ნიკიტა მარშუნოკი – “ანაკლიას ახალ მსოფლიო მექად ვაქცევთ”

0

DSC06068-600x33217 ივნისს ანკალიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ რესპუბლიკა – Z“-ის ჯგუფმა, რუსი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. 25 – მდე ჟურნალისტი საქართველოში, სპეციალურად, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს დაგეგმილი, „რესპუბლიკა -Z“-ის პროექტის გასაშუქებლად ჩამოვიდა.
მედია-ტურის მხარდამჭერია საქართველოს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტი.

„რესპუბლიკა – Z“-ის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 15 კაციანი ჯგუფი, მოსამზადებელ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.

მან რუს და უკრაინელ ჟურნალისტებს აუხსნა, რომ ანაკლია-განმუხურის სანაპირო მისი ბუნებრივი პირობებით და უკვე არსებული ინფრასტრუქტურით, ზედგამოჭრილი აღმოჩნდა იმისათვის, რომ პროექტ „რესპუბლიკა – Z“-ის საქართველოში განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიეღოთ. პრესკონფერენციაზე ნაჩვენები იქნა საპრეზენტაციო ფილმი, რომელიც „რესპუბლიკა – Z“-ის ნანა-ფილმების სტუდიამ უკვე ანაკლიაში გადაიღო. „რესპუბლიკა – Z“ -ის გუნდმა წარმოადგინა პროექტის პროგრამა, რომლის თანახმად სხვადასხვა მოედანზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სპორტული და სანახაობრივი „ივენთები“.

წელს „რესპუბლიკა – Z“ – ის სტუმრები იხილავენ 100- ზე მეტ დიჯეის და მუსიკოსს უკრაინიდან, რუსეთიდან, ევროპიდან და საქართველოდან. ასევე, აქ იმოქმედებს კინოთეატრი ღიას ცის ქვეშ, სადაც ღამის საათებში კინოჩვენებები გაიმართება.

მანვე აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, ჩამოსული და ადგილობრივი სტუმრების პროცენტული თანაფარდობა 60/40 იქნება. ჟურნალისტების კითხვები ძირითადად ტრანსპორტირების საკითხებს ეხებოდა. მარშუნოკის განმარტებით ხუთშაბათიდან მათ საიტზე დაიდება სრული ინფორმაცია ტრანსპორტირებასა და ვიზებთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა იმას, საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ აეროპორტიდან „რესპუბლიკა – Z“- ის ვიზის მქონე სტუმრებს დანიშნულების ადგილამდე უფასო „შათლები“ მოემსახურება. ასევე მათი გუნდის გადაწყვეტილებით, ქართველი და უკრაინელი ქალბატონებისთვის „რესპუბლიკა – Z“ – ის ვიზები უფასოა. ჩამოსული სტუმრები დაბინავდებიან ანაკლიის სასტუმროებში, სადაც ყველა ნომერი ამ პერიოდისთვის უკვე დაჯავშნილია. დაიტვირთება კერძო სექტორიც, რომელთანაც მიმდინარეოს მოლაპარაკებები. ასევე დაიდგმება კემპინგები, ზღვაში კი მცურავი სასტუმრო მოეწყობა.

მედია ტურის მონაწილე უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრო სიჩმა, რომელიც მუსიკალურ არხს M1 წარმოადგენს, თქვა, რომ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის პირველად იყო საქართველოში და მიაჩნია, რომ ის სივრცე და შესაძლებლობები, რაც არსებობს ანაკლიაში საშუალებას მისცემს ორგანიზატორებს პროექტი წარმატებულად განახორციელონ. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის განვითარება მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად აქცევს.

გაზეთ „რუსკი რეპორტიორის“ კორესპონდენტი ნატალია ზაიცევა საქართველოში უკრაინის გავლით ჩამოვიდა. ის ჩვენს ქვეყანაში პირველადაა და მიაჩნია, რომ ანაკლია იდელური ადგილია ასეთი პროექტის განსახორციელებლად. „ადრე არასოდეს ვყოფილვარ კაზანტიპში, თუმცა გავრცელებული მასალებისა და გამოხმაურებების მიხედვით, ანაკლია 10 – ჯერ უფრო მოსახერხებელია მსგავსი პროექტისთვის, ვიდრე-პოპოვკა. პროექტი ძალიან პოპულარულია რუსეთში, განსაკუთრებით, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში. ჩამოვლენ თუ არა ისინი აქ, დამოკიდებულია მათ ფინანსურ შესაძლებლობებზე, რადგან საქართველოში მგზავრობა გაცილებით უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ყირიმში, ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე. თუმცა მე ვთვლი, რომ მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა, აქ გაცილებით უფრო მეტი ევროპული ფასეულობები და ჩვევები დავინახე, ვიდრე რუსეთში“ , – აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „რესპუბლიკა – Z“ – ის პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა აღნიშნა, რომ ძირითადი ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში „რესპუბლიკა – Z“ – ის გუნდი ანაკლიას უკვე სრული შემადგენლობით ეწვევა და დაიწყება პროექტისთვის ინფრასტრუქტურისა და მოედნების მოწყობა.

„ახალი ფურცლიდან ვიწყებთ, ანაკლიას ახალ მსოფლიო მექად ვაქცევთ, ვრჩებით სახელმწიფოდ და გავაგრძელებთ ჩვენი რესპუბლიკის სრულყოფაზე ზრუნვას“- განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.

რადიო “ათინათი”

სხვა ახალი ამბები: