ომის ვეტერანები ბიძინა ივანიშვილისგან #5208 წერილზე რეაგირებას მოითხოვენ

0
1351840149_davit-daraxvelidzeომის ვეტერანები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან #5208 წერილზე რეაგირებას მოითხოვენ. ვეტერანების მიერ 14 თებერვალს მთავრობის კანცელარიაში ჩაბარებული წერილის ტექსტს   smo.ge  უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონო ბიძინა, გვაქვს პატივი მოგესალმოთ და კმაყოფილება გამოვთქვათ ომის ვეტერანთა  სოციალური დაცვისა და სახელმწიფო სამსახურის ორგანიზების საკითხებისადმი თქვენი სახელმწიფოებრივი მიდგომის გამო. დარწმუნებული ვართ,  ყველაფერს გააკეთებთ  ომის ვეტერანების სოციალური რეაბილიტაციისათვის, მათი ღირსებისა და პატივის აღდგენისათვის.
თავს ვალდებულად ვთვლით, გაცნობოთ იმ საგანგაშო ფაქტის შესახებ, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება თქვენს  პოლიტიკას ვეტერანების მიმართ და ჩვენი აზრით, საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას.
მიმდინარე წლის 31 იანვარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან  №16-კ  ბრძანების საფუძველზე სამთვიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხმყოფელი  სამსახურეობრივი დევნის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლდა სოხუმიდან დევნილი ომის ვეტერანი, თადარიგის მაიორი,  აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას პირადი დაცვის წევრი და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცდანიშნულების რაზმ ,,იუპიტერის” შტაბის ყოფილი უფროსი ზვიად შონია.  გაგრის აღების დროს-1992 წლის 3 ოქტომბერს სეპარატისტებმა  მას მხეცურად დაუხვრიტეს მამა და ბიძა.  ზვიად შონიას აქვს ორი უმაღლესი განათლება და საჯარო სამსახურში მუშაობის 30-წლიანი სტაჟი. ამ ხნის განმავლობაში არასოდეს დაუმსახურებია შენიშვნა კომპეტენციისა და  საქმესთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.
2006 წლიდან ზვიად შონია მუშაობდა დევნილთა უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. ჩვენთვის ცნობილია, მისი ერთგულება და კეთილსინდისიერება საქმის მიმართ. ცნობილია, როგორი შრომა ჩააქსოვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა ქონებრივი ინტერების დაცვის თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვან პროგრამას ,,ჩემი სახლი”.   ძნელად წარმოვიდგენდით, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ სწორედ იგი აღმოჩნდებოდა  უსამართლო დევნისა და საჯარო მოხელისადმი იმ დამოკიდებულების  მსხვერპლი, რომლის გახმოვანების გადაწყვეტილება მიგვაღებინა არამხოლოდ ომის ვეტერანთა ღირსების დაცვის, არამედ  საქართველოში   დემოკრატიული ფასეულობების განვითარების სურვილმაც.  სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული მანკიერი ტრადიციის თანახმად, ადამიანის ბედი კვლავ დამოკიდებულია  ცალკეული ჩინოვნიკების სუბიექტურ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე. მის მიმართ წამოწყებული სამსახურეობრივი დევნის შესახებ მაშინვე ცნობილი გახდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამანტისათვის, რომლებმაც წერილობით შეახსენეს მინისტრს მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე. სამწუხაროდ,   მათი თხოვნა მინისტრმა არ გაითვალისწინა.
სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერის დაჟინებული მოთხოვნით, ზვიად შონიას ახალი წლის საღამოს, 31 დეკემბერსაც კი მიმართეს.  მის კატეგორიულ უარს მოყვა მუქარა, რომ  წამოიწყებდნენ დისციპლინარულ დევნას, რაც გამოიხატა იმ ბრალდებების ფაბრიკაციაში, რომელიც საფუძვლად დაედო მის 2013 წლის 31 იანვრის გათავისუფლების ბრძანებას. მას დისციპლინარულ დარღვევად ჩაეთვალა:
1. დევნილთა უძრავი ქონების რესტიტუციის სამმართველოს პროექტის – ,,ცხინვალის  რეგიონის იძულებით გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების კოსმოსურ სურათების აღრიცხვისა და იდენფიკაციის პროგრამა’’ ნაწილობრივი შეუსრულებლობა. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის № 516 განკარგულების თანახმად, პროექტი მოიწონეს  და მის განსახორციელებლად გამოიყო 64 015 ლარი. მისი მიზანი გახლდათ ცხინვალის რეგიონში განადგურებული ქართული სოფლების არსებული კოსმოსური ფოტოსურათების შედარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე და აგრესიის შემდგომ პერიოდებთან და რეგიონში არსებული მდგომარეობის საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყო 2012 წლის აპრილში. სამმართველომ მისი ხელმძღვანელობით შეასრულა პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო, ათვისებულ იქნა 38 515 ლარი. (და არა 12 000 ლარი, როგორც ეს მითითებულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში).  პროექტის დასკვნითი ეტაპი უნდა განხორციელებულიყო 1 ოქტომბრამდე და მასზე უნდა გახარჯულიყო დარჩენილი 25 500 ლარი.  იგი  ითვალისწინებდა პროექტში მონაწილე დევნილი ბავშვებისათვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემასა და განადგურებული სოფლების ელექტრონული პორტრეტების შექმნას. მან ივლისში  აღნიშნულთან დაკავშირებით   მიმართა დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს კობა გორგოძეს, რომელმაც  მინისტრთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ დევნილი ბავშვების დასაჩუქრება განხორციელებულიყო ცოტა მოგვიანებით,  საზეიმო ვითარებაში – ახალ წელს. ეს ჩაითვალა შესაძლებლად, ვინაიდან მთავრობის განკარგულებაში არ იყო მითითებილი კონკრეტული ვადები და პროექტი უნდა დასრულებულიყო 2012 წლის განმავლობაში.
სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ 2012 წლის დეკემბერში მან დაიწყო პროექტის დასკვნითი ეტაპის ორგანიზება.  ამ მიზნით შეახსენა დეპარტამენტის ამჟამინდელ უფროსს მურად აბლოთიას პროექტის დასრულებლის აუცილებლობაზე, მოამზადა საჭირო დოკუმენტაცია ხელშეკრულებების ჩათვლით, რათა  100 დევნილი  ბავშვისათვის შეესყიდა სასაჩუქრე  წიგნები.  დეპარტამენტის უფროსმა მის მიერ მომზადებული დოკუმენტაციის საფუძველზე წერილობით მიმართა მინისტრ დავით დარახველიძეს პროექტისათვის დარჩენილი თანხის გამოყოფის თაობაზე. თუმცა ბრალდებების შეკოწიწებისა და მის სამსახურიდან გათავისუფლების  სურვილი გაცილებით  უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა, ვიდრე პროექტის დასრულებისა და დევნილი ბავშვების გახარების ვალდებულება. მინისტრმა უარი განაცხადა პროექტის დასკვნითი ეტაპის დაფინანსებაზე.  მიუხედავად იმისა, რომ ახსნა-განმარტებით ბარათში  მან დაწვრილებით განმარტა პროექტის გადავადების მისგან დამოუკიდებელი მიზეზები.  ამდენად,  მინისტრის გადაწყვეტილება პროექტის შეწყვეტის თაობაზე აღმოჩნდა მის  გასათავისუფლებლად განხორციელებული  მიზანმიმართული ქმედება.
2. მეორე დისციპლინარულ დარღვევად აუდიტის სამსახურმა ჩათვალა მინისტრის კობა სუბელიანის მიერ ფოთში მივლენილი თანამშრომლის კახა კეჭაყმაძის სამსახურში გამოუცხადებლობაზე არადროული რეაგირება.  ზვიად შონიას სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი მინისტრის ბრძანებით, მუშაობდა რეგიონებში. მათ შორის იყო კახა კეჭაყმაძე, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი  იგი 2011 წლიდან მუშაობდა და ცხოვრობდა ფოთში. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კახა კეჭაყმაძე თბილისში ჩამოდიოდა და სამინისტროში ცხადდებოდა საჭიროებისამებრ. ამდენად, ფოთში მყოფი თანამშრომლის სამინისტროში   ყოველდღიური გამოცხადების საკითხის აღძვრა და მასში ზვიად შონიას ბრალეულობის ძიება იმ მიზნის განსახორციელებლად მიმართული ქმედება გახლავთ, რომელიც ორიენტირებული იყო  მისი ნებისმიერი მიზეზით  სამსახურიდან გათავისუფლებაზე.
გვსურს გაცნობოთ, რომ მან უკვე მიმართა სასამართლოს  ღირსებისა და სამსახურეობრივი რეპუტაციის აღდგენის მიზნით. თუმცა უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ საკითხზე პირადად თქვენი  რეაგირება.
მოგმართავთ თხოვნით,  ნუ დატოვებთ აღნიშნულ ფაქტს ყურადღების გარეშე. რადგან ეს უკვე ქმნის  იმ საფრთხეებს, რომელმაც შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დააყენოს  ჩვენს ქვეყანაში ვეტერანთა უფლებების  აღდგენისა და  მისი დაცვის პერსპექტივები”, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ,,აფხაზეთის მეომართა კავშირი” თავმჯდომარის მოადგილე, პოლკოვნიკი ზურაბ შამუგია, ,,აფხაზეთის მებრძოლთა კავშირი 20254″-ის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა თოხაძე, აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოსთან არსებული, კონფლიქტში მონაწილე სპეციალური დანიშნულების, მეომართა რეაბილიტაციისა და აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მაშველთა კორპუსი ,,იუპიტერის” წარმომადგენელი პაატა ანთია აწერენ.

სხვა ახალი ამბები: