ომბუდსმენის განცხადებით მათ წარმომადგენლებს ციხეში ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან

0

nanuasსახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის წარმომადგენლებს დაბრკოლებებს ხელოვნურად უქმნიან.

სახალხო დამცველი დამატებით უფლებამოსილებას ითხოვს. უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის ციხეებში ფოტო გადაღების უფლების მიცემის ინიციატივით გამოდის.

როგორც ნანუაშვილი ამბობს, ერთ-ერთ შემთხვევის დროს, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომელმა საგამოძიებო ოთახში შესვლისკენ აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მოუწოდა.

ნანუაშვილის თქმით, რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საგამოძიებო ოთახში შევიდნენ და ვითარებაში გარკვევას შეეცადნენ.

„ზემოხსენებულმა თანამშრომელმა მათთან საუბარი არ ისურვა და კარი გარედან ჩაუკეტა. ამავე დაწესებულებაში, სახალხო დამცველის წარმომადგენელს საჩივრების ყუთზე არსებული ლუქის თარიღისა და მთლიანობის შემოწმების საშუალება არ მისცეს. შემთხვევები იყო, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს საკანში პატიმარის დაუყოვნებლივ ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. ხოლო, მე-7 და მე-15 დაწესებულების ტერიტორიაზე შესვლისას, მათ მაჯის საათების დატოვებას დაჟინებით სთხოვდნენ, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნას წარმოადგენს, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ნანუაშვილს მიაჩნია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სამსახურებრივი შემოწმება აუცილებელად უნდა ჩაატაროს და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს.

სხვა ახალი ამბები: