პრაზიდენტის რეზიდენცია კერძო პირზეა გაფორმებული

0
cimg1630გაზეთ „ვერსიის” ინფორმაციით, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია კერძო პირზეა გადაფორმებული.
მისივე მონაცემებით, საქართველოს ყოფილმა  ხელისუფლებამ დედაქალაქში მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კერძო პირზე გადააფორმა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
საჯარო რეესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის ეკა ერგემლიძის განმარტებით, საჯარო რეესტრს პრეზიდენტის რეზიდენციის მფლობელის შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების   უფლებამოსილება არ აქვს, რადგან ინფორმაციას პრეზიდენტის სასახლის შესახებ გრიფი „საიდუმლო” ადევს.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის, სამთავრობო რეზიდენციებისა და სხვა მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების შესახებ განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კატეგორიას და ადევს გრიფი „საიდუმლო”. საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონებით, მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს და განასაჯაროვოს „საიდუმლოს” მიკუთვნებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ანუ ინფორმაცია ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ”,- განაცხადა ერგემლიძემ.
როგორც „ვერსიის” სტატიაშია აღნიშნული, კანონით, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის” ბალანსზე უნდა ირიცხებოდეს, თუმცა ირკვევა,  რომ 2012 წლის 24 დეკემბერს შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის” რეგისტრაცია გაუქმდა. კონკრეტულად რომელი უწყების ბალანსზე გადავიდა პრეზიდენტის რეზიდენცია, ან რა ტიპის საწარმო დაფუძნდა ამ შპს-ის ლიკვიდაციის შემდეგ მის ბაზაზე , უცნობია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქში არსებული საპრეზიდენტო რეზიდენცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა და მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. აღნიშნული  პროექტის ავტორი არქიტექორი გიორგი ბათიაშვილია, თუმცა ნაგებობას საბოლოო სახე იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა. პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა.

სხვა ახალი ამბები: