასმა 4 თვის განმავლობაში პრემიებთან ერთად 10. 906 ლარი შეადგინა. ოთხი თვის განმავლობაში კი “ცნობილმა” ფეხბურთელმა მეტოქის კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ იმ ფეხბურთელების სია და მათი სახელფასო განაკვეთიც მოიპოვა, რომლებიც ზუგდიდის “ზუგდიდში” განთქმულ მოთამაშეებად იქნენ მოყვანილნი.

1scanscan2მირცხულავა ბაქარი-“ზუგდიდის” ფეხბურთელი, რომელმაც 4 თვის განმავლობაში ხელფასისა და პრემიის სახით  სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15. 794 ლარი აიღო

ქვილითაია მაქსიმე- 4 თვის განმავლობაში ხელფასისა და პრემიის სახით 14.812 ლარი აიღო

კრკელიჩი ჯორჯ- ხელფასისა და პრემიის სახით 4 თვის განმავლობაში 15.937 ლარი აიღო

ქებაძე ლაშა- ხელფასისა და პრემიის სახით ოთხი თვის განმავლობაში 13. 625 ლარი აიღო

კირკიტაძე დათო- ხელფასისა და პრემიის სახით ოთხი თვის განმავლობაში 24. 188 ლარი აიღო.

საინფორმაციო სააგენტომ საფეხბურთო კლუბის მიერ 2013-2014 წლებში გახარჯული თანხების სრული სია მოიპოვა, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ 2013 წელს გახარჯული თანხები ორჯერ ნაკლებია 2014 წლის ოთხი თვის მანძილზე გახარჯულ თანხებზე. განსხვავება მხოლოდ ერთია, რომ ზუგდიდის “ზუგდიდი” 2013 წელს უმაღლესიმ ლიგიდან წლევანდელთან შედარებით არ გავარდნილა.

და კიდევ ერთი, საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებსა და ტანამშრომლებს 2014 წლის აპრილის თვის ხელფასები ჯერაც არ მიუღიათ. მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

 

სხვა ახალი ამბები: