ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა იგეგმება

0

saz centri2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სოფლის სახლებში იქნება იგივე სერვისები და უფრო მეტი, ვიდრე იუსტიციის სახლებში.

“ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ, 2015 წელს 13 სოფელში აშენდეს ე.წ. სოფლის სახლები – საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს. დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლები შევარჩიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანარჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, წელს იუსტიციის სახლების მშენებლობაც გაგრძელდება და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს მოხდება მთიან რაიონებში, კერძოდ ყაზბეგში, თიანეთსა და ბორჯომში.