ნიკა ვაჩეიშვილი “პრაიმტაიმში” ღია წერილს აქვეყნებს

0

22ამას წინათ კულტურის სამინისტროში ვიყავი. ბატონი მირიანე და მარინე ჩემს წინ კი ისხდნენ, მაგრამ შეგრძნება მქონდა, თითქოს მე პირი კედლისკენ მქონდა, მათ კი ფანჯრისკენ – საუბარი ვერ შედგა – მხოლოდ სიტყვები ისმოდა რიგრიგობით. დარგზე და მემკვიდრეობაზე აქამდე არასდროს გვისაუბრია, მაგრამ გადაწყდა – მე თანამდებობა უნდა დავტოვო ,,ხედვის განსხვავებისა გამო”. ძალიან კარგი, – ჩემთვის უკეთესიცაა, თავისუფლებას არაფერი მირჩევნია და თან ამ ადამიანებთან, ელემენტარულს რომ ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს – მუშაობა შეუძლებელი იქნება. ვაშა თავისუფლებას. კი არ წამოვედი, გამოვფრინდი იქიდან.
ამდენი ხნის ტვირთი (9 წელი მემკვიდრეობის დარგის მესვეურად ყოფნა უდიდესი პატივი და ურთულესი ტვირთია) – ერთბაშად (ჩა)მომხსნეს. სულ რამდენიმე ხანში მოდის ბრძანებაც – აქ კი ხედვის განსხვავებულობაზე აღარაფერი წერია, სამაგიეროდ პრეამბულაში საპატიოდაა გაცხადებული, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ,,სააგენტოს არადამაკმაყოფილებელი მუშაობის გამო”!.. – ოოოო. საქმეში არ ჩაიხედო და აკვიატებით საქმე ისე შეაფასო? მართლა ძალიან დასანანია – ჩემს უკან ხომ თავის საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალთა მთელი გუნდი დგას!

ამიტომ გადავწყვიტე ამ ,,ოპუსის” დაწერა – ვინიცობაა ჩემმა ბატონმა მირიანემ და მარინემ ამ წერილით მაინც გაიგონ სიძველეებზე ჩატარებული მკურნალობის ,,ძირითადი საკითხები”- მათ ხომ ის სიძველეები, რომლებზეც ამდენი ხალხი თავგადაკლულად მუშაობდა, არც კი უნახავთ…
საიდან დავიწყო? საიდანაც გნებავთ – ძეგლებით სავსე საქართველოს ყველა რეგიონში უამრავი გვაქვს სათქმელი, ეს წერილი სრულად ამას ვერ გაწვდება, მაგრამ მაინც.

სვანეთი. ნეტა გცოდნოდათ ჩემო ბატონო მირიანე და მარინე სვანეთში სტუმრობისას 200 გაჯანსაღებული კოშკის ამბავი, ან უძველესი დაუძლურებული მაჩუბების გაჯანსაღების ის საოცარი სისტემა, რომელიც ჩვენმა დიდმა კონსტრუქტორებმა (ბატონები გიგლა ჭანუყვაძე, გიორგი სოსანიძე) დანერგეს და განახორციელეს ზემო სვანეთში. თქვენ, ალბათ, არც გენიალური სოფლის – ლახირის ამბავი იცით, იოსელიანების სოფლის კოშკების რესტავრაციის ისტორია. არც ის კოშკები გაგეგონებათ, რომლებიც ფეხდაფეხ დაიარეს ჩემმა დაუზარელმა თანამშრომლებმა, ყველაზე დაზინებულები ,,სატიტულო სიაში” შეიყვანეს და ამით გადაარჩინეს კიდეც!

ქვემო ქართლი გაგიგონიათ? ბოლნისის სიონისა და წუღრუღაშენის შედევრების შესახებ, ალბათ, ახალგაზრდობაში წაგიკითხავთ. გაგიკვირდებათ და სააგენტოს თანამშრომლებმა აქაც მიაღწიეს და მაგალითად, წუღრუღაშენში ურთულესი კონსტრუქციული ,,ოპერაცია”” ჩაატარეს. აღარაფერს ვამბობ ქვემო ქართლის ჩხიკვთაზე და ხატისოფელზე, მიუვალ პირღებულზე, მარტივ, მაგრამ გენიალურლექსიან ქციაზე, უღონივრეს რევაზაშენის ბაზილიკაზე, ბურთულაქვებიან ტბისზე და ასურელი მამების ლოდებით ჩამოქნილ აკაურთაზე. გამოდით კაბინეტებიდან ბატონებო, გამოდით. აღიჭურვეთ, იმოგზაურეთ, ნახეთ, ჯანსაღად და რეალურად შეაფასეთ გაკეთებულიც, გასაკეთებელიც…

სამწუხაროა, რომ თქვენ, სააგენტოს შესახებ კი არა, ბიძინა ივანიშვილის ფონდის შესახებაც არაფერი იცით, რა ძეგლები გვიკეთებია ერთად, რა დაგვიგეგმავს, რა შედეგები მიგვიღია რაჭაში და კახეთში, შიდა ქართლსა და გურიაში, იმერეთში… არც იმ 2000 ადამიანის შესახებ გეცოდინებათ ყოველ სეზონზე სარესტავრაციო პროექტებით ღირსეულად რომ არჩენენ ოჯახებს. მოიარეთ სოფლები, გაესაუბრეთ იმ ხალხს ვისი სიძველეებიც აღდგა კალაურში, რკონში, ფავნისში, ნოსტეში, ნიჩბისსა დ ვაჩნაძიანში, ოზაანში, ნიალაზე, ოშორაში, ვარდისუბანსა და ყიტაანში, ხიმშში, თედორეწმინდაში, რა ვიცი კიდევ სად, გაესაუბრეთ მონასტრებს, გაიგეთ მათი საჭიროებანი, დაგეგმეთ და გააკეთეთ ბერებთან ერთად, მამებს გაუმართეთ ხელი მრევლის გაძლიერებაში დაცარიელებული ეკლესიების აღდგენით, ვისაც ეს ძალუძს გააყვანინეთ გზები რესტავ­რატორებისათვის, სადაც ეს შეუძლებელია ატარეთ მასალა სახედრითა და ცხენით, ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით. ჰკითხეთ რესტავრატორებს, ამდენი საქმე ჰქონიათ ოდესმე? მხოლოდ პროექტებით კი არა, ჯანსაღ შემფასებელთან ერთად უკამათიათ ამდენი ხარაჩოზე, თავად ძეგლის კედლებთან? დიახ ბატონებო! ჩვენ ველზე ვცხოვრობდოთ, მუდმივ ძიებასა და დაგეგმვაში, კვლევასა და შეფასებაში, სირთულეების დაძლევასა და განხორციელებაში, ძალზე იოლია თქვა ,,მეტი შეიძლებოდა გაკეთე­ბულიყო!”, ან ,,მე სხვანაირად მომეწონებოდა!”, ძალიან იოლია ჰაიჰარად წამოძახილი, მაგრამ თუ სერიოზული პასუხისმგებლობა გაკისრია, მაშინ? ამ კითხვას თქვენ უპასუხეთ.

და მაინც, ყინწვისი იცით სადაა? ალბათ, იცით, მაგრამ ის არ გეცოდინებათ არქიტექტურისა და კედლის მხატვრობის ამ შედევრს რა სჭირდა წლების (ათწლეულების!) განმავლობაში. აბა, საიდან უნდა იცოდეთ, როცა ან ამ სფეროში არ იყავით, ან სულაც საქართველოში. ევროპის თბილი ქალაქებიდან არა მგონია ყინწვისის ნესტზე და წყლის მიგრაციის პრობლემებზე ჩაფიქრებულიყავით. დიახ, ნუ იტყვით და აქაც სააგენტომ და ფონდმა გადაჭრეს ეს დიდი ხნის ღია საკითხი. თქვენ როცა აქ არ იყავით, სწორედ მაშინ მოიპოვა ჩვენმა გუნდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული სარესტავრაციო პრემია ,,ევროპანოსტრა” – ტიმოთესუბნის სანიმუშო კონსერვაციისთვის. და უბისა? შეიძლება გზაზე შეგივლიათ კიდეც და დამტკბარხართ მისი მშვენიერებით, მაგრამ ეგებ იქაური მღვდლებისთვის მაინც გეკითხათ, რა სამუშაოებია ჩატარებული მისი არქიტექტურის და გენიალური ფერწერის გადასარჩენად. და თუ საქართველოში ვერ იგებდით ამას, დღეს რიხით რომ ხვდებით საერთაშიროსო ორგანიზაციებს, ეგებ მსოფლიო კონსერვაციის ცენტრისთვის (Iccrom) მაინც გეკითხათ ჩვენი თანამშრომლობისა და ძეგლებზე გადაჭრილი პრობლემების შესახებ. მცხეთის ჯვარს კი აუვლით-ჩაუვლით, მაგრამ იცით რა საკითხები გადაიჭრა ამ უძველეს ორგანიზმში? ქვის გამოქარვის საწინააღმდეგოდ და ერთ-ერთი პირველი ეკლესიის საკონსერვაციოდ. დიახ, ეს პროცესიც სააგენტოში დაიგეგმა და განხორციელდა, სამხატვრო აკადემიის ჩვენიმე დაარსებული ერთიან კონსერვაცია-რესტავრაციის ფაკულტეტთან ერთად და მის ლაბორა­ტორიებში. იცით სად მდებარეობს აკადემიის ეს უმნიშვნელოვანესი კერა? ეგებ გამოძებნოთ დრო და მიხვიდეთ, იქ ნახავთ როგორ მუშაობენ ჩვენი სტუდენტები ლაბორატორიებში და შემდეგ ხარაჩოზეც. რა ხარისხის სამუშაოები შეუძლიათ ჩაატარონ ამ უკვე საკმაოდ გამოცდილმა ახალგაზრდებმა. ჩემი თუ არ გჯერათ, ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტს ჰკითხეთ.

კურტოს ინსტიტუტი კი ალბათ, გაგეგონებათ (The Courtland Institute of Art), მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კვლევითი და საკონსერვაციო ცენტრი. ელექტრონულ ფოსტას ხომ იყენებთ? ჩემი და ჩემი თანამშრომლების მაილებზე არასდროს გიპასუხიათ, მაგრამ მისწერეთ კურტოს დირექტორს და მისგან გაიგებთ, ჩვენთან გაფორმებული მემორანდუმის შესახებ, მისგანვე გაიგებთ სააგენტოს შესახებ ობიექტურ შეფასებას, რომელიც, ვეჭვობ, თქვენეულისაგან დიდად განსხვავდება.

ვარძია გაგეგონებათ, ალბათ. ეგებ საერთაშორისო საინჟინრო გეოლოგიური ასოციაციისათვის ან გარემოს დაცვისა და კვლევის იტალიის ინსტიტუტისთვის (International Association for Enginering Geology and the Environment; Italian National Institute for Environmental Protection and Research (ISPRA) მიგეწერათ და გეკითხათ, რა პროექტს ახორციელებს სააგენტოსთან ერთად ვარძიაში. მათთვის გეკითხათ ვინც ვარძიის პარალელურად მუშაობს მსოფლიო შედევრებზე – მაჩუპიქჩუზე, იორდანიის პეტრაზე, კაპადოკიის მღვიმეებზე…
რატომღაც, თქვენ მხოლოდ იმ ადამიანებს უსმენთ, ვინც თავისი უნიათობით, ამ წლების მანძილზე, ამ პროცესებისგან შორს იდგა და ახლა ცდილობს გესლი დაღვაროს და სხვას მოსცხოს ჩირქი.

ჩემს წერილში აღარაფერს ვამბობ სააგენტოს სხვა მიმართულებებზე, რომელიც თქვენ არც კი გაგიგიათ და გინახავთ, ევროპული ტიპის რამდენიმე განახლებულ მუზეუმზე, ძეგლთა ინფრასტრუქტურაზე, გამოცემებზე, ინვენტარიზაციაზე, ელექტრონულ სისტემებზე, ევროკავშირიდან ჩვენი სააგენტოსთვის მოპოვებულ მილიონ დოლარზე თუ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომელშიც უამრავი მოწაფე მონაწილეობს. არაფერს ვამბობ იმ გამოფენზე, სადაც ჩვენ ყველა ეს მიმართულება წარვუდგინეთ საზოგადოებას. მისი ნახვისას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ბრძანა – ,,გრანდიოზული საქმეა გაკეთებული”. თქვენი შეფასება კი აქაც საპირისპიროა…

…ძალიან სამწუხაროა ასეთი აკვიატება, ასეთი არაპროფესიონალიზმი. მე, მაინც გისურვებთ წარმატებებს. თქვენ ბრძანეთ – ჩვენი ხედვები განსხვავდებაო – დიახ, ჩემი მრწამსისთვის ასეთი არაპროფესიონალიზმი და ცალმხრივობა, სრულებით შეუწყნარებელია. კიდევ ვიმეორებ, ჩემი დათხოვნით მე სიხარული მომანიჭეთ, მაგრამ დარგისა და ჩატარებული ტოტალური სამუშაოს ერთი ხელის დაკვრით გალანძღვა, თქვენივე საქმიანობის ძალიან ცხადი ჩიხი მგონია!

სხვა ახალი ამბები: