ოპერაცია “რკინის მილები”- წითლიძის ბრალდებებს ანთია პასუხობს

0

PicMonkey Collageსამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის სახელით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი ანი წითლიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე მორიგ სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს. წითლიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერს ლალი ანთიას ზუგდიდის სოფლებში გაურკვეველი წარმოშობის რკინის მილების მოპარვაში ადანაშაულებს. მისი კრიტიკის ობიექტი ხდება ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაიაც. ორივე ადამიანთან ალიანსში კი სამეგრელოს სამხარეო და ზუგდიდის პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებსაც მოიხსენიებს.

“იმისთვის ვინც არ იცის ვინ არიან ლალი ანთია, კახა მიქაია და დალი ლატარია! იმათთვის ვინც არ იცის რომ ადგილობრივი პოლიცია შეკრულია მათთან და აძლევს მოქმედების თავისუფლებას, რაც არა მარტო დღევანდელი სიტუაციით გამოიხატა, როდესაც 15 კაცის შეჩერება ვერ შეძლო პოლიიცის გაძლიერებულმა შემადგენლობამ.
ესენი არიან ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ანთია მიქაია ლატარიას გარდა შედგება ყოფილი პარტიზანლებისაგან და კრიმინალებისაგან. სამეგრელოს ახალგაზრდულმა საინიციატივო ჯგუფმა არაერთხელ დაასახელა მათი გვარები გია ჭანია, რობერტ გამისონია, სლავიკ ბიგვავა. მათ აქტიურად მფარველობს ზუგდიდის სამხარეო პოლიცია რაზეც მოწმობს ის ფაქტიც რომ გავრცელებლ ინფორმაციას ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სახელმწიფო კუთვნილების მილების მოპარვის თაობაზე, სადაც მითითებულნი იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები ზედმეტსახელად “კორმა” არანაირი რეაგირება პოლიციის მხრიდან არ მოყოლია.
გარდა ამისა ბატონი მიქაია უშუალოდ იყო ჩართული ტყაიის სკოლის დირექტორის დანიშვნის მცდელობაში, როდესაც მაესტროს ჟურნალისტთან ერთად ზეწოლას ახდენდა რესურცენტრის წარმოამდგენლებზე მათთვის სასურველი კადრის დანიშვნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მას “მაესტროს” რეპორტაჟით დაემუქრნენ.

ასევე ვაცხადებთ სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ფლობს ინფორმაციებს ანთია მიქაია ლატარია +პარტიზანლების უკანონო ქმედებეზე ზუგდიდში და ითხოვს სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება მსგავს ფაქტებზე”-წერს საკუთარ გვერდზე წითლიძე.

წითლიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია და ანი წითლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეკვეთილს უწოდებს.

“წითლიძე ძალიან კარგად ვიცი ვის შეკვეთებს ასრულებს, თუმცა თავი მაინც მოვალედ ჩავთვალე საზოგადოებას ვამცნო იმის შესახებ, რასაც მე მომაწერენ. ეს ძირფესვიანად შეთითხნილი თემაა, თითქოსდა მე რაღაცით დაკავშირებული ვიყო ამ მილებთან. მე მეტსაც გეტყვით ამ საკითხზე. ჩემს სოფელში, ოდიში-კალინინის ტერიტორიაზე კომუნისტების დროინდელი მილები ამოჰქონდათ ჯერ კიდევ ოქტომბრის აჩევნებამდე. დამაინტერესა და ვიკითხე თუ ვინ აკეთებდა ამას. მივედი და ადგილზე გავესაუბრე საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილ პიროვნებას, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ დავასახელებ და ვკითხე ამის შესახებ. იცით მან ამაზე რა პასუხი გამცა? ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცისო. ყველაში მან კუდი, სოდი, სამხარეო პოლიცია და გუბერნია იგულისხმა და ჩამოთვალა უწყებები. კიდევ ერთს დავამატებ, კარგად დაფიქრდნენ ყოფილი და ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი პირები და ვაჟკაცურად უთხრან იგივე წითლიძეს და მთელ საზოგადოებას გვარ-სახელებით თუ ვინ აკეთებდა ამას.  მათივე ნათესავები, სხვა ვინ? ისე ძალიან კარგია, რომ ეს თემა წამოწიეს წინა პლანზე. ჩემს წინააღმდეგ იყენებდნენ ვითომ ამ თემას, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ სხვები გაებან ჩემთვის დაგებულ მახეში,”-აცხადებს ლალი ანთია და თუ თავად არ აღიარებენ თავიანთ გაკეთებულს მაშინ ის აუცილებლად დაასახელებს კონკრეტულ პირებს.

ლალი ანთიას განცხადებით, ის უახლოეს ხანებში მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს და პრემიერ ივანიშვილს. “დროა გაცხადდეს მიშას ოინები ჩემთან მიმართებაში, დროა გავაგებინო საზოგადოებას ან რატომ დამიჭირა სააკაშვილის კრიმინალურმა ხელისუფლებამ ან რატომ გამანთავისუფლა შვიდი წლით ადრე, შეთითხნილი დოკუმენტების საფუძველზე. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იმიტომ კეთდება, რომ მე არ შევუსრულე მიშას ის, რის გამოც გამანთავისუფლა მან ციხიდან. აი ეს არის სრული სიმართლე. ამიტომ ისვრიან ტალახს ჩემსკენ და ვითომ რაღაც მილები გამოიგონეს ახლა. სამეგრელოს გუბერნატორმა, თენგიზ გუნავამ მიშას ჩამოსვლის დღეს აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად დამასახელა. დიახ, მე ვიყავი ორგანიზატორი და ვიქნები სულ, რადგან მიშამ გამიმწარა სიცოცხლე და გამომკეტა ციხეში. მერე კი ისეთი სამედიცინო დიაგნოზით გამათავისუფლა, რომ ერთი კვირაც არ უნდა ვყოფილიყავი ცოცხალი. გამათავისუფლა რადგან ისევ გამოვეყენებინე სათავისოდ, მაგრამ ამაში მწარედ მოტყუვდნენ და ახლა შურისძიებისგან ჭკუაზე არ არიან, მაგრამ ვაი რომ მიშას მზე უკვე ჩაესვენა,”-აცხადებს ლალი ანთია და დასკვნის სახით დასძენს, რომ უახლოეს მომავალში ამ და სხვა სენსაციურ ამბებს სწორედ მისგან გაიგებს მთელი საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი. სწორედ აქ გააცხადებს ლალი ანთია მისი დაკავებისა და მოულოდნელი გათავისუფლების ძირითად მიზეზებს, მანამდე კი ზედმეტი კომენტარებისგან ის თავს იკავებს.

სხვა ახალი ამბები: