პაციენტის უფლებები და მათი რეალიზაციის გზები

0

10617343_709883129046940_1645528950_nსაქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და იცვლება ჯანმრთელობის დაზღვევის, სამედიცინო მომსახურების მიწოდების სისტემები. 

ახლახანს შემოღებულმა საყოველთაო დაზღვევამ ზედმიწევნით გააფართოვა თითოეული მოქალაქის შესაძლებლობები, მეტი შანსი მისცა მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად.

ამავე დროს, ამ შესაძლებლობების რეალიზაცია, მათი გამოყენება აუცილებლად მოითხოვს მომხმარებლის (პაციენტის) აქტიურობას. ზოგადად მომსახურების, მათ შორის სამედიცინო მომსახურების, სისტემა თავისთავად ხისტი, სტატიკური ფენომენია, ის თავად არ მიდის მომხმარებელთან/პაციენტთან; გარკვეულ სიტუაციებში თვითონ პაციენტმა უნდა მიაკითხოს სისტემას, „დაუკაკუნოს“ კარზე, მოითხოვოს და სრულად მიიღოს ის, რაც მისთვის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ცხადია ამისათვის პაციენტმა უნდა იცოდეს სად „დააკაკუნოს“, ვის მიმართოს და რა პირობებით, რა უნდა მოითხოვოს, რისი მიღების უფლება აქვს, ვინ და როგორ უნდა გადაიხადოს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების საფასური და ა.შ.; ანუ პაციენტი თავად უნდა იყოს გარკვეული მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებში.

 

სწორედ აქ იჩენს თავს დისბალანსი კანონით დადგენილ უფლებებსა და თითოეული მოქალაქისთვის მათი გამოყენების შესაძლებლობას შორის. ჯანდაცვის სფეროში საზოგადოების „სამართლებრივი გაუნათლებლობის“ პრობლემა უკლებლივ ყველა ქვეყნის ხვედრია და გულისხმობს სამედიცინო პერსონალის, მედიის, თავად პაციენტების ნაკლებად ინფორმირებულობას სამედიცინო მომსახურების საკითხებში. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოა. ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში ცალკე სპეციალობაც კი არსებობს – „პაციენტთა განათლების სპეციალისტი“, რომლის ფუნქცია სწორედ მოქალაქის განათლება, მისი გათვითცნობიერებაა სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზაციულ საკითხებში, თავად სამედიცინო დახმარების პროცესის კანონმდებლობით დადგენილ თავისებურებებში.გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციისთვის? ამასთან, უფლებებში იგულისხმება როგორც ინდივიდუალური (იხ. ქვემოთ), ისე სოციალური უფლებები (სამედიცინო მომსახურების ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა) .

მიზნის მიღწევის მნიშვნელოვანი საშუალებაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ერთობლივი ძალისხმევა.
ზემოხსენებულის კარგი მაგალითია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მოქმედი „ცხელი ხაზი“ (ტელეფონის ნომერი – 1505, ზარი უფასოა). „ცხელი ხაზის“ მეშვეობით მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების პირობების შესახებ (სად, როგორ, რა ღირს, ვინ უნდა გადაიხადოს და ა.შ.) .
იმავე მიზანს ისახავს არასამთავრობო სექტორის, სახელდობრ, საქართველოს ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოების პროექტი „პაციენტის ცხელი ხაზი“, რომელიც „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში მოქმედებს:
• პაციენტის ცხელი ხაზი (ტელ.: 2103003, ზარი უფასოა),
• ვებგვერდი (www.pacientsright.ge),
• ფეისბუქი („პაციენტის უფლებები“) www.facebook.com/pacientsrights
მოხსენიებულის გამოყენებით მოქალაქეს შეუძლია მეყსეულად მიიღოს:
ა) მისთვის საჭირო სრული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ;
ბ) ამომწურავი რჩევები მისი ჯანმრთელობისა და მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების კონკრეტული პრობლემების მოგვარების თაობაზე;
გ) დახმარება მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად (პაციენტის უფლებების ექსპერტის, იურისტის დახმარებით).
საზოგადოებას პაციენტის ცხელი ხაზით უკვე მომართა 1600–ზე მეტმა მოქალაქემ, ფეისბუქით გამოეხმაურა 7700–ზე მეტი მოქალაქე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც უნდა გაესვას ხაზი შემდეგია: სამედიცინო დახმარების ფუძემდებელ პრინციპებს შორის ერთ–ერთია ე.წ. „თერაპიული ალიანსი“. ის გულისხმობს პაციენტის თანამონაწილეობას მკურნალობასთან, დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. პაციენტი არამხოლოდ შემსრულებელი უნდა იყოს ექიმის მითითებებისა, ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ექიმის მიერ რეკომენდებული სადიაგნოზო და სამკურნალო ღონისძიებების შერჩევაში აქტიური მონაწილეობა, ამ ჩარევების შედეგების, გამოსავლების შესახებ პაციენტის ინფორმირებულობა წარმატებული სამედიცინო მომსახურების და პაციენტის კმაყოფილების მნიშვნელოვანი წინაპირობებია.
საქართველოს კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს:
• ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე პაციენტის თანხმობას;
• თანხმობის მიღებამდე პაციენტისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის (ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით) მიწოდებას;
• პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას (ზოგიერთი გამონაკლისის გათვალისწინებით);
• პაციენტისათვის მეორე აზრის მოძიების, სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის არჩევის შესაძლებლობის მიცემას.
ეს ჩამონათვალი არასრული ნუსხაა ე.წ. „პაციენტის ინდივიდუალური უფლებებისა“ მათ შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღება აგრეთვე შესაძლებელია ზემოთ მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციის პაციენტის ცხელი ხაზის მეშვეობით.
ამრიგად, ამ მიმართულებით მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანი ერთია – მოქალაქის განათლება და მისი გააქტიურება, მისთვის ხელშეწყობა სამედიცინო დახმარების პასიური მიმღებიდან, სხვაზე დამოკიდებული სუბიექტიდან თავისი უფლებების მცოდნე და, შესაბამისად, მომთხოვნ სუბიექტად ტრანსფორმირებაში.
პაციენტის უფლებების დაცვის რეალიზაციის პრობლემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წახნაგი აქვს, სახელდობრ – თავად სამედიცინო პერსონალის სურვილი და შესაძლებლობა დაიცვას ეს უფლებები. საამისო მოტივაციის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამედიცინო პერსონალის განათლება, ცოდნა ზემოთ მოხსენიებული საკითხებისა, არამედ ის სამუშაო გარემოც, სადაც ჯანდაცვის პროფესიონალებს უხდებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალი სათანადოდ იქნეს მოტივირებული, კეთილგანწყობილი იყოს პაციენტის მიმართ, განუხრელად იცავდეს როგორც საკანონმდებლო ნორმებს, ისე სამედიცინო ეთიკის პრინციპებს, აუცილებელია თავად სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელების სათანადო განათლება და მონდომება. ისინი უნდა ზრუნავდნენ სამედიცინო პერსონალისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნასა და მათი ადეკვატური ანაზღაურებით უზრუნველყოფაზე.
არაადეკვატური სამუშაო პირობები და ორგანიზაციული ხარვეზები ხშირად უარყოფითად მოქმედებს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობაზე. ბიზნესინტერესებს „შეწირული“ პაციენტისათვის, მის მიერ სამედიცინო მომსახურებისას რაიმე ნაკლის დაფიქსირებისას, დამნაშავე ყველაფერში ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალია. ამას თან სდევს ე.წ „თავდაცვითი მედიცინის“ პრაქტიკა, რაც ისევ და ისევ პაციენტისთვის არის წამგებიანი.
ერთი სიტყვით, პაციენტის უფლებების დაცვა, სამედიცინო მომსახურების ადეკვატური ხარისხის უზრუნველყოფა მულტიფაქტორული პრობლემაა, მრავალი წახნაგს მოიცავს. მის გადასაწყვეტად მთელი საზოგადოების ძალისხმევაა საჭირო, რამეთუ საზოგადოების თითოეული წვერი შეიძლება გახდეს პაციენტი; ამდენად, სწორედ ის უნდა იყოს დაინტერესებული სისტემის გაუმჯობესებით.
გიორგი ხუხია

 

სხვა ახალი ამბები: