“პატრიოტების” შეხვედრებს ზუგდიდში ხმაური მოჰყვა (VIDEO)

1

010საზოგადოებრივი მოძრაობა “პატრიოტების” პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ხმაურით დაიწყო. მიზეზი კი არასამთავრობო ორგანიზაცია დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერების პროტესტი იყო, რომლებიც “პატრიოტების” ლიდერებს არასრულწლოვანების გამოყენებაში სდებდნენ ბრალს. როგორც ისინი აცხადებდნენ, ახალგაზრდები რომლებიც smo.ge-ს ვიდეოკამერამაც დააფიქსირა ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იყვნენ, რომლებიც ღონისძიებაზე დაიბარეს, თუმცა რა ღონისძიებაზე იყო საუბარი ამაზე გარკვეულნი ბოლომდე არ იყვნენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა მეათე საშუალო სკოლის მოსწავლეები “პატრიოტების” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლემ გოგი ხოჭოლავამ ორგანიზაციის ლიდერებთან შეხვედრაზე დასასწრებად თავად მოიწვია და აქვე განაცხადა, რომ ისინი არასრულწლოვნები სულაც არ არიან. ხოჭოლავას მეგობრების არა, მაგრამ თავად მისი ასაკი ადგილზე გაირკვა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს 19 წლის აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა გოგის მეგობრები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას არ დასწრებიან.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ქარდავამ “პატრიოტებს” ხმამაღლა განუცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დრო სამეგრელოში დამთავრდა, რამაც დარბაზში ხმაური უფრო გაამძაფრა.სწორედ ამ მიზეზით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის თანამშრომელმა ეკატერინე მინჯორაიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ამით მდგომარეობა განიმუხტა, თუმცა “პატრიოტების” შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები შემორჩნენ. შეხვედრა ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა რის შემდეგაც პატრიოტები ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიის მოსახლეობასთან შესახვედრად გაემართნენ.

ანაკლიაში “პატრიოტებს” ადგილობრივი მხარდამჭერები დახვდნენ, თუმცა მოგვიანებით მათ ის ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ზუგდიდში მათი შეხვედრა გააპროტესტეს. ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი მაზმანიანმა იმავე სახეების გამოჩენა სოფელ ანაკლიაში მათზე დევნად შეაფასა და მხარდამჭერებს შეხვედრის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ანაკლიის სამომავლო გეგმებსა და შეჩერებულ პროექტებზე საუბარი მანამ გაგრძელდა, სანამ ანაკლიაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია არ გამოჩნდა. ამის შემდეგ “პატრიოტების” ლიდერები ხალხს დაემშვიდობნენ, მანქანებში ჩასხდნენ და სოფელიც დატოვეს.

ლალი ანთიამ პრესასთან განაცხადა, რომ ის იქვე ახლოს ღონისძიებას ესწრებოდა და ანაკლიაში მიმდინარე შეხვედრითაც დაინტერესდა. მის დაინტერესებას კი მისივე შეფასებებიც მოჰყვა.

“სტუმარს კარგად უნდა დავხვდეთ. საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ მიშას მომხრეებს 12 კაცი ხვდება ანაკლიაში. საგანგაშო ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს მხარდამჭერები ფაქტიურად არ ჰყავს სამეგრელოში და ანაკლიაში მხოლოდ მისი ბორდელის მუშაკები ხვდებიან. მიშას დრო სამეგრელოში დასრულდა”-განაცხადა ლალი ანთიამ.

სხვა ახალი ამბები: