პაატა ქარდავას ოჯახის წევრები თენგიზ გუნავას ადანაშაულებენ

0

guunaavaaსამეგრელო ზემო სვანეთის მხარის პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ აღნიშნული სააგენტო მთავრობისაა და მის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებს.

“კონკრეტულად თქვენს სააგენტოს არ ვაძლევ კომენტარს, რადგანაც აგორებთ შავ პიარს. თქვენ ხართ ხელისუფლების მიერ მართული სააგენტო და ამიტომაც თქვენ ჩემგან კომენტარს ვერ მიიღებთ”-აცხადებს თენგიზ გუნავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სამეგრელოს პოლიციის ყოფილ უფროსს პაატა ქარდავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. ცნობისათვის, თენგიზ გუნავა იმ წლებში, როდესაც ქარდავას მკვლელობა მოხდა სამეგრელოს სამხარეო პოლიციას ხელმძღვანელობდა. თავად მკვლელობის მონაწილეებად კი “კუდის” უფროსთან რომა შამათავასთან ერთად სამხარეო პოლიციის თანამშრომლებიც ფიგურირებენ.

პრესასთან კომენტარს აკეთებენ პაატა ქარდავას ოჯახის წევრები. ისინი აცხადებენ, რომ მაშინდელი სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიის გუნავა არწმუნებდა, რომ პაატა ქარდავა არ შეიძლებოდა ვინმეს მოეკლა, მითუმეტეს სამართალდამცავი სტრუქტურებიდან. გარდაცვლილის დედა თენგიზ გუნავას მის მოტყუებაში ადანაშაულებს და ამასთანავე აპროტესტებს მის მონაწილეობას რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ქარდავას ოჯახის წევრები თენგიზ გუნავას ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს კანდიდატურის მოხსნისკენ მოწოდებენ. 

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერ პაატა ქარდავას ახლობლები 2008 წლის 27 აგვისტოდან ეძებდნენ. მისი კვალი ზუგდიდის ფოსტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრა. მოგვიანებით კი დაკარგულის მანქანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში აღმოაჩინეს.

საზარელი შემთხვევის დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. უწყებამ გაუჩინარებული ოფიცრის რეზონანსული საქმე გახსნილად გამოაცხადა. გამოძიების ცნობით, რომან შამათავამ 2008 წლის აგვისტოს ბოლოს პაატა ქარდავას გატაცება და ბათუმში ჩაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა. მითითებულმა პირებმა კი, დავალების შესრულების შემდეგ, გატაცებული ოფიცერი ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში შამათავასა და მის თანამზრახველებს გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კუდ-ის ექსმაღალჩინოსანმა შამათავამ ბორკილებდადებული და თვალებახვეული ქარდავა ბათუმის პორტთან მიიყვანა, ფეხზე ბეტონის ნატეხი მოაბა, აჭარის კუდ-ის სამმართველოს კუთვნილებაში არსებულ მოტორიან ნავში ჩასვა და სიღრმეში გაიყვანა. დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილის გავლის შემდეგ კი, რომან შამათავამ, გამოძიების ინფორმაციით, პაატა ქარდავა ერთი გასროლით მოკლა და ცხედარი ზღვაში ჩააგდო.

სხვა ახალი ამბები: