ნორლანდი: აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

0

richardსაქართველოში აშშ–ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი რუსეთის მხრიდან აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს შორის ხელოვნური საზღვრების აღმართვას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ „გულდასაწყვეტია ქმედებები, რომლებიც რეგიონის ხალხების დაშორებას ისახავს მიზნად“.

როგორც ელჩმა ზუგდიდში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, „აშშ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

„როდესაც გესმის, რომ ადამიანს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა იმის გამო, რომ საზღვრის გადმოლახვა ვერ შეძლო, დაიღუპა, ტრაგიკული განცდა გეუფლება. რა საკვირველია, მთელს რეგიონში შენარჩუნებული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები, განსაკუთრებით – ოლიმპიური თამაშების წინ, მაგრამ მეორეს მხრივ, ხალხი ელოდება ახალ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიხსნას ის ბარიერები, რომელიც ადამიანებს აშორებთ და როგორ დამყარდეს უკეთესი კონტაქტები აღნიშნული რეგიონების მოსახლეობაში”, – განაცხადა ნორლანდმა.

ამასთან, აშშ-ის ელჩის შეფასებით, „აბრეშუმის გზის ახალ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერსპექტივები ელის და სრულიად გაუგებარია, რატომ არ უნდა მონაწილეობდნენ ამაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი“.

„ყველა ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული, რათა აღდგეს ადამიანური კონტაქტები მხარეებს შორის“, – დასძინა ნორლანდმა.

სხვა ახალი ამბები: