პატრისია კაასის მსოფლიო ტურნე დღეს თბილისში დასრულდება

0

kaas“კაასი მღერის პიაფს”, – ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც ცნობილი ფრანგი მომღერალი პატრისია კაასი თბილისის საკონცერტო დარბაზში წარადგენს.
პროექტი მომღერლის 2012 წლის ჩანაწერია, პატრისია კაასმა ამ პროექტისთვის ედიტ პიაფის საუკეთესო ჰიტები შეარჩია. ალბომში სულ 21 კომპოზიციაა შესული. მათ შორის, ედიტ პიაფის ისეთი ჰიტები, როგორიცაა “Padam, Padam”, “Non, Je ne regrette rein”, “La vie en rose” და სხვები.

როგორც პატრისია კაასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის იდეა მას მეგობრებმა და ახლობლებმა შესთავაზეს და მიზეზი, რის გამოც ეს პროექტი შეიქმნა, ედიტ პიაფის გარდაცვალების 50 წლისთავი იყო, რომელიც 2013 წელს აღინიშნა.

“ჩემი მეგობრები მიიჩნევდნენ, რომ მზად ვიყავი შემესრულებინა ედიტ პიაფი, ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, რადგან პიაფის შესრულებას სჭირდება ცხოვრებისეული გამოცდილება. ამ პროექტის განხორციელების დროს მინდოდა ისეთი შოუ დამედგა, რომელიც იქნებოდა 21-ე საუკუნის და არა პიაფის ცხოვრების პერიოდის გამეორება”, – განაცხადა პატრისია კაასმა.
ამასთან, მომღერლის თქმით, დღეს მის შოუში პიაფის ჰიტების გარდა ქართველი მსმენელი მოისმენს მისი უშუალო რეპერტუარის 6 სიმღერას. კონცერტის ორგანიზატორთა განცხადებით, პატრისია კაასი თავისი მსოფლიო ტურნეს სწორედ თბილისში დაასრულებს.

სხვა ახალი ამბები: